სააკაშვილმა ტრამპი ტრამპლინად ვერ გამოიყენა

სააკაშვილმა ტრამპი ტრამპლინად ვერ გამოიყენა

საქართველოს ხელისუფლება დონალდ ტრამპის “კოზირს”ათამაშებს, თავად ტრამპი კი - საქართველოს ხელისუფლებას. მისი საქართველოში ვიზიტი ზუსტად იმდენჯერ გადაიდო, რამდენჯერაც თბილისში “ტრამპ თაუერში” ინვესტირების გადაწყვეტილება. საბოლოო ჯამში კი საქმე იქითკენ მიდის, რომ არც “თაუერი” იქნება და არც ტრამპის ფეხი საქართველოში.

ბათუმისგან განსხვავებით, თბილისი, შესაძლოა, დონალდ ტრამპის ინვესტიციის გარეშე დარჩეს. ცნობილი ამერიკელი მილიარდერის ორგანიზაციის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკლ კოენის განმარტებით, თბილისში ინვესტირებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

“ამჟამად, თბილისში მშენებლობის შესახებ მხოლოდ საუბრები მიმდინარეობს. კონკრეტულად განსაზღვრული არაფერია”, - განაცხადა ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპის სპეციალურმა მრჩეველმა მაიკლ კოენმა.

გეგმის მიხედვით, თბილისში ტრამპი საკმაოდ მასშტაბურ პროექტის განხორციელებას გეგმავდა. ერთი წლის წინათ გაჟღერებული ინფორმაციით, “თბილისი თაუერი” საქანელას ქუჩაზე უნდა აშენებულიყო, იგი ნიუ იორკის 58-სართულიანი ცათამბჯენის ანალოგი იქნებოდა.

საბოლოო დეტალები და როგორ წარმართავს დონალდ ტრამპი საქართველოში ბიზნესს ეს დაახლოებით 20 აპრილს გაირვევა,როდესაც მილიარდელი საქართველოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება და ინვესტირების შესახებ გარკვეული დეტალებს სწორედ მიხეილ სააკაშვილთან განიხილავს.

ინფორმაციას ამერიკელი მილიარდერის საქართველოში ვიზიტის შესახებ, თავად ტრამპის კუთვნილი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ კოენი ადასტურებს. სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენის”ცნობით, ტრამპის კომპანიამ უკვე დაასრულა არქიტექტორულ პროექტზე მუშაობა, რომელიც ბათუმში უნდა აშენდეს. კოენის თქმით, ტრამპი 20 აპრილს თბილისში ჩამოვა, რათა პროექტთან დაკავშირებით “სილქროუდ გრუპთან” და პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გამართოს.

როგორც ცნობილია, ამერიკელი მილიარდერის ვიზიტისაქართველოში ჯერ კიდევ დეკემბერში უნდა შემდგარიყო, თუმცა ვიზიტი გადაიდო და მაშინ “სილქ როუდ გრუპმა” განმარტება გააკეთა, რომ ვიზიტი, სავარაუდოდ, 2012 წლის დასაწყისში შედგებოდა.

ტრამპის ორგანიზაციასა და “სილქ როუდს” შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება აშშ-ში, 2011 წელს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის ფარგლებში, მარტში გაფორმდა. ქართულ მხარესა და დონალდ ტრამპს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად “ტრამპ თაუერი” საქართველოშიც აშენდება. გეგმის მიხედვით, ტრამპის ინვესტირებით, თბილისსა და ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსი და სასტუმრო უნდა აშენდეს.

მშენებლობაში პირველ ეტაპზე 250 მილიონი ამერიკული დოლარი ჩაიდება, თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელობა სამომავლოდ ინვესტიციის გაზრდას გეგმავს. პროექტის დასრულების შემდეგ, სასტუმრო და საცხოვრებელი ბინების გარდა, შენობებში კომერციული ფართები და სამორინეები განთავსედება.

სკანდალური მილიარდერი დონალდ ტრამპი ყველაფერს თავისი საყვარელი “რეალითი შოუების” პრინციპით უდგება. იგი ბოლო 6 წელია, სატელევიზიო რეალითი შოუ “შეგირდს” მასპინძლობს. ასეთი შოუების ძირითადი მიზანი, როგორც წესი, პოპულარობის მოხვეჭაა და შინაარსს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს.

ბოლო დროს ამერიკული მედია ტრამპის წარსულით დაინტერესდა. გაირკვა, რომ ტრამპის უძრავი ქონების იმპერიის საქმიანობით უკმაყოფილო ადამიანები მის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებენ. ზოგჯერ ტრამპი მხოლოდ თავისი ბრენდის ლიცენზიას ყიდის და პროექტში ინვესტიციას არ ახორციელებს. ასეთი შემთხვევა, როგორც აღმოჩნდა, რამდენჯერმე მომხდარა, მაგრამ ტრამპი თავს იმით იმართლებს, რომ დანარჩენ 50 შემთხვევაში პროექტები წარმატებით განხორციელდა.

მედიამ გამოიკვლია, რომ ტრამპი ოთხჯერ გაკოტრებულა.მილიარდერი თავს იმით იმართლებს, რომ გაკოტრების კანონმდებლობით მანიპულირებით ის ვალების დაგროვებას იცილებს თავიდან.

მილიარდერის კიდევ ერთი უხერხული ჩავარდნა “ტრამპის უნივერსიტეტია”, რომელსაც ჯერ ლიცენზირების წესის დარღვევაში ადანაშაულებდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთმა სტუდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ მას უნივერსიტეტის “მენტორები” სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ და რომ მათი “სიხარბე” აღმაშფოთებელია. დონალდ ტრამპი ამ ბრალდებებსაც კატეგორიულად უარყოფს და მომჩივანი სტუდენტის საწინააღმდეგოდ სასამართლოში თავად შეიტანა სასამართლოში სარჩელი.