ქადაგიძე “ქართუს” კლანჭებიდან გაშვებას კიდევ დიდი ხნით არ აპირებს

ქადაგიძე “ქართუს” კლანჭებიდან გაშვებას კიდევ დიდი ხნით არ აპირებს

ქადაგიძე ივანიშვილის ბანკში კიდევ რამდენიმე თვით დარჩება ან სულაც არჩევნებამდე, ან კიდევ იქამდე ვიდრე “ქართუც” “სტანდარტ ბანკის” ბედს არ გაიზიარებს. როგორც ჩანს, ეროვნული ბანკის ამჟამინდელი მმართველი უშუალოდ მილიარდერთა ბანკების ნგრევაზეა სპეციალიზირებული. 

“ქართუ ბანკის” პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი “ქართუ ბანკის” შემოწმების მიზნით, სავარაუდოდ, მაისამდე დარჩება. მისი აზრით, აღნიშნული შემთხვევა უპრეცედენტოა.

“ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, ფაქტობრივად, აღარაფერს სწავლობენ, ისინი ყოველდღიური, მიმდინარე საბანკო ოპერაციების კონტროლის რეჟიმში მუშაობენ. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა”, - აღნიშნა ბანკის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ბოლო ინფორმაციით, ეროვნული ბანკი “ქართუში” მაისის ბოლომდე დარჩება.
თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ ქადაგიძის უწყების წარმომადგენლები ივანიშვილის ბანკში, შესაძლოა, არჩევნებამდეც კი დარჩეს. ასეთ მოსაზრებას იზიარებს თავად ნოდარ ჯავახიშვილიც. ყოველ შემთხვევაში, ეროვნულ ბანკში ე.წ. შემოწმების დასრულების თარიღს არამც და არამც არ ასეხელებენ.

საქართველოს ეროვნული ბანკი შემოწმების მიზნით, “ქართუ ბანკში” 2011 წლის 19 ოქტომბერს შევიდა. “ეროვნულმა ბანკმა, როგორც საბანკო სექტორის რეგულატორმა და ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის გარანტმა, მიიღო გადაწყვეტილება, ადგილზე, დეტალური შესწავლის გზით შეაფასოს სს “ბანკ ქართუში” შექმნილი ვითარება, პასუხი მიიღოს ყველა წარმოქმნილ შეკითხვაზე და მიღებული შედეგების საფუძველზე ბანკის სამომავლო ზედამხედველობის სტრატეგია განსაზღვროს”, - აღნიშნული იყო განცხადებაში.

ცნობისთვის, ბანკ “ქართუს” შსს-ს მიერ 2011 წლის 18 ოქტომბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ამოღებული 2 მილიონი დოლარი და 1 მილიონი ევრო დაუბრუნეს.

მთავარი პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ “სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია–ფულის გათეთრება) დაწყებული გამოძიების ფარგლებში ნაღდი ფულის სახით ამოღებული თანხა, კანონმდებლობის შესაბამისად, ბანკ “ქართუს” ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების სახით გადაირიცხა, რაც მათი გამოყენებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების საფრთხეს გამორიცხავს”.

ბანკ “ქართუს” პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, აღნიშნული გადარიცხვა კანონდარღვევით განხორციელდა.

ამასთან, მისივე თქმით, შსს-ს მიერ 2011 წლის 18 ოქტომბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ამოღებული საინკასაციო მანქანა, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ბანკს ამ დრომდე არ დაბრუნებია.

ამის შემდეგ “ქართუს” წინააღმდეგ ბრძოლა საკანონმდებლო კუთხით გაგრძელდა. ხელისუფლება სასწრაფოდ შეცვალა პირველი იპოთეკარის უფლებების შესახებ კანონი. რამდენიმე თვის წინათ განხორციელებული ცვლილებებით, ამ ქონების რეალიზაციისას უპირატესობა სახელმწიფოს ენიჭება. 

ახალი ცვლილებების შედეგად საქართველოში მხოლოდ ერთმა ბანკმა იზარალა. ივანიშვილის ბანკის მიერ გაცემული სესხების ნაწილი კი უზრუნველყოფის გარეშე დარჩა. ასეთი სესხების რაოდენობა ამჟამად საბანკო პორტფელის 1/3-ია. ბანკმა გამოსავალი სესხების ჩამოწერაში იპოვა, რაც, ბანკის წარმომადგენელთა განცხადებით, “ქართუს” ზარალის ფასად უჯდება.

ბოლო ერთ თვეში საჯარო აუქციონებზე გავიდა “ქართუში” გირაოდ ჩადებული 46 ობიექტი, რომელთა საერთო ღირებულება 127 მილიონი ლარია.

ბანკის დეპარტამენტის უფროსის, ზურაბ გოგუას ინფორმაციით, “ქართუს” სახელმწიფომ დაისაკუთრა სესხების უზრუნველყოფაში არსებული 165 მლნ ლარის ღირებულების ქონება, რომლის დიდი ნაწილი ყოფილ მესაკუთრეებს საკრედიტო ვალდებულებისგან თავისუფალი დაუბრუნდათ. მიმდინარე ეტაპზე, დამატებით 35 მლნ ლარის ღირებულების ქონებაა დაყადაღებული.