მზღვეველებმა ექიმებს და აფთიაქარებს დაარტყეს

მზღვეველებმა ექიმებს და აფთიაქარებს დაარტყეს

აქამდე ჰარმონიულად მომუშავე ფარმაცევტულ და სადაზღვევო კომპანიებს შორის შავმა კატამ გაირბინა. პირველი შეტევა მზღვეველებმა განახორციელეს. როგორც ჩანს, ეს ამბავი მარტივად არ მოგვარდება.

სადაზღვევო ბაზრის ლიდერები - “ალდაგი” და “არქიმედეს გლობალ ჯორჯია” - ექიმებისა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არალეგალურ გარიგებაზე საუბრობენ და მიაჩნიათ, რომ ზოგჯერ სამედიცინო პერსონალი არაკეთილსინდისიერად იღებს დამატებით არალეგალურ შემოსავალს ფარმაცევტული კომპანიებისგან, რათა ზედმეტი წამალი დანიშნონ.

სადაზღვევო კომპანიებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის დაპირისპირება ახალ ფაზაში შედის. კერძოდ, ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშის “ალდაგის” შემდეგ ექიმებს და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არალეგალურ გარიგებებზე “არქიმედეს გლობალ ჯორჯია” საუბრობს.

“არქიმედეს” დირექტორის თქმით, ჯანდაცვის სექტორში არსებობს ტენდენცია, როდესაც ექიმები რომელიმე კონკრეტული ბრენდული მედიკამენტის გაყიდვით არიან დაინტერესებულები და ფარმაცევტული კომპანიებისგან წახალისების ფონზე ზედმეტ წამალს ნიშნავენ. ნიკა რამიშვილის თქმით, მსგავსი შემთხვევის აღმოჩენისას “არქიმედე” აქტების შედარების საფუძველზე ექიმს გაწეული მომსახურების ღირებულებას არ ურიცხავს. თუმცა, რამიშვილის მტკიცებით, რეცეპტით გამოწერილი მედიკამენტები დაზღვეულს ნებისმიერ შემთხვევაში უნაზღაურდება.

აღნიშნულ საკითხზე განცხადება სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთმა ლიდერმა “ალდაგმა” წინა კვირას გააკეთა. “ალდაგში” თვლიან, რომ ზოგჯერ სამედიცინო პერსონალი არაკეთილსინდისიერად იღებს დამატებით არალეგალურ შემოსავალს ფარმაცევტული კომპანიებისგან, რათა ზედმეტი წამალი დანიშნონ.

სადაზღვევო კომპანია “იმედი ელშიც” აცხადებენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე ცალკეულ ექიმებს და აფთიაქებს შორის მსგავსი შეთანხმებები მართლაც არსებობს. თუმცა, ამ პრობლემის მასშტაბურობას უარყოფს. კომპანიის წარმომადგენლის ლაშა ნიკოლაძის განცხადებით, არალეგალური შემოსავლების მიღების მიზნით ძვირადღირებული მედიკამენტების და ზედმეტი წამლების გამოწერის ფაქტები მსოფლიო ჯანდაცვის სისტემისთვის დამახასიათებელია.

თუმცა, ლაშა ნიკოლაძის თქმით, ქართულ რეალობაში ექიმებს და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არალეგალური გარიგებები მასშტაბური არ არის. “როდესაც “იმედი ელი” რომელიმე ექიმს გარიგებებში ამხელს, მასთან დაზღვეულთა ნაკადს ამცირებს”, - აღნიშნავს ნიკოლაძე “კომერსანტთან” საუბარში.

ფარმაცევტულ კომპანიებსა და ექიმებს შორის გარიგებას უარყოფენ “ავერსში”, მის შვილობილ სადაზღვევო კომპანია “ალფაში” კი კონკურენტი კომპანიების პოზიციას საერთოდ არ იზიარებენ.

მზღვეველებსა და ფარმაცევტებს შორის შავმა კატამ ბოლო დრომ გაირბინა და მას სიმბოლურად დაემთხვა მომსახურების სექტორის კვლევა. კვლევის მიხედვით, სადაზღვევო სექტორი მომსახურების ხარისხის რეიტინგში ბოლო ადგილზე აღმოჩნდა, აფთიაქარები კი - პირველზე. ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა “ეისითიმ” დედაქალაქის მცხოვრებლებს სხვადასხვა სფეროებში მომსახურების დონე 5-ქულიანი სისტემით შეაფასებინა და თებერვალში დედაქალაქში 400 ადამიანი გამოიკითხა.
მომსახურების ხარისხით ფარმაცევტული სფერო ლიდერობს, რომელსაც 4,3 ქულა მიენიჭა. პირველ სამეულში არიან საყოფაცხოვრებო და ტექნიკის მაღაზიები, ასევე საჯარო სამსახურები, რომლებმაც 4,1 ქულა მიიღეს. 4 ქულას მოსახლეობა ბანკებს ანიჭებს. 3,9 ქულას სურსათის მაღაზიებს, ბენზინგასამართ სადგურებს, სატელეკომუნიკაციო კომპანიებს და ავტომომსახურების ცენტრებს.
თბილისელებმა 3,7 ქულით ტანსაცმლის მაღაზიები შეაფასეს, 3,4 ქულით მედპუნქტები, ხოლო ყველაზე ნაკლები - 3,2 ქულით სადაზღვევო კომპანიები.

სხვათა შორის, უცხოეთში იმ მასშტაბის სამედიცინო აფერები იგეგმება და ხორციელდება ჩვენი ექიმების წუწკობა სასაცილოდ მოგეჩვენებათ. მაგალითად, ამას წინათ ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცველებმა პროგრამა MEDICARE-ის ფარგლებში უმსხვილესი თაღლითობის საქმე გახსნეს.
ოჯახის ექიმმა სახელმწიფოს 375 მილიონი დოლარი დასტყუა იმ მომსახურების ანგარიშების წარდგენით, რომლებიც რეალურად არ შესრულებულა ან ავადმყოფებისთვის საჭიროებას არ წარმოადგენდა.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულმა სქემამ მინიმუმ 5 წლის განმავლობაში იმუშავა. მისი მთავარი არქიტექტორი ჟაკ როი აღმოჩნდა. იგი თავის ხელმოწერებს სხვადასხვა კომპანიაზე ყიდდა, რომლებიც პაციენტების სახლზე მკურნალობით იყვნენ დაკავებულნი.

სქემა კარგად იყო გათვლილი, თუმცა თაღლითები სიხარბემ დაღუპა. ახალი კომპიუტერული სისტემების წყალობით, რომელიც MEDICARE-ის სტატისტიკაზე მუშაობს, ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ აღმოაჩინა, რომ ჟაკ როი ძალიან ბევრი პაციენტის მომსახურებას ასწრებდა, რამაც ეჭვები აღძრა. თაღლითი მაშინ დააკავეს, როცა ის გაყალბებული დოკუმენტებით ქვეყნის დატოვებას აპირებდა. მისი სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს წიგნი სახელწოდებით: “დამალე საკუთარი აქტივები და გაუჩინარდი: როგორ გავქრეთ უკვალოდ”. 
MEDICARE-ის პროგრამის ფარგლებში მომხდარი თაღლითობის ფაქტები ამერიკის ბიუჯეტს ყოველწლიურად 60 მილიარდი დოლარი უჯდება.