პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მასსა და მის ძმასთან, თედო კობახიძესთან მიმართებაში ადვოკატ კობა კობახიძის განცხადებებს შურისძიებად აფასებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მანანა კობახიძემ განუცხადა, კობა კობახიძე, რომელიც "ქართულ ოცნებაში" იყო, მისგან მთავარი პროკურორის, შემდეგ კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მხარდაჭერას ითხოვდა, "ვერ მიიღო და გუშინდელი სატელევიზიო განცხადებებით შურისძიებას ცდილობს".
"ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. სამწუხაროა, რომ ადამიანები ყველაფერზე მიდიან. ალბათ, ასეთი სერიალები ოქტომბრამდე კიდევ გვექნება. ეს გაზაფხულის სეზონია ახალი პერსონაჟებით. კვანძი რომ გახსნილიყო, ალბათ, საჭირო იყო 78 წლის ავადმყოფი მამის და 80 წლის მამიდის ჩართვა ამ პროცესში. ტყუპი ძმიშვილები მყავს, - თედოს შვილები, გაზაფხულამდე წამოიზრდებიან და, ალბათ, არჩილს და ანდრიასაც ჩართავენ მასში. არ ვიცი, სად გავიცინო და რა გავაკეთო - სამწუხაროა, რომ ბატონი კობა, რომელსაც ვიცნობდი, იყო "ქართულ ოცნებაში" და არის ადვოკატი, მაგრამ ამ ყველაფრის ასეთი ფორმით გამოტანა და ასეთი ზღაპრების მოყოლა, არაადეკვატურია. სერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას კობა კობახიძე არ ტოვებს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
მისი თქმით, კობა კობახიძეს ძალიან უნდოდა მთავარი პროკურორობა, შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა.
"მას ჰქონდა პრეტენზიები ჩემთან და ჩემს ძმასთან, რატომ არ დავნიშნეთ ის - როგორ უნდა დაგვენიშნა არ ვიცი. მას ჰქონდა პრეტენზიები იმიტომ, რომ "ქართულმა ოცნებამ" არ წარადგინა ასეთ პოზიციებზე. როგორც ჩანს, ადამიანები ფულისთვის და თანამდებობისთვის ყველაფერს კადრულობენ. ასეთი პრეტენზიებით ის ჩემთანაც მოვიდა, - მე და თედომ რატომ არ დავუჭირეთ მხარი მას და რატომ დავუჭირეთ გვენეტაძეს? ის ძალიან განაწყენებულია "ქართულ ოცნებაზე" და პირადად ჩემზე, რომ არ დავეხმარე და ვერ გახდა მთავარი პროკურორი, შემდეგ კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. მას ეს მოთხოვნა ჰქონდა და ჩემთვის საყვედურებიც უთქვამს. შეიძლება ასეთი ადამიანი ან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ან მთავარი პროკურორი იყოს? გვარით სარგებლობა საქართველოში, სამწუხაროდ, ხშირია. არაერთი შემთხევვა ყოფილა, რომ ჩემი მოგვარეები გვარის გამოყენებას ცდილობდნენ", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის განმარტებით, რეალური პრობლემა ე.წ. კოკაინის საქმეში ის არის, რომ მასში არსებული დარღვევების გადახედვის მიზნით, რეაგირება არ ხდება.
"ყველაზე მეტად მაწუხებს იმ ადამიანების ბედი, ვინც ცდილობს სამართლებრივად რაღაც შედეგი მიიღოს, გადაიხედოს ეს საქმე და უამრავ დარღვევას პასუხი გაეცეს. სამწუხაროდ, წინ არ მიდის არაფერი და პარალელურ რეჟიმში ასეთი რაღაცები ხდება. ადამიანი ამბობს, რომ თვითდაზიანებებს მიიყენებს, დარღვევებზე რეაგირებას ითხოვს. რამდეჯერაც გააქტიურდება ანასტასია ზაუტაშვილი, იმდენი ახალი გმირი გამოჩნდება და იწყებს ტალახის სროლას კობახიძის მიმართ", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
ადვოკატმა კობა კობახიძემ, გადაცემა "არჩევანში" ე.წ. კოკაინის საქმეზე ისაუბრა, თუ როგორ გახდა ის ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი თედო და მანანა კობახიძის შუამდგომლობით. ადვოკატმა აღნიშნა, რომ მანანა და თედო კობახიძეების მითითებით, მან ანასტასია ზაუტაშვილსა და ამ საქმეზე სხვა ბრალდებულებს თითოს 75 ათასი ევრო მოსთხოვა.
"თედო კობახიძემ მითხრა, რომ უნდა მომეთხოვა 75 ათასი ევრო თითოეულისგან, ანუ 5 ადამიანისგან. პარალელურად კი მოითხოვდა ამ პირების შეწყალებას. მე მომეჩვენა, რომ ეს არარეალური თანხა იყო, მაგრამ თედოს ვინ ეკითხება, მას მანანათი სცემენ პატივს," - განაცხადა კობა კობახიძემ.