ბურების ჩუმი შემობრუნება

ბურების ჩუმი შემობრუნება

“ყოველდღე ვნერვიულობთ, დაგვიტოვებენ თუ არა ჩვენ მიწას, ჩვენი მთავრობა ჩვენზე არ ზრუნავს”, - განაცხადა ამ რამდენიმე თვის წინათ საქართველოში ჩამოსულმა ერთ-ერთმა ბურმა, კოსი მიულერმა. საქართველოს მთავრობა ბურებს მხარდაჭერას უკვე კარგა ხანია ჰპირდება. მათ, მიწასთან ერთად, უსაფრთხოებასაც სთავაზობენ, რაც სამხრეთ აფრიკაში დიდი ხანია აღარ აქვთ.

საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი გლეხების პრობლემები სულ ფეხებზე ჰკიდია, სანდრასტომელ ბურებს თავზე ევლება. აგერ ახლაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია გარდაბნის რაიონში სამხრეთაფრიკელი ფერმერების (ბურების) მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთებს მოინახულა. იგი გაეცნო სარწყავ სისტემა “ცენტრალურ პივოტს”, რომელსაც სამხრეთ აფრიკაში აქტიურად იყენებენ.  

სამხრეთაფრიკელი ბური ფერმერების საქართველოში ბიზნესის წარმოება და ინვესტიციების დაბანდება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული პროექტის ფარგლებში ხორციელდება. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეროვნულ აგრარულ კავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის, რომელსაც დავითაია წარმოადგენდა, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. 

პროექტის ფარგლებში საქართველოს 120-მდე ბური ფერმერი სტუმრობდა, მათგან 25-მა დაარეგისტრირა ბიზნესი საქართველოში, რამოდენიმე ფერმერმა კი უფრო მსხვილი ინვესტიციების განსახორციელებლად კონსორციუმი შექმნა. ამჟამად საქართველოში 10 ბური ფერმერი საქმიანობს, რომლებმაც თავიანთი ინვესტიცია ჩადეს ამ სექტორში. ბური ფერმერები ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და კახეთის რეგიონში ეწევიან ფერმერულ საქმიანობას.

შარშან ამ დროს, ბურების ჩამოსახლების თაობაზე დიდი ამბავი იყო ატეხილი. საზოგადოების პროტესტი მიუხედავად, ბურებს საქართველოში აქტიურად ეპატიჟებოდნენ. ისინი ვიზიტით რამდენჯერმე ჩამოვიდნენ, მათ შორის კახეთშიც. 
პირველი შთაბეჭდლება ბურებს იმთავითვე არ ეჭაშნიკათ. საქართველოს რეგიონებში დანგრეულმა შენობებმა, სიღარიბემ და განუვითარებელმა ინფრასტრუქტურამ ბურებს იმედები გაუცრუა. კოსი მიულერის განცხადებით, საქართველოში ფერმების შესაქმნელად უნდა გადაწყდეს ინფრასტრუქტურის კრედიტის და დაზღვევის პრობლემები.

“აქ ყველაფერი ნულიდანაა დასაწყები. მთავრობას ბევრი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი, რათა მათი შემოთავაზება რეალური გახდეს. არ მგონია, რომ ეს ამ სეზონში მოხერხდეს”, - აღნიშნავდა მიულერი.

თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ბურებს პირველმა შთაბეჭდილებამ თანდათან გაუარა და ზოგიერთმა საქართველოში დამკვიდრება უჩუმრად დაიწყო. 

“საჯარო რეესტრის თანამშრომლებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ ბურებმა კახეთში 3 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთი იყიდეს. ასევე, ბურებმა ლაგოდეხში ჭიაურის ტყის დიდი ნაწილიც შეიძინეს”, - 2011 წლის მიწურულს კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა სოფლის მეურნეობის ექსპერტმა პაატა კოღუაშვილმა.

“ეს ინფორმაცია ძალიან გასაიდუმლოებულია. ერთი პერიოდი თითქოს ეს პროცესი შეჩერდა, მაგრამ ვიცოდი, რომ გაგრძელდებოდა. მართლაც, ბურების მიერ მიწების შესყიდვის პროცესი ძალიან აქტიურად დაიძრა”, - აღნიშნა კოღუაშვილმა.
ბურების მიერ ჭიაურის ტყის ნაწილის შესყიდვას კატეგორიულად უარყო კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა. “რა სისულელეა. ჭიაურის ტყე დაცული ტერიტორიაა. რომელ გასხვისებაზეა ლაპარაკი. ეგ არის სიზმარი. თავისუფალი მიწა, რომელსაც მოსახლეობა არ ფლობს, პრივატიზებული არ არის და სახელმწიფო სექტორშია დარჩენილი, აუცილებლად გაიყიდება, მაგრამ ბური იყიდის თუ ვინმე სხვა, ამას მხოლოდ და მხოლოდ საჯარო რეესტრით გავაკონტროლებთ”, - განაცხადა სიბაშვილმა.

სამხრეთ აფრიკული პრესის ცნობით, დღეისათვის სამოცამდე ბურ ფერმერს აქვს გადაწყვეტილი გადმოსახლდეს საქართველოში ან სამხრეთ აფრიკიდან მართოს აქ საკუთარი ბიზნესი. 2012 წლიდან, საქართველოს მთავრობამ ბურებისთვის უკვე ჩაუშვა ინტერნეტ-გვერდი - “სამხრეთ აფრიკელი ფერმერები საქართველოში”. www.boers.ge საქართველოში გადმოსახლების მსურველ ბურ ფერმერებს, ონლაინ რეჟიმში აძლევს საშუალებას პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად მიმართონ. 
აპლიკანტმა ამისთვის 36 კითხვას უნდა უპასუხოს. მთავრობას აინტერესებს აპირებს თუ არა აპლიკანტი ბიზნესის საქართველოში გადმოტანას; როგორია მისი ბიზნესის წლიური ბრუნვა და შემოსავალი; ოჯახის რამდენი წევრი აპირებს გადმოსახლებას და სურს თუ არა მიწის შერჩევაში მთავრობის დახმარება. რამდენმა ბურმა მიმართა საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის მისაღებად ან მიმართა თუ არა საერთოდ, უცნობია. ამ თემაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ.