საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანელ დეპუტატებს და გერმანიას სქართველოს მხარდაჭერისთვის, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე, ასევე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში.
ბუნდესტაგის წევრების შეფასებით, საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, რაც მრავალმხრივ რეფორმებში გამოიხატება და გერმანია მზად არის კვლავაც დაეხმაროს საქართველოს ცალკეულ სფეროში პროგრესის მიღწევის გზაზე.
"საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს ერთობლივი ძალისხმევით. ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე რეფორმა, რომელიც განხორციელდა, მათ შორის იუსტიციის სფეროს მიმართულებით და ამაში მხარეებმა ერთობლივი ძალისხმევა გასწიეს. ასევე, უნდა განვავითაროთ თანამშრომლობა და რეფორმები როგორც ეკონომიკური, ასევე განათლების მიმართულებით. ამ ცვლილებებითა და რეფორმებით საქართველოს ევროპული ინტეგრაცია სავსებით რეალურია", - განაცხადა ბუნდესტაგის წევრმა "ქრისტიან დემოკრატიული პარტიიდან" თომას ფაისტმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციის ხელმძღვანელის აქსელ ფიშერის თქმით, გერმანიისთვის მნიშვნელოვანია დაეხმაროს საქართველოს ევროპასთან დაახლოების კუთხით.
"ჩვენთვის, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მაქსიმალურად დავაახლოოთ ევროპასთან. მოხარული ვარ, რომ საქართველო ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. ქართველ კოლეგებთან შეხვედრის დროს ვისაუბრეთ იმ მიღწევებზე, რაც საქართველოს გააჩნია და ასევე არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე. მჯერა, რომ საქართველო ევროპისკენ დგამს წარმატებულ ნაბიჯებს და ეს ყველაფერი შეესაბამება ჩვენს წარმოდგენებს", - განაცხადა ფიშერმა.
გერმანელ დეპუტატებთან შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, როგორც ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტს და ბუნდესტაგის წვერებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ. მინისტრის თქმით, უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან ერთად დაიწყებს ასოცირების ახალ დღის წესრიგზე მუშაობას, რომელიც განსაზღვრავს მომდევნო სამი წლის განმავლობაში განსახორციელებელ კონკრეტულ პრიორიტეტებს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში და ორიენტირებული იქნება ევროკავშირთან ინსტიტუციური დაახლოებასა და სექტორული თანამშრომლობის განვითარებაზე.
საქართველოს საგარეო საქმე მინისტრმა ხაზი გაუსვა ასევე გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების საქმეში და აღნიშნა, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არის უმთავრესი საკითხი ქვეყნის როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში.