გია ხუხაშვილი - აღმაშფოთებელია

გია ხუხაშვილი - აღმაშფოთებელია "რესპუბლიკელების" "გონორი", როდესაც ისინი თავიანთ ბედს აკავშირებენ ქვეყნის გეოპოლიტიკურ არჩევანთან

არ არის თინა ხიდაშელი ატლანტი, რომ მის მხრებზე იდგეს ყველაფერი, - ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილმა გადაცემა "არჩევანში" გოგი თოფაძესა და "რესპუბლიკურ პარტიას" შორის მიმდინარე დაპირისპირების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, "რესპუბლიკური პარტია" მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს საგარეო კურსის ცვლილების საფრთხედ აფასებს, რაც მიუღებელია. გია ხუხაშვილმა პარალელი მიხეილ სააკაშვილის და "თავისუფალი დემოკრატების" მიერ წარსულში გაკეთებულ განცხადებებთან გაავლო. 

"უბრალოდ აღმაშფოთებელია მათი "გონორი", როდესაც ისინი თავიანთ ბედს აკავშირებენ ქვეყნის გეოპოლიტიკურ არჩევანთან, რომ ეს ბრძოლაა დასავლური ღირებულებების წინაღმდეგ. დავიღალეთ რა, ჯერ იყო მიშა სააკაშვილმა, თუ მე არ ვიქნები ორიენტაციას შეიცვლის ქვეყანაო, მაგრამ არ შეიცვალა. მერე იყო "თავისუფალი დემოკრატები" გამოვარდნენ და თუ ჩვენ არ ვიქნებით მინისტრები საფრთხეა, რომ ორიენტაცია შეიცვალოსო. ახლა "რესპუბლიკელებმა" ზუსტად იგივე თამაში დაიწყეს. არ არიან ისინი ამ პროცესის გარანტები, ეს არის სახელმწიფოს არჩევანი და არ დგას თინა ხიდაშელის მხრებზე, არ არის ახლა ის ატლანტი, რომ მის მხრებზე იდგეს ეს ყველაფერი. რასაც სხვას საყვედურობდნენ, ზუსტად იმ პოზიციაში დგას ახლა "რესპუბლიკური პარტია", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.