საქართველოს უცხოურ დიასპორებში საპატიო წარმომადგენლები ეყოლება

საქართველოს უცხოურ დიასპორებში საპატიო წარმომადგენლები ეყოლება

თბილისი უცხოურ დიასპორებში საპატიო წარმომადგენლებს დანიშნავს. ისინი საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებსა და დედასამშობლოს შორის დამაკავშირებელი ხიდის როლს შეასრულებენ. უაღრესად მნიშვნელოვანი საქმე ღირსეულ კადრებს მოითხოვს. 

მთავრობის კანცელარიაში დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის თანამდებობის შემოღების საკითხზე იმსჯელეს. აღნიშნულთან დაკავშირებით დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია მინისტრის აპარატთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს შეხვდა.

დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის თანამდებობის შემოღების მიზანს საზღვარგარეთ ქართული დიასპორის საქმიანობისთვის ხელშეწყობა, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება წარმოადგენს. 

საპატიო წარმომადგენლის ფუნქციებში ქართულ დიასპორაში საქართველოს პოლიტიკის მხარდაჭერა, საქართველოსა და ქართულ დიასპორას შორის ეკონომიკური, სამეცნიერო, სავაჭრო, ტურისტული, კულტურული, სპორტული და სხვა სახის ურთიერთობების განვითარების, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა შევა. 

საპატიო წარმომადგენელი კოორდინირებას გაუწევს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პროგრამების განხორციელებას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატს ქართულ დიასპორაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის და ქვეყანებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. 

შედარებით ძველი და ახალი ქართული დიასპორები ერის მოუშუშებელ ტკივილს წარმოადგენს. ამჯერად შორს რომ არ წავიდეთ, აქვე გვერდით საინგილოში მცხოვრები ქართველები სრული ასიმილაციის საფრთხის ქვეშ დგანან. 20 ათასზე მეტ გამაჰმადიანებულ ქართველს დღემდე ვერ დაუმტკიცებია საკუთარი ისტორიული წარმომავლობა. 

საინგილოში სოციალურთან ერთად მეტად მწვავედ დგას ქართული სკოლის, ენის შენარჩუნების პრობლემა. დღემდე ზაქათალის და ბელაქნის სოფლების შერეულ, ქართულ–აზერბაიჯანულ სკოლებში მხოლოდ აზერბაიჯანული მოსამზადებელი კლასები ფუნქციონირებენ. 

მშობელს 5 წლის ბავშვი იძულებით აზერბაიჯანულ მოსამზადებელ კლასში მიჰყავს, ხოლო ერთი წლის შემდეგ ქართულ სექტორზე, პირველ კლასში გადაყვანა სასტიკად აკრძალული აქვს. ამის შედეგად წელს სექტემბერში სოფელ მოსულის სკოლის ქართულ სექტორზე მხოლოდ სამი ბავშვი მივიდა, რაც სრული კატასტროფის ტოლფასია. ქართული სექტორის გაუქმება კი ენის დაკარგვის დასაწყისს ნიშნავს. 
ინგილო პედაგოგების, მშობლების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პრობლემა დღმდე არ გადაწყვეტილა. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ქვემო ქართლში აზერბაიჯანულ სკოლებს, ენას განვითარების ყველა პირობა და შესაძლებლობა აქვთ. 

ინგილო მშობლებს ეკრძალებათ შვილებისთვის ქართული წარმოშობის სახელების დარქმევა, აღარაფერს ვამბობთ ისტორიული გვარების აღდგენის შეუძლებლობაზე. ამ სამარცხვინო საკითხების ჩამოთვლა აქ შორს წაგვიყვანს. 

თითოეული ასეთი დისკრიმინაციული საკითხი დიასპორის საპატიო წარმომადგენლის ყოველდღიური ზრუნვის საგანი უნდა გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში „ძველ“ ქართულ დიასპორებში ასიმილაცია და კატასტროფა გარდაუვალია. ბევრმა ნახა ალბათ ფესტივალ „ჩვენებურებზე“ ჩამოსული ქართული წარმოშობის ახალგაზრდები რომლებიც სიტყვას ვერ ამბობდნენ ქართულად. 

ამ სამარცხვინო პერსპექტივის თავიდან ასაცილებლად კი უპირველეს ყოვლისა დიასპორებში დღემდე კბილებით შენარჩუნებულ ქართულ სკოლებს, თუ სექტორებს უნდა მიექცეს ყურადღება. ის, რაც შენთან კანონიერად დაშვებულია და დაცულია, მეზობელ, მითუმეტეს მეგობრულ ქვეყანაში აკრძალული (უკანონოდ) და დამონებული არ უნდა იყოს. ჭეშმარიტი მეგობრობა კი ცალმხრივი წესით არ უნდა ვითარდებოდეს. 

მუშაობა პირველ რიგში ამ საკითხით უნდა დაიწყოს და მერე გადავიდეს იმ თემებში, სადაც ქართული სკოლები დღემდე სანატრელია. ამ შემთხვევაში ტაო–კლარჯეთის და ფერეიდნის ქართულ დიასპორებს ვგულისხმობთ. ვიღაც იტყვის, რომ ეს შედარებით შორეული პერსპექტივაა, მაგრამ საშვილიშვილო საქმე ოდესმე ხომ უნდა დაიწყოს? დიასპორის საპატიო წარმომადგენელს აქაც ბევრი სამუშაო ექნება. 

ე.წ. ახალ დიასპორას კი უშუალოდ მისი მდგომარეობისთვის დამახასიათებელი პრობლემები აწუხებს. არცერთი ადამიანი კარგი ცხოვრებისგან სამშობლოს არ დატოვებს (მითუმეტეს ათწლეულობით). სადაც, რა პირობებშიც არ უნდა იყვნენ, მათ საკუთარი სახელმწიფოსგან მაქსიმალური თანადგომის იმედი უნდა ჰქონდეთ. სამწუხაროდ, ამ მხრივ დღეს არსებული რეალობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. 

ცნობისთვის, ადამიანთა გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეში სხვადასხვა მიზეზთა გამო საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა. საქართველო ერთ-ერთი საინტერესო ისტორიული მაგალითია, რომელმაც გადაიტანა მრავალგვარი ემიგრაცია: კულტურული, პოლიტიკური, სოციალური. აქედან პირველი ნებაყოფლობითი იყო, სხვები კი - იძულებითი.

კულტურული ემიგრაცია – იგი დაკავშირებული იყო ქართველი ხალხის კულტურულ-საგანმანათლებლო და რელიგიურ მოღვაწეობასთან ქვეყნის ფარგლებს გარეთ: პალესტინაში, სირიაში, საბერძნეთში, ბულგარეთში და სხვაგან. ამ ემიგრაციის შედეგაც აღმოცენდა ქართული კულტურის უძველესი კერები საზღვარგარეთ.

პოლიტიკური ემიგრაცია დაკავშირებული იყო საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ტრაგედიასთან და იგი რამდენიმე ტალღას მოიცავს:
პირველი მრავალრიცხოვანი ემიგრაცია, როდესაც საქართველო კულტურისა და ინტელექტისაგან დაიცალა, იყო ვახტანგ VI-ის დროს, 1724 წელს. იგი 1000 კაციანი ამალით წავიდა სამშობლოდან (მათ შორის იყვნენ: სულხან-საბა ორბელიანი, ვახუშტი ბატონიშვილი და მრავალი სხვა) და არცერთი მათგანი უკან არ დაბრუნებულა.

მეორე ემიგრაცია 1801 წელს შედგა, როდესაც ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა ალექსანდრე 1-ელმა და გასცა ბრძანება, რომ არც ერთი ბაგრატიონი არ დარჩენილიყო საქართველოში, რათა ტახტის რესტავრაცია შეუძლებელი ყოფილიყო. ამიტომ ალექსანდრე ბატონიშვილი სპარსეთში გადაიხვეწა და იქვე გარდაიცვალა. შემდეგ თეიმურაზ ბაგრატიონი გაემგზავრა, მაგრამ იგი ისევ ჩამოიყვანეს და პეტერბურგში გააძევეს. ცნობილია, აგრეთვე 1811 წლის იმერეთის ემიგრაცია, როცა სოლომონ II ტრაპიზონში გადაიხვეწა და იქვე გარდაიცვალა.

მესამე დიდი პოლიტიკური ემიგრაცია 1921 წლის თებერვალ-მარტში განხორციელდა. მთავრობა ბათუმში ჩავიდა და იქედან გასულმა გემმა გაიყვანა როგორც პოლიტიკოსები, ასევე მეცნიერები, მწერლები და ა.შ. დევნილმა პოლიტიკოსებმა ძირითადად საფრანგეთს შეაფარეს თავი, ნაწილობრივ ინგლისს. გენერალიტეტმა და სამხედრო პირებმა - პოლონეთს.

მეოთხე პოლიტიკური ემიგრაცია 1991-1992 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად ხელისუფლების დამხობამ გამოიწვია. ამგვარად აღმოჩნდნენ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებში: ჩეჩნეთში, რუსეთში, უკრაინაში, ფინეთში, გერმანიაში, პოლონეთში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, აშშ-ში - რომელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ამ ქვეყნებში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

სოციალური ემიგრაცია – უკანასკნელ ათწლეულში განხორციელებულ ემიგრაციას უფრო მეტად სოციალური ხასიათი ჰქონდა, რისი მიზეზიც გახდა საქართველოში პოლიტიკური კრიზისით, ეთნოკონფლიქტებით და გარდამავალი ეტაპით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სსრ კავშირის დაშლის წინ, ქართველთა 97% თავის სამშობლოში, საქართველოში ცხოვრობდა (და ამდენად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე „კონსოლიდირებული“ ერი იყო). ახლა კი სხვადასხვა შეფასებით ამ პერიოდში ქვეყნიდან გავიდა ნახევარი მილიონიდან მილიონამდე ჩვენი თანამემამულე და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

დღეისათვის მსოფლიოს ათობით ქვეყანაში არის ქართული დიასპორა. უცხოეთში მცხოვრები ქართველების დიდი ნაწილი აქტიურად არის ჩართული მიმღები ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამავე დროს ფართო მოღვაწეობას ეწევა ქართული კულტურის პროპაგანდისა და განვითარებისათვის: ქმნიან კულტურის ცენტრებს, აყალიბებენ ენის შემსწავლელ წრეებს, შემოქმედებით გაერთიანებებს და ა.შ.