ადვოკატ კობა კობახიძის მტკიცებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის ძმამ თედო კობახიძემ ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულებისგან საადვოკატო ჰონორარის სახით 6250 ევროს აღება, გამარჯვების შემთხვევაში კი, თითოეულისგან 75 000 ევროს მოთხოვნა ურჩია.
კობა კობახიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" აღნიშნული საქმის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მსჯავრდებულებს მისი ადვოკატად აყვანა პარლამენტის ვიცე სპიკერის, მანანა კობახიძის ძმამ, თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ ურჩია.
"ზოგს ეგონა, რომ მე მათ სახელებს ვიყენებდი. პირიქით, როცა მათ სჭირდებოდათ, როცა ახლობლები მიმართავდნენ, თუნდაც "ქართული ოცნებიდან", ჩემს თავს ურჩევდნენ. ასე მოხდა ანასტასია ზაუტაშვილის შემთხვევაშიც. გარკვეული მოქალაქეობრივი პოზიციაც მალაპარაკებს. ელისაშვილი ამ საქმითან დაჩაგრული გამოდის და მინდა საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს გარემოებები, რომ სიტუაციაზე წარმოდგენა შეექმნას", - აღნიშნა კობა კობახიძემ.
მისივე განმარტებით, ჰონორარით დაინტერესდა, თედომ კობახიძემ კი ურჩია, რომ მათთვის 6250 ევრო გამოერთვა, გამარჯვების, ბრალდებულების გათავისუფლების შემთხვევაში კი დამატებით, თითოეულისგან, 5 ადამიანისგან 75 000 ევროს მოთხოვნა ურჩია. პარალელურად კი, თედო კობახიძე შეწყალებაზე მუშაობას დაჰპირდა.
"თედოს ვუთხარი, რომ ეს ძალიან დიდი თანხა იყო. როცა ანასტასიას დედას ვუთხარი, მეც ვიუხერხულე. მერე ჩემს თავზე ავიღე, ხუთივეზე 75 000 იქნებოდა და ამაზე წამომყვნენ. თედოს ისე ვუთხარი, ალბათ დღესაც ჰგონია, რომ ხუთივესთვის ცალ-ცალკე 75 000 მაქვს ნათქვამი. რადგან ჩემი აზრით, ძალიან შეუსაბამო რიცხვი იყო. მათ ჩამირიცხეს "ქართუ ბანკის" ანგარიშზე 6250, საშემოსავლო გადავიხადე 1250 და დარჩა 5 000", - აღნიშნა ადვოკატმა.
მისივე ინფორმაციით, ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალებასთან დაკავშრებით პრეზიდენტს მიმართა, თუმცა მსჯავრდებული ვერ გათავისუფლდა, რის შემდეგაც ანასტასია ზაუტაშვილის ქმარმა გაბრაზებულმა დაურეკა და ჰონორარის დაბრუნება მოითხოვა.
"თედომ 5000 დოლარი მთხოვა და ვასესხე. ადრეც მთხოვა 3000 დოლარი, ადამიანურად დამიბრუნა. ესეც ასე, იცოდა 5 000 დოლარი. ფული ვასესხე თედოს. როცა ქმარმა ფულის დაბრუნება მომთხოვა, გადავამისამართე თედოსკენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრე მუსელიანის ძმას და მითხრა, რომ ფული დაუბრუნა. ანასტასიას დედასაც ველაპარაკე და მითხრა, რომ 6250 მისცა მანანა და თედო კობახიძეების მამამ არჩილ კობახიძემ", - განაცხადა კობა კობახიძემ და პრეზიდენტს ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.