"ნაციონალური მოძრაობა" "გაზპრომის" საწინააღმდეგოდ, მთავრობის ადმინისტრაციიდან რუსეთის საელჩომდე ცოცხალი ჯაჭვის გაბმას გეგმავს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 6 მარტს "გაზპრომის" წინააღმდეგ სიმბოლურ აქციას გამართავს, - აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, უკანასკნელ პერიოდში საზოგადოება"გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებებს შეშფოთებით ადევნებს თვალს, რასაც რამდენიმე მიზეზი გააჩნია.

"პირველ რიგში, ის, რომ ქართული მხარე გულდაგულ მალავდა ამ მოლაპარაკების მიმდინარეობას და მის შესახებ მხოლოდ რუსული მხარის განცხადებების შემდეგ გახდა ცნობილი. მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ ყველა ჯერზე, როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ცდილობდა ამ მოლაპარაკების რეალური მიზეზები აეხსნა, მისი განცხადებები ერთმანეთის გამომრიცხავი და საწინააღმდეგო იყო. ყველაფერი ეს აღძრავს სრულიად ლეგიტიმურ ეჭვებს და კითხვის ნიშნებს ამ მოლაპარაკების მიზნებთან, მასშტაბებთან და ამოცანებთან მიმართებაში. ჩვენ გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ გვახსოვს, რას ნიშნავს "გაზპრომი", გვახსოვს რას ნიშნავს რუსული წყვდიადი, გაყინული და ჩაბნელებული საქართველო, გვახსოვს, ეზოებში დანთებული ცეცხლი და იქ ადუღებული ჩაიდნები", - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, წლების წინ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ძალისხმევით, საქართველომ რუსულ წყვდიადს თავი დააღწია.

"დღეს ყველა საფუძველი არსებობს ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება ქვეყნის უკან, რუსულ წყვდიადში დაბრუნებას აპირებს, ამიტომ "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოების ყველა იმ წევრთან ერთად, რომელსაც არ სურს ქვეყნის უკან დაბრუნება, ქვეყნის "გაზპრომის" ეპოქაში შეტრიალება, რომელსაც არ სურს, რომ საქართველოში კვლავ სიბნელე და სიცივე იყოს, ვაანონსებთ სიმბოლურ საპროტესტო აქციას, რომლის ამოცანა იქნება გავაგონოთ ჩვენი ხმა საქართველოს ხელისუფლებას და მტკიცედ ვაგრძნობინოთ რუსეთის ხელუფლებას, რომ საქართველოში "გაზპრომის" და რუსეთის წყვდიადის ეპოქა დასრულებულია და ქართული საზოგადოება ამ ეპოქის დაბრუნებას აღარ დაუშვებს. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაანონსებთ სიმბოლურ აქციას. ეს იქნება ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც გამოხატავს ქართული საზოგადოების დამოკიდებულებას ამ პროცესის მიმართ", - განაცხადა ბაქრაძემ.

თავის მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" წვერმა სერგო რატიანამ აღნიშნა, რომ ეს იქნება მშვიდობიანი აქცია, რომელიც 6 მარტს გაიმართება. მისივე თქმით, ცოცხალი ჯაჭვი კანცელარიიდან რუსეთის საელჩომდე იქნება.