უთანასწორო ბრძოლა ინფორმაციის მოსაპოვებლად

უთანასწორო ბრძოლა ინფორმაციის მოსაპოვებლად

საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით აქვთ მინიჭებული უფლება მოითხოვონ და მიიღონ ინფორმაცია, თუკი ის რაიმე საიდუმლოებას არ შეიცავს. მოქალაქეებზე ინფორმაციის მოპოვების უფლება აქვს სახელმწიფოსაც, რომლის მოქმედებასაც, ბუნებრივია, კანონმდებლობა განსაზღვრავს. თუმცა სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ არაერთხელ გამოთქმულა ეჭვი, რომ ინფორმაციის მოსაპოვებლად კანონის ჩარჩოებს სცდებიან. ამასთან, საქართველოში პრობლემად რჩება საჯარო ინფორმაციის მიღება, რომლის მაძიებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ, ერთმანეთზე ინფორმირების მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლები დანარჩენ მოქალაქეებს ჯერჯერობით დიდი ანგარიშით ამარცხებენ.

ოფიციალურ ნუსხაში იმ ფიზიკური პირებისა, რომლებმაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, შემოწირულების სახით, 2010 წელს, საერთო ჯამში, მილიონ-ნახევარ ლარზე მეტი გადაურიცხეს, მაგალითად დასახელებულია გაგრიდან დევნილი მოქალაქე, რომელსაც დროებით საცხოვრებლად მითითებული აქვს “დიღმის მასივი, ლოკომოტივი” და მმართველი პარტიისთვის 30 ათასი ლარი შეუწირავს. მის მიმართ და ამავე ნუსხაში შეტანილი კიდევ არაერთი მოქალაქისადმი შესაძლოა ეჭვი გასჩენოდა კონტროლის პალატას, თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებით დაინტერესებას გადაწყვეტდა და, რაც მთავარია, 2 წლის წინ ექნებოდა ის უფლებამოსილება, რომელიც პარლამენტმა 2 თვის წინ მიანიჭა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონის შეცვლით. სწორედ ახალი უფლებამოსილებით ისარგებლა კონტროლის პალატამ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ”ქართული ოცნებისთვის” თანხის შემწირველი მოქალაქეები დაიბარა, ფინანსურ შესაძლებლობებზე დეტალური ახნა-განმარტებები მოსთხოვა და შემდეგ საჯაროდაც გაავრცელა. გასული წლის ბოლოს, როდესაც პარლამენტი ამ კანონის ცვლილებათა პროექტის განხილვას იწყებდა, ”პოლიტიკაში სუფთა ხელებით მოსვლის” აუცილებლობაზე საუბრობდა ერთ-ერთი ინიციატორი უმრავლესობიდან, პავლე კუბლაშვილი. მისი თქმით, პოლიტიკოსები თავად უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, რომ ”მათი ფინანსების შესახებ აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს საზოგადოებას.” მმართველი გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი კი კანონის მთავარ მოტივად ასახელებდა არა შეზღუდვებს, არამედ ამომრჩევლების მიმართ პოლიტიკური პარტიების ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა ამ განცხადებებში, ზოგადად, სადავო არაფერია, ისევე როგორც იმაში, რომ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების, მისი ინფორმირების და გამჭვირვალობის პრინციპები მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებზე არ ვრცელდება. გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული უნდა იყოს ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და საჯარო მოხელეც.

ქვეყნის მოქალაქეები - ძირითადად, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები - საკმაოდ ხშირად ინტერესდებიან ამა თუ იმ შინაარსის საჯარო ინფორმაციით, მათ შორის იმითაც, რა შემოსავალი აქვთ მინისტრებს ან თანამდებობის სხვა პირებს ხელფასის, დანამატებისა და პრემიების სახით. უმეტეს შემთხვევაში, მსგავსი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა ან საერთოდ იგნორირებულია, ან მიღებულ პასუხში დასახელებულია სამინისტროს თანამშრომლების საერთო დაფინანსება. არსებობს ისეთი პასუხიც, რომლის ავტორები კონსტიტუციას იშველიებენ და თანამდებობის პირის მიერ ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას პირად საიდუმლოდ აცხადებენ. მსგავსი პასუხები არაერთხელ მიუღია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს. მისი პროექტის ”საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის” კოორდინატორი, იურისტი სერგი ჯორბენაძე განმარტავს, რომ კონსტიტუციის ზოგადი ნორმების ინტერპრეტაცია მართლზომიერების ფარგლებში უნდა ხდებოდეს და, რაც მთავარია, არსებობს კონკრეტული კანონი, რომელიც სწორედ თანამდებობის პირებს ეხება.

”თანამდებობის პირებზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილი ამბობს, რომ მათ შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას განეკუთვნება, არის საჯარო. არავის აქვს უფლება, ეს ინფორმაცია დამალოს” - შენიშნავს სერგი ჯორბენაძე.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლების იგნორირებაზე ლაპარაკობს არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი, იურისტი კახა კახიშვილიც. მისი თქმით, ერთია ადამიანის პირადი საიდუმლოების უფლების დაცვა და სულ სხვა - საჯარო მოხელის. ”იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს უნდა პირადი ინფორმაციის დაცვა, უარი თქვას თანამდებობაზე, საჯარო მოხელეობაზე, წავიდეს სახლში და მის ინფორმაციას არავინ გაეცნობა. პრემიებზე ინფორმაციას როცა ითხოვ, თურმე ეს არის ჩინოვნიკის პირადი ინფორმაცია და ვერ გასცემენ. ასეთი მანკიერი პრაქტიკა ძალიან კარგად არის დამკვიდრებული სახელისუფლებო მანქანაში - ზუსტად ის, რასაც დღევანდელი ხელისუფლება 2003 წლამდე ებრძოდა. ამ პრაქტიკას აგრძელებს სასამართლო და ხშირ შემთხვევაში, როდესაც ასაჩივრებ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის უარს, მის არგუმენტებს სასამართლოც იმეორებს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას კახა კახიშვილმა.


საჯარო ინფორმაციის გამო სასამართლო დავის სახელმწიფოს სასარგებლოდ დასრულების პრაქტიკაზე ლაპარაკობს სერგი ჯორბენაძეც, მათ შორის შემთხვევაზე, რომელსაც, იურისტის შეფასებით, შესაძლოა, მსოფლიოში ანალოგი არც ჰქონდეს. კერძოდ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსგან გამოითხოვა 2011 წლის პირველი კვარტალის ინფორმაცია, მათ შორის პრემიების შესახებაც, თუმცა პასუხი არ მიუღია. მოგვიანებით სამინისტროს გაუგზავნეს განსხვავებული შეკითხვები, რომელიც უკვე მეორე კვარტალს შეეხებოდა, პირველზე უარი კი სასამართლოში გაასაჩივრეს. მოპასუხე მხარემ, სამინისტრომ, წარადგინა წერილი მეორე კვარტალის თაობაზე, რომელიც, სერგი ჯორბენაძის თქმით, დავის საგანს არ წარმოადგენდა. ”მოსამართლემ გვკითხა, ვცნობთ, თუ არა ამ დოკუმენტს. ვუთხარით, რომ არა, რადგან ეს არ ეხება იმას, რაზეც საჯარო ინფორმაციას ვითხოვთ. სამინისტროს წერილში პირდაპირ წერია, რომ ეს არის მეორე კვარტალი, მაგრამ მოსამართლემ მოწინააღმდეგე მხარეს მაინც ჰკითხა, არის თუ არა ეს პირველი კვარტალის მონაცემები. სამინისტროს წარმომადგენელმა მოითხოვა შესვენება, გადარეკა და შემდეგ თქვა, სავარაუდოდ, მოიცავსო”, - უამბო რადიო თავისუფლებას სერგი ჯორბენაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი პასუხის საფუძველზე მოსამართლემ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია პირველ კვარტალზეც გაცემულია, თან -სრულყოფილად. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა, რადგან, იურისტ სერგი ჯორბენაძის შეფასებით, ეს საქმე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათი ორგანიზაციის, არამედ სასამართლო პრაქტიკისთვისაც, კერძოდ, იმისთვის, რომ პრაქტიკა ამ მიმართულებით არ განვითარდეს. თუმცა ერთი თვის წინ სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო სწორი იყო და მისი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამჟამად ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში იმაზე ფიქრობენ, გაასაჩივრონ თუ არა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში. როგორც სერგი ჯორბენაძე ამბობს, ”ბოლო 3 წლის განმავლობაში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში ერთადერთი საქმე მიიღო და გამოიტანა განჩინება, რომელსაც ყველა იმეორებს. განჩინებაში აღნიშნულია, რომ თუ ორგანიზაციას არ აქვს დამუშავებული კონკრეტული ინფორმაცია, ვერავინ მოსთხოვს დამუშავებას. ეს არის აბსურდი, იმიტომ რომ მაშინ ვის ეკისრება ვალდებულება?!”