"ქართული ოცნება" ალბათ გოგი თოფაძეს და მის გუნდს უფრო ადვილად გაწირავს, ვიდრე "რესპუბლიკელებს", - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კოალიციაში მიმდინარე მოვლენებს.
როგორც საყვარელიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ეს მხოლოდ და მხოლოდ საგარეო ფაქტორებით იქნება განპირობებული.
"იმ ფონზე, რაც დღეს საერთაშორისო არენაზეა შექმნილი, კოალიცია ეცდება განამტკიცოს თავისი ევროპული კურსი, მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა ადრეც სულ იდგა კოალიციის დღის წესრიგში. ერთ-ერთი მიზეზი ხიდაშელის იმ თანამდებობაზე დანიშვნისა, რაზეც დაინიშნა სწორედ ეს იყო, რომ ევროპელ პარტნიორებს ალასანიას გადადგომის შემდგომ არ გასჩენოდათ იმის ეჭვი, რაც გამოაცხადა ალასანიამ, რომ ქვეყანამ დასავლურ კურსს გადაუხვია. როგორც ცნობილია, ამერიკის სარეზერვო ბიურო აფრთხილებს მსოფლიოს, რომ შეიძლება საქართველომ რუსეთისკენ შეიცვალოს ორიენტაცია, ამ ფონზეც არის გასააზრებელი ის, რაც ხდება თოფაძე-ხიდაშელის კომპლექტში, რადგან თუკი "ქართული ოცნება" თოფაძეს გაუწევს უფრო მეტ ანგარიშს, ვიდრე ხიდაშელს, ისევ დაიწყება ამ თემაზე საუბარი", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ თუკი თოფაძეს კოალიციას დაატოვებინებენ, მისი გუნდიც მას გაყვება, თუმცა საყვარელიძე არც იმას გამორიცხავს, რომ
"მრეწველებისა" და "რესპუბლიკელების" დაპირისპირება "მშვიდობიანად დასრულდეს".
"გამორიცხული ისიც არ არის, რომ ეს დიალოგი მშვიდობიანი შერიგებით დასრულდეს და აღარ მოყვეს არც თოფაძის და არც "რესპუბლიკელების" მხრიდან რაიმე გართულება, იმის გათვალისწინებით, რომ ეს გართულება "რესპუბლიკელების" უტაქტობით დაიწყო და ეს უტაქტობაც რომ არ ყოფილიყო, არაფერიც არ მოხდებოდა", - აღნიშნა საყვარელიძემ და დასძინა, რომ თოფაძემ "რესპუბლიკელებთან" დაპირისპირებით საკმაოდ ჭკვიანური სვლა გააკეთა და მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვა.
"არის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი ბევრი რამის და მათ შორის "რესპუბლიკელების" მიმართ - თოფაძემ ამ ნაწილის მხარდაჭერა ფაქტიურად გაინაღდა. პარტიაში არის საუბარი იმაზე, რომ უნდა შეიცვალოს სიები და უნდა გაჩნდეს ახალი სახეები. ამ ფონზე თოფაძემ დაასწრო "ქართულ ოცნებას", რადგან თუკი მას გაუშვებენ, საკმაოდ ძლიერი რესურსით გავა "ოცნებიდან". რაღაც ხმების ნაწილს თოფაძე წაიღებს. ეს უხერხული მომენტია "ქართული ოცნებისთვის" და ამ მდგომარეობაში ის ჩააგდეს "რესპუბლიკელებმა", ხოლო "რესპუბლიკელების" მიმართ კრიტიკის არარსებობა მხოლოდ საარეო ფაქტორებით არის გამოწვეული", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.