ესპანეთში ახალი ლას ვეგასი აშენდება

ესპანეთში ახალი ლას ვეგასი აშენდება

ცნობილი ამერიკელი მილიარდერი, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი შელდონ ადელსონი ესპანეთში ლას ვეგასის ანალოგის აშენებას გეგმავს. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ამგვარი პროექტის განხორციელება მხოლოდ გლობალური ეკონომიკური კრიზისის წყალობით გახდა შესაძლებელი.

ადელსონი, რომელიც ლას ვეგასში, სინგაპურსა და მაკაოში სამორინეების კომპლექსებს ფლობს, კაზინოების ქალაქის ესპანეთში ასაშენებლად 17 მილიარდი ევროს ინვესტირებას აპირებს. გეგმის მიხედვით, ესპანურ ლას ვეგასში ათეულობით კაზინოს გარდა აშენდება სასტუმროების ქსელი, სავაჭრო ცენტრები, თეატრები და გოლფის მოედნები. სათამაშო ქალაქის ასაგებად მადრიდის და ბარსელონას მიმდებარე ტერიტორიები განიხილება.

ადელსონმა მთელი გასული კვირა ესპანეთში გაატარა, სადაც მადრიდის და ბარსელონას წინადადებები შეისწავლა. გარდა ამისა, მან უკვე მოითხოვა მისთვის საგადასახადო შეღავათები, კაზინოების რეგლამენტირების კანონებში ცვლილებების შეტანა და თავისი კომპლექსისათვის მიწების უსასყიდლოდ მიღება.

არაოფიციალური ინფორმაციით, ადელსონს უფრო ბარსელონას ვარიანტი მოეწონა, სადაც მას საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად უზარმაზარი ტერიტორია შესთავაზეს. მართალია, ამას ბუნების დამცველთა აღშფოთება მოჰყვა, მაგრამ მათ გასაგონად კატალონიის მთავრობის მეთაურმა არტურ მასმა აღნიშნა, რომ სათამაშო ქალაქის აშენება ბარსელონას და კატალონიას ევროპის ტურისტულ ცენტრად აქცევს. 

ანალიტიკოსთა აზრით, ეგზომ გიგანტური ინვესტიციის გაკეთება ადელსონს ევროპაში არსებულმა კრიზისმა გადააწყვეტინა. როგორც ცნობილია, ნებისმიერი ინვესტორი მომავალ მოგებაზე და განხორციელებული ინვესტიციის ამოღების ვადაზე ფიქრობს. ახლა, როცა ევროპას უჭირს, ამგვარი ინვესტიციების განხორციელება მომგებიანია, რადგან ამოღების ვადა მცირეა. საქმე იმაშია, რომ, კრიზისის გათვალისწინებით, უფრო იაფია სამშენებლო მასალები და მუშახელი. თუ გავითვალისწინებთ ევროპაში არსებულ უმუშევრობის მაღალ დონეს, ადელსონს მშენებლობის დასრულების შემდეგაც შეეძლება პერსონალი შეღავათიანად დაიქირაოს. 

ადელსონის კომპლექსი დიდი შვება იქნება უმუშევარი ესპანელებისათვის. გასული წლის მონაცემების მიხედვით, ამ ქვეყანაში უმუშევრობამ 23 პროცენტი შეადგინა. ლას ვეგასის ანალოგის მშენებლობა კი, წინასწარი გათვლით, სულ მცირე, 260 ათას სამუშაო ადგილს შექმნის. გარდა ამისა, ძალიან დიდი რაოდენობით ტურისტს მოიზიდავს, რაც მთლიანად ესპანეთში ბიზნესგარემოს გამოაცოცხლებს. 

ექსპერტები თვლიან, რომ ევროპაში ლას ვეგასის ანალოგის არსებობა ძალიან მომგებიანი იქნება, რადგან კრიზისის დროსაც კი ყოველთვის მოიძებნებიან აზარტული და თამაშის მოყვარული ადამიანები. თანაც, აქვეა რუსეთი, სადაც კაზინოები ერთგარ რეზერვაციებშია მოქცეული და მდიდარი რუსები მონაკოში, მაროკოში და ნამდვილ ლას ვეგასში მიფრინავენ სათამაშოდ. სხვათა შორის, მაროკო არაბულ ქვეყნებს შორის გამონაკლისია, სადაც კაზინოები რელიგიური მოსაზრებების გამო ნაკლებადაა გავრცელებული. ასე რომ, არაბი შეიხებიც ესპანეთს მიაწყდებიან. რუსეთთან და არაბულ სამყაროსთან ხომ ესპანეთი უფრო ახლოსაა, ვიდრე აშშ. სხვათა შორის, წესითა და რიგით, მონაკო, რომელიც ევროპის სათამაშო ცენტრია, ძალიან უკმაყოფილო უნდა იყოს ადელსონის პროექტით. სავარაუდოდ, ესპანური ლას ვეგასის ამოქმედების შემდეგ მონაკოს კაზინოები ძალიან ბევრ კლიენტს დაკარგავს. 

ამ დროისათვის ევროპაში ყველაზე დიდი კაზინო მონაკოში, კერძოდ, მონტე-კარლოში მდებარე Le Café de Paris გახლავთ. მასში 15 სათამაშო მაგიდა და 1200 ავტომატია განთავსებული. ესპანურ ლას ვეგასში კი იგეგმება ნამდვილ ლას ვეგასში მდებარე კაზინოს ანალოგის აშენება, რომელშიც 800 მაგიდა და 3400 ავტომატი იქნება, ისევე, როგორც ეს ამერიკაშია. როგორც ხედავთ, იოლი მისახვედრია, კონკურენციაში ვინ გაიმარჯვებს.

მართალია, ამერიკაში კანონმდებლობა სათამაშო ბიზნესის მიმართ უფრო ლიბერალურია, ვიდრე ევროპაში, მაგრამ იქ უკვე არსებობს ერთი ლას ვეგასი და მეორე ამგვარის აშენებას აზრი არ აქვს. ევროპაში კი ნამდვილი სათამაშო მექა არ არის. მაგრამ იქნება.