"პაატა ბურჭულაძის - საქართველოს განვითარების ფონდი" ხელისუფლებას მოუწოდებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს ბიზნესის გადასაწყობად ორწლიანი ვადა მიეცეთ.
როგორც "პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდის" ეკონომიკური რეფორმების ჯგუფის ხელმძღვანელის, ირაკლი ყიფიანის განცხადებაშია ნათქვამი, პარლამენტში მეორედ გადაიდო მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტირების აკრძალვის საკითხის განხილვა, ამ სექტორში მომუშავე კომპანიებს კი გააჩნიათ ფინანსური ვალდებულებები და სესხები.
"მესამე თვეა ამ ბიზნესით დაკავებული კომპანიები გაურკვევლობაში იმყოფებიან, აღარ იციან შემოიყვანონ თუ არა ავტომობილები, ჩადონ ამ ბიზნესში დამატებითი თანხები თუ არა. ამ კანონის მიღებით 90 მილიონ დოლარამდე შეუმცირდებათ შემოსავლები კომპანიებს და უმეტესი მათგანი საერთოდ გაკოტრდება.
ბიზნესის გაურკვევლობაში ყოფნა სახელმწიფოს მხრიდან არის დანაშაულია. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან მორიგი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ", - აღნიშნულია განცხადებაში.
"საქართველოს განვითარების ფონდი" მოითხოვს, რომ ამ კომპანიებს და ამ სექტორში დასაქმებულებს მიეცეთ ორწლიანი ვადა, თავიანთი ბიზნესი გადააწყონ სხვა ბაზრებზე.
"მიეცეთ ვადა, რომ არ გაკოტრდნენ. დაუშვებელია ამ კანონპროექტის დაუყოვნებლივ მიღება", - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.
"პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდი" ასევე მოითხოვს სახელმწიფომ დაასაბუთოს ამ აკრძალვების შედეგად რა ალტერნატივას სთავაზობს, როგორც ქალაქის ისე რეგიონების მოსახლეობას.
როგორც ფონდში განმარტავენ, კანონპროექტის დღევანდელი ვარიანტით დაბალფასიანი იაპონური ავტომობილები საერთოდ გაქრება ბაზრიდან, ასევე, ამ კანონით გაძვირდება მარცხენასაჭიანი ავტომობილები.
"რა ალტერნატივას სთავაზობს ხელისუფლება იმ მოქალაქეებს, ვისაც არ აქვთ ძვირადღირებული მანქანების ყიდვის შესაძლებლობა? ხელისუფლება სთავაზობს, მოუწესრიგებელ, ისედაც გადაჭედილ ყვითელ ავტობუსებს, მოუწესრიგებელ გზებს და ინფრასტრუქტურას. რეგიონებში მცხოვრებლებს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ არსებობს და რაც არის იმას საზოგადოებრივი ტრანსპორტი არც ჰქვია, სთავაზობს ფეხით სიარულს. გამომდინარე აქედან, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაასაბუთოს და ჩამოთვალოს ის ალტერნატივები, რასაც სთავაზობს რეგიონის და ქალაქის მოსახლეობას", - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.