მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა დეპუტატები მინისტრების შესაძლო შეცვლას არ გამორიცხავენ.
ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლის ეკა ბესელიას განმარტებით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით რაიმე კალენდარი არ არსებობს და ამ თემაზე არც კონსულტაციები გამართულა.
"ვიცით, რომ გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტზე ნდობის გამოცხადებისას თქვა, რომ მომავალში მთავრობაში ცვლილებებს არ გამორიცხავს. უბრალოდ მას სჭირდებოდა მეტი დრო გადაწყვეტილების მისაღებად. მომავალში გამორიცხული არაფერია, მაგრამ არც არავითარი კალენდარი არ არსებობს და ამ თემაზე კონსულტაციები არ გამართულა", - აცხადებს ეკა ბესელია.
დეპუტატ ანი მიროტაძის ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებების საკითხზე კონსულტაციები არც მათ პოლიტიკურ გუნდში, არც უმრავლესობასა და არც პოლიტსაბჭოს ფორმატში არ ყოფილა. შესაბამისად, მიროტაძე ამბობს, რომ სამთავრობო ცვლილებების თემაზე გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნება.
"არ ვიცი გიორგი კვირიკაშვილს მთავრობაში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით რა მოსაზრებები აქვს, მაგრამ თუკი აქვს, ეს ბუნებრივი და ლოგიკურია. კვირიკაშვილმა გუნდი ისე ჩაიბარა, რომ არც ერთი ცვლილება არ განუხორციელებია. მან განაცხადა, რომ ამ მინისტრებთან იმუშავებს და გადაწყვეტილებებს მიიღებს. არ გამოვრიცხავ, რომ ჰქონდეს საკუთარი მონახაზი და გადაწყვეტილებაც მიიღოს. ზოგადად ვფიქრობ, რომ როცა ქვეყნისთვის ამდენი შიდა და გარე გამოწვევა არსებობს, ეფექტური საკადრო ცვლილებები ჯანსაღი პროცესია", - აცხადებს ანი მიროტაძე.