[დიტო გელოვანი; ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში - "ვერსია"]
- პეპი, ჩემო გოგო, ერთი მითხარი, ძველებურად გემრიელად იტყუები?
ჰო, როცა დრო მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, იშვიათად ვიცლი – თავმდაბლად მიუგო პეპიმ – შენ როგორ გაქვს ტყუილების საქმე? შენც ხომ დიდი ოსტატი იყავი ამ საქმის.
- ჩემს ზანგებს, ჩვეულებრივ, შაბათობით ვატყუებ ხოლმე, ამით ვაჯილდოებ მათ მთელი კვირის კარგი მუშაობისთვის. ტყუილების საღამოზე დოლს ვუკრავთ, ვცეკვავთ და ჩირაღდნების მსვლელობას ვმართავთ. რაც მეტ ტყუილს ვამბობ, უფრო მეტად უბაგუნებენ დოლს.
- მე ეგრე კარგად არ მაქვს საქმე: როცა ტყუილს ვამბობ, არავინ არ მიკრავს დოლს. დავდივარ მარტოდმარტო შინ და საკუთარ თავს ვატყუებ, მაგრამ ისე კარგად ვიტყუები, მოსმენა მსიამოვნებს. ამას წინათ, სანამ დავიძინებდი, თავი მოვიტყუე, ერთი ხბო ვიცი, რომელსაც არშიის მოქსოვა და ხეზე ასვლა შეუძლია-მეთქი. ისეთი კოხტა ტყუილი გამომივიდა, მე თვიონ დავიჯერე. აი, ტყუილი ის იყო! მაგრამ მაინც არავინ მიკრავს დოლს.
(ასტრიდ ლინდგრენი, “პეპი გრძელიწინდა”)
გასულ კვირაში ერთობ უცნაური ამბავი შემემთხვა... სამსახურში სხვადასხვა სააგენტოს ნიუსებს ვათვალიერებდი და წავაწყდი ნიუსს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სასტუმრო “ჰოლიდეი ინ”-ში (ერთ დროს “აჭარა” რომ ერქვა) სტუმრობას ეხებოდა. ნიუსის ბოლოში პრეზიდენტის სიტყვები ეწერა, რომელსაც ციტატად ვერ მოვიყვან, მაგრამ დაახლოებით შინაარსს გეტყვით: “ჩემი ბავშვობის ყველაზე მძიმე მოგონება აფხაზეთის ომთან არის დაკავშირებული, ხოლო ამ ომის ყველაზე დიდი ტრაგედია სასტუმროების “ივერიას” და “აჭარას” გაპარტახება იყო”.
როდესაც ეს წავიკითხე, თვალები ვჭყიტე, კიდევ ერთხელ გადავიკითხე და ოთახში მყოფ სამ ადამიანს ხმამაღლა წავუკითხე. ანუ, წავიკითხე რამდენჯერმე, მაგრამ შინ რომ მოვედი და ნიუსის ოჯახის წევრებისთვის გაცნობა მოვინდომე, ნურას უკაცრავად – ვებ-გვერდიდან იგი უკვე წაშლილი იყო. მოკლედ – ფა-ფუ.
დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იყო “ინტერპრესნიუსი”. თითქმის დანამდვილებით ვიტყვი, რომ ეს არც “პირველი” იყო. რა დარჩა? დარჩა “ჯი-ეიჩ-ენ”. ეგ იქნებოდა...
თუმცა, გასული კვირა მთლიანად მიშასი იყო, ბევრს ლაპარაკობდა და როგორც საერთოდ ხდება, რაც უფრო მეტს ლაპარაკობ, მით უფრო მეტ სისულელეს ამბობ (ეს ყველას გვეხება). აი, მაგალითად, მიშა 2008 წლის აგვისტოს პირველ რიცხვებს იხსენებს: “2008 წლის ივლისის ბოლოს იტალიაში, ერთ-ერთ სანატორიუმში ვისვენებდი და ტელევიზიით მოვისმინე რუსეთის სახმელეთო ჯარის ხელმძღვანელის განცხადება, რომ საქართველო რუსეთთან ომის დაწყებას ოლიმპიური თამაშების დაწყების დღეს აპირებდა. გადავურეკე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ჩემს მეგობარ გიგა ბოკერიას, რომელიც სარდინიაში ისვენებდა. ვკითხე “საქართველოში რამე ხდება?” არაფერიო, – მიპასუხა. შინაგან საქმეთა მინისტრს შევეხმიანე, მანაც დამიდასტურა, ქვეყანაში არაფერი ხდებაო, თავდაცვის მინისტრმა კი მომახსენა: ყველა ოფიცერი შვებულებაში გავუშვითო. წარმოიდგინეთ: ვისვენებ იტალიაში, ბევრი მინისტრიც არ არის ქვეყანაში, ოფიცრების დიდი ნაწილი შვებულებაშია, ამ დროს შავი ზღვის ფლოტი ტოვებს ყირიმს, ჩრდილოეთ კავკასიაში პილოტების მობილიზაციას და ცხინვალის მოსახლეობის ევაკუციას აცხადებენ, ჩვენს საიტებს ბლოკავენ...”
მე იტალიაში ვარ და ის კიდევ - სარდინიაშიო... მე ამას წინათ საქართველოში ვიყავი, ხოლო ერთი ჩემი მეგობარი – ფარცხანაყანებში. ეგ არაფერია, ყველაფერი კი ის არის, რომ სოფლები იბომბება, პრეზიდენტი ალთას არის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – ბალთას, თავდაცვის მინისტრი ლოტოს თამაშობს, თავდაცვის მინისტრის მოადგილე (ბათუ ქუთელია) ტაბახმელაში ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვით არის დაკავებული, გრიგოლ ვაშაძეს რუსეთის პასპორტი აქვს ჩახუტებული და ძინავს, ოფიცრები ზღვაზე ირუჯებიან... ურეკავს, რა ხდებაო და იმან – არაფერიო და ამ დროს უკვე ბევრი რამ ხდება და კიდევ ბევრი რამ უნდა მოხდეს, თან – კარგი არაფერი. ისე, რა უნდოდა იტალიაში? ბერლუსკონის თმებს უღებავდა თუ როგორ?! მოდი და ნუ დაიბოღმები – 43 წლის კაცი 17 წლის წინანდელ ამბებს “ბავშვობის მოგონებებს” უწოდებს და წაგებული ომიდან მხოლოდ ორი სასტუმროს გაპარტახება ახსოვს. და ეს კაცი არის ქვეყნის პრეზიდენტი, იქნევს მობილურ ტელეფონს და ნიშნისმოგებით გვეუბნება, ვენეციიდან მესიჯი მივიღე, მწერენ - ეგეთი ევროპული კონსტიტუცია ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არისო...
კი, რა თქმა უნდა – ყველაზე ევროპული კონსტიტუცია ჩვენ გვაქვს, სულგუნს მხოლოდ ჩვენ ვამზადებთ, მუჯურეთული მხოლოდ ჩვენთან მოდის, სვანური კოშკების ნახვა მხოლოდ ჩვენთან შეიძლება... ეგეთი ტრაბახი სომხებმა იციან. აი, გასულ კვირაში საბაგირო გზა გახსნეს და უმალ განაცხადეს, მსოფლიოში ყველაზე გრძელიაო. ჭკუაზე არ არიან. სამაგიეროდ, ჩვენი “ეშმაკის ბორბალი” ყველაზე მრგვალია მსოფლიოში. და “ბორჯომი”? და, საცივი? გვინდა, ახლა, ჩვენ ტოლმა და დილიჟანი?
ა, ბატონო, კიდევ: “პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველომ დაწყებით კლასებში კომპიუტერის სწავლებით ამერიკას გაუსწრო”. მიშა თავის მშობლიურ სკოლაში მივიდა და მოგონებებში გადავარდა: “ხუთი წლის ვიყავი ამ სკოლაში რომ ჩავაბარე. პირველი ოთხ კლასში სულ თამაშ-თამაშით გვასწალიდნენ, თავისუფლებას და ყველაფრის ადვილად აღქმას გვაჩვევდნენ. ნულ კლასში ვიყავი, სკოლის დირექტორი რომ შემოვიდა და ფერადი ფანქრები დაგვირიგა, ამიტომ გვქონდა რევოლუციონერ ბავშვებს ფერადი ფანქრები, ახლა პირველკლასელებს ფერადი კომპიუტერები აქვთ. ესენი ბევრად უფრო მაგრები გამოვლენ, ვიდრე ჩვენ”.
ეს “რევოლუციონერი ბავშვები” რაღაც ვერ გავიგე და იქნებ ვინმემ ამიხსნას, რას გულისხმობდა – მიშა უკვე პირველ კლასში იყო რევოლუციონერი, თუ პარლამენტში რომ შევარდა და სხვისი ჩაი რომ დალია, ეს ბავშვობით მოუვიდა?
ვფიქრობ, ეს მეორე ვერსიაა სიმართლესთან ახლოს. მიშა ახლაც ბავშვია და ხანდახან როგორც ბავშვს, ისე ატყუებენ. თურმე, მესტიაში სამთო-სათხილამურო კურორტი საერთოდ ვერ მოეწყობა, რადგან იქ სველი თოვლი მოდის და თან რელიეფიც ვერაა ისეთი, როგორიც უნდა იყოს. “პრეზიდენტის შეცდომაში შეყვანისთვის ვიღაცას აუცილებლად მოხვდება” - გააფთრებული იყო გია თორთლაძე. ვიღაცას, რაღაცა, სადღაც, რაღაცაში... ჩვენი უბედურება ის არის, რომ სათქმელს ბოლომდე არ ვამბობთ. დარწმუნებული ვარ, თორთლაძემ მშვენივრად უწყის, ვის უნდა მოხვდეს, მაგრამ არ ამბობს. “პრეზიდენტი ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა” – იმეორებს და იმეორებს თორთლაძე.
მეტ კონკრეტიკას მეტი პრობლემები მოსდევს. ამიტომ თორთლაძე დუმს. პარლამენტის წევრობა და ანტიკრიზისული კომისიის თავმჯდომარეობა – უთბილესი ადგილებია. შეგიძლია გააცდინო პარლამენტის სხდომა, დაივიწყო ანტიკრიზისული კომისიის არსებობა (კრიზისის შესახებ მანამდე უნდა დაივიწყო) და წახვიდე ჰიმალაის მთებში, სადაც მართალია ცივა, მაგრამ კაბინეტიდან გამოყოლილი სითბო გათბობს...
გათბობს და ვერ ძღები... ხომ გაგიგიათ, ხშირად იტყვიან ხოლმე, რით ვერ გაძღა ამათი მუცელიო! ეს მართლაც აქტუალური კითხვა იყო და მას გასულ კვირაში გაეცა პასუხი. “ქართველებს მართლაც უნიკალური სამზარეულო გვაქვს, მაგრამ კვების ორი მთავარი კომპონენტის – თევზისა და ხორცის დამუშავება არ ვიცით... ქართველების დამუშავებული კარგი ხორცი თითქმის არ არსებობს... ქართველები სულ უნდა ვავითარებდეთ ჩვენს სამზარეულოს და ხორცის დამუშავება ამის უპირველესი პირობაა”, - თქვა სააკაშვილმა.
მინდა გითხრათ, რომ ხორცის დამუშავებაში ბადალი არ ჰყავს ამერიკული წარმოშობის ერთ გერმანელ მასაჟისტს, რომლის გვარის დასახელებისგან ამჯერად თავს შევიკავებ.
გასულ კვირაში სააკაშვილმა თავი ვერ შეიკავა, მცხეთის სალობიე ყველაზე სახალხო რესტორნად დაასახელა და დიპლომიც გადასცა - ეს რესტორანი ყველაზე კარგი გადამხდელია საქართველოშიო... მახსოვს, შევარდნაძის დროს ერთმა პროკურორმა დაიწუწუნა, პროკურორებს ისე გვიჭირს, რომ ამას წინათ ერთმა პროკურორმა სისხლი ჩააბარა, პური რომ ეყიდაო. მაშინ დავინტერესდი, ნეტა ვისი სისხლი ჩააბარა-მეთქი და ახლა, ამ სალობიესთან დაკავშირებით ის მაინტერესებს, ყველაზე კარგი გადამხდელი რომაა, ვის უხდის და რამდენს? ერთხელაც გაირკვევა, რომ იმას არ უხდის, ვისაც უნდა უხდიდეს და არ უხდის იმდენს, რამდენიც საჭიროა. როგორც კი ეს გაირკვევა, სახალხო რესტორნის მეპატრონეებს (იმ დროისთვის უკვე ყოფილ მეპატრონეებს) მაშინვე საციხოდ გაუხდებათ საქმე. როგორც ალექსი ჩიკვაიძეს და როგორც ედვარდ სურმანი-მანი-მანი-ძეს.
უკვე თორმეტი წელია სურმანიძეს ყოველთვის ასე მოვიხსენიებ ხოლმე - სურმანი-მანი-მანი-ძე. ერთხელ კოლეგის პირით საყვედური შემომითვალა - რას მერჩის, რა დავუშავეო... გასულ კვირაში სურმანი-მანი-მანი-ძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის – კუდ-ის თანამშრომლებმა, ანუ კუდიანებმა დააკავეს და ახლა მიშას ნამდვილად შეუძლია იამაყოს – საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც პარლამენტის ექს-სპიკერს სარდაფში უცხოელი ბიზნესმენი ჰყავს დამწყვდეული და ფულს ძალავს. 270 ათასი აშშ დოლარი უბრალოდ მანი არ არის, ეს უკვე არის მანი-მანი-მანი. აბბა-ს ეს სიმღერა ყველამ იცის, ხოლო მეორე სიმღერა - The Winner Takes It All – ბევრმა, შესაძლოა, არც იცის. ყველაფერი გამარჯვებულს ეკუთვნის, გამარჯვებული კი ის არის, ვინც კუდიანებთან მეგობრობს. ეს უნდა ვიცოდეთ და დავიმახსოვროთ.
ცოდნის შეძენას განათლების მიღება ეწოდება. იყო და არა იყო რა, კუდიანებზე უარესი რა იქნებოდა... იყო განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ჩიკვაიძე. იმ კახური ფილმისა არ იყოს – უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი. განათლების სამინისტროს თანამშრომლებს აქვთ ნათქვამი, საღამოს 10 საათზე თათბირს დანიშნავს, 12 საათამდე ველოდებით, მერე სახლებში მივდივართ და ღამის 2 საათზე მდივანი რეკავს, ჩიკვაიძე მოვიდა და ადგილზე რატომ არ დახვდითო. ჰოდა, გასულ კვირაში კუდიანებმა მიაკითხეს, ალექსა ადგილზე დახვდათ და მიაბრძანეს იმ ადგილზე, რომელი ადგილიც მთელი თავისი ცხოვრებით აქვს დამსახურებული. მადლობა მთავრობას, მაგრამ... თქვე კეთილმოწყობილებო, მინისტრის მოადგილედ რომ ნიშნავდით, რით ფიქრობდით და რით აზროვნებდით?!
ჩიკვაიძე მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო მინისტრი იყო გია ნოდია. ნოდიამ, თურმე, არაფერი იცოდა – კასრში იჯდა და აზროვნებდა. ახლა ნოდია ექსპერტია და ამას წინათ რომ მიაკითხეს, სამინისტროში დაბრუნდიო, ნოდიას უთქვამს, თქვენ რომ ნახოთ რამხელა კომბოსტო მოვიყვანე, მაგას არ შემომთავაზებდითო. არაო – ვიღაცამ მითხრა – ეგრე არ უთქვამსო. მაგან თქვა, რომ ნახოთ რამხელა გრანტი ავიღე, მაგას არ შემომთავაზებდითო.
პერევის ფრონტზე სიახლეა - რუსულ პოსტზე შესაძლოა, მხოლოდ რუსი მესაზღვრეების რაოდენობა შემცირდეს. მანამდე კარასინმა თქვა, საერთოდ გავიყვანთო, მაგრამ პერეველების თქმით, “თავად რუსები ამბობენ, რომ შესაძლებელია, პოსტის გაუმქების ნაცვლად, მხოლოდ ჯარისკაცთა რაოდენობა შემცირდეს ხუთიდან ორამდე; აგრეთვე, შემოწმდეს მხოლოდ ავტომობილები და არა - მოქალაქეების დოკუმენტები”.
ვნახოთ, რა მოხდება. თუ გაიყვანენ, ხომ კარგი – მთავრობა იტრაბახებს, გავიყვანეთო და თუ არ გაიყვანენ, მთავრობა იტრაბახებს, ოკუპანტების 60 პროცენტი კუდამოძუებული გაიქცაო. იმას კი არავინ იტყვის, რომ “გაიქცა” მხოლოდ სამი და ქართული სოფლის ოკუპაციისთვის რუსებს ორი ცინგლიან-ავტომატიანი “სალაგაც” თავისუფლად ყოფნით.
“ვორდისა” და რამდენიმე ინგლისური სიტყვის ცოდნა თავისუფლად ყოფნის ზაალ სამადაშვილს იმისთვის, რომ წარმატებული ადამიანი ერქვას. ბატონმა ჭაბუა ამირეჯიბმა კი იზარმაცა – გადაყვა რომანების წერას, არ ისწავლა კომპიუტერი და ინგლისური და ამიტომ გასულ კვირაში ბერად აღიკვეცა. მოკლედ, ზაალ სამადაშვილი არის მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ხოლო ჭაბუა ამირეჯობი არის ბერი დავითი.
“ამ ხალხს, ამ ფსევდომეცნიერებს და ფსევდო ჭკუისკოლოფებს ამ ყველაფერზე დაბალი წარმოდგენა აქვთ” - ჩვეულ სტილში საუბრობდა მიხეილ სააკაშვილი. მის წინის წინისწინამორბედს სხვანაირად უყვარდა თქმა – ცრუმეცნიერები, ცრუ ჭკუისკოლოფები... ჰოდა, აი სწორედ მაგ წინისწინამორბედის უფროსმა ბიჭმა გადაწყვიტა, რომ როდესაც დიდი გაიზრდება, პერზიდენტი უნდა გამოვიდეს. გადათვალა, გადმოთვალა და დაიანგარიშა, რომ 2013 წელს უკვე დიდი ბიჭი იქნება, მანამდე კი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეობანას ითამაშებს.
ნიუსი: “პარლამენტის წევრი კონსტანტინე გამსახურდია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. ეს განცხადება დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, კონსტიტუციის ახალ პროექტს მხარს დაუჭერს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნები სწორედ ახალი კონსტიტუციის საფუძველზე ჩატარდება. თუმცა, გამსახურდიამ დასძინა, რომ პროექტის არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია”. ან ჟენევაში იქნებოდა ან შვეიცარიაში.
ახლა, რომ დავდგე და ჩამოვთვალო, რამდენ რამეში არ მიუღია მონაწილეობა კოკო გამსახურდიას, ათასი გვერდი და ორი სერვერი არ მეყოფა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ აქტიურად მონაწილეობს “ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი კომისიის” საქმიანობაში. გასულ კვირაში აღნიშნულ კომისიას სტატუსი შეეცვალა – იყო დროებითი და გახდა მუდმივმოქმედი. ალბათ მალე სახელწოდებასაც შეუცვლიან და ასე დაარქმევენ: “რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, მკვლელობის ვერსიის დამტკიცების კომისია”.
ჰო... ასეთი კომისია ვერანაირად ვერ იქნება დროებითი, ასეთი კომისიები, როგორც წესი, სამუდამოები არიან. მალაშხიას კომისია ხომ გაგიგიათ? ღვთის წყალობით, დადგება ის დღე, როდესაც აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისია” მაინც იარსებებს. ტაო-კლარჯეთი, შავშეთი, ჰერეთი, სოჭი... ყველა უნდა დავიბრუნოთ ღვთის შეწევნით და მალაშხიას ძალისხმევით.
გამსახურდიას დავუბრუნდები... უცნაური ხალხია ეს გამსახურდიები, ყველანი ერთნაირები არიან – სულ დაძაბულები, მუდამ ეჭვიანები... ამ მხრივ, ასევე ერთნაირები არიან ჩერგოლეიშვილებიც. საქართველოში სულ სამი ჩერგოლეიშვილი ცხოვრობს და სამივე – ანტიფაშისტი.
გასულ კვირაში პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები. ქების სიგელი მიშამ მესიჯის სახით მიიღო, გოკა გაბაშვილი გახარებული იყო – ევროპას დავუახლოვდითო. ეტყობა, მამა მოენატრა. “ბატონო ჯონდი, დაგპირდით, რომ აგვისტოში, 42-გრადუსიან სიცხეში არ მივიღებდით კონსტიტუციას, ახლა 13 გრადუსია და მთელი 29 გრადუსით შეგისრულეთ დაპირება”, - ლაღობდა დავით ბაქრაძე – კოვზების მბრძანებელი.
სამაგიეროდ, კასპის მაჟორიტარი, კობა კურდღელაშვილი იყო დაღვრემილი. ორ წელიწადზე მეტია საპარლამენტო ჩირგვებში ზის, ცდილობს თვალში და ყურში არავის შეეჩხიროს და უცებ...
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტმა დღეს 112 ხმით 5-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. დაამტკიცა და ატყდა ერთი ამბავი – ნაციონალმა კურდღელაშვილმა თავი შეიკავა!!! შემდეგ, იყო ნიუსი: “საპარლამენტო უმრავლესობაში კასპის მაჟორიტარი დეპუტატის კობა კურდღელაშვილის გადაწყვეტილებას, კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, ტექნიკური პრობლემებით ხსნიან”.
ეგრევე პულტს რომ დააბრალებენ ხოლმე... ყველა არცოდნა არცოდვაა, ერთადერთი – პულტის გამოყენების არცოდნაა ცოდვა. თუმცა, გამოსავალს ყოველთვის პოულობენ ხოლმე. არასაპარლამენტო ცხოვრებაში ყოველთვის მეისრეა დამნაშავე, საპარლამენტო ცხოვრებაში – პულტი. კურდღელაშვილმა კომპიუტერი ზედმიწევნით იცის – ჰაკერია, იცის უცხო ენა – ინგლისურად სხლავს, პულტის გამოყენება კი ვერა და ვერ ისწავლა. ისე კი, დადგება დრო, როდესაც ამ მოწვევის პარლამენტის წევრებს მოეკითხებათ, ამდენ სისულელეს ხმა რატომ მიეცითო. ჰოდა, ესენიც იტყვიან, წინააღმდეგ ვაძლევდით, მაგრამ პულტებმა გვიმტყუნესო... ეგრე იქნება, ნახავთ!
ვნახეთ და მოვესწარით “ქართული პარტიის” შექმნას. დაფუძნდა, აღსრულდა და სანამ აღესრულება, მისი დამფუძნებლები სააკაშვილის პოლიტიკურ აღსრულებას შეეცდებიან. შეეცდებიან კი აი, ასე: ხშირ-ხშირად ივლიან ევროპაში ოქრუაშვილის სანახავად, გააკეთებენ ცეცხლოვან განცხადებებს, გულანთებულ მოწოდებებს, შემზარავ პროგნოზებს. გამოხატავენ შემაშფოთებელ აღშფოთებებს და აღმაშფოთებელ შეშფოთებებს. პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა.
“ჩვენ ვაცნობიერებთ საკმაოდ კარგად, რომ ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის და ბოლო ბრძოლა ჩვენთვის; ამ ნავში ჩვენ ჩავსხედით შეგნებულად. ეს ნავი მიადგება ნაპირს ან ერთად ჩავიძირებით ყველანი”, - აღნიშნა ოქრუაშვილმა.
“სახალხო კრება საზოგადოებრივი წარმომადგენლობითი ორგანო უნდა იყოს; ეს საქმე საზოგადოებისთვის მიგვინდია, ხოლო ჩვენ მისგან, როგორც საზოგადოებისგან, ნებისმიერ შეკვეთას მივიღებთ”, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
რა იმედისმომცემია! რა გულისამაჩუყებელია... “ქართული პარტიის” შექმნას მიესალმნენ ზვიად ძიძიგური და ზურაბ ნოღაიდელი. აქ კი ცრემლები მომერია, მაგრამ გამახსენდა, რომ გასულ კვირაში ნესტან კირთაძე დაესწრო სოციალისტური ინტერნაციონალის კომიტეტის სხდომას და შეასრულა ჰიმნი: “აღსდექ კრულვით დაღდასმულო...”.
ასე შეასრულა ნესტან კირთაძემ სოცინტერნის ჰიმნი და ასე შეუსრულა დავით ბაქრაძემ ჯონდი ბაღათურიას. ეს იყო ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში.
აღსდექ, კუმეო!!!
ყ.კ.მ. (ყველანი კონგოდან მოვდივართ) ნუ დაგავიწყდებათ და, ბელგიის კონგოში კაცს ვერ ნახავ, სიმართლეს რომ ამბობდეს – დასძინა პეპიმ და დაჭორფლილი პირისახე ღიმილით გაუბრწყინდა – დიახ, დილიდან საღამომდე ტყუილებს ფქვავენ. ასე რომ, თუ როდისმე შემთხვევით მოგატყუებთ, ნუ დამემდურებით. რა ვუყო, დიდხანს ვცხოვრობდი იმ ბელგიის კონგოში და შევეჩვიე.
(ასტრიდ ლინდგრენი, “პეპი გრძელიწინდა”)