მარტვილში წაჩხურობა აღინიშნა

მარტვილში წაჩხურობა აღინიშნა

წაჩხურობის აღსანიშნავად, აღდგომის შემდეგ კვირას, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს იკრიბებიან. თითქმის მთელი წლის განმავლობაში მიყრუებული სოფელი, რომელიც მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მონასტრიდან ორიოდე კილომეტრითაა მოშორებული, ამ დღეს ცოცხლდება. გზა, მონასტრიდან სამი კილომეტრის მოშორებით პოლიციას აქვს გადაკეტილი. გვიხსნიან, რომ მთელ ამ მანძილზე საცობებია და გავლას ტრანსპორტით, უბრალოდ ვეღარ შევძლებთ.

ზოგ ადგილებში, ფეხით გავლაც შეუძლებელია. ერთად შეკრებილი ამ რაოდენობის ადამიანი, იშვიათად თუ მინახავს. გზაზე და ეზოებში ათასობით მანქანა გვხვდება. მისი მგზავრები, მზიან ამინდსაც ღვთის წყალობად მიიჩნევენ, რადგან ასეთი რამ ადრე თითქმის არ მომხდარა, ჩვეულებრივ ამ დღეს წვიმიანი ამინდია.

ჩამოდიან მთელი საქართველოდან, ჩამოაქვთ აკვნები და იჭერენ თადარიგს, რომ ათასობით ადამიანის გარემოცვაში, მონასტერში შესვლა და კურთხევის მიღება შეძლონ. მანამ კი, სოფელ წაჩხურაში, ყველა სახლის კარი იღება. ყველა ადამიანს შეუძლია, ნებისმიერ ეზოში შევიდეს და საგანგებოდ გაშლილ სუფრასთან მიირთვას. ვინც რაოდენობრივად უფრო მეტ სტუმარს დააგროვებს, მადლი ამ ოჯახზე გადმოვა. ეს ტრადიცია, როგორც ადგილობრივები მიხსნიან, საუკუნეებს ითვლის. 

მომლოცველების უმრავლესობა, უშვილო წყვილებია. აკვნების კურთხევის ტრადიცია, მონასტერში 15-16 საუკუნიდან არსებობს, თუმცა, წელს, როგორც მონასტრის მსახურები გვეუბნებიან, განსაკუთრებულად ბევრი ადამინი მოვიდა.

„სია კეთდება, თუ ვინ მოიყვანა აკვანი და აღმოჩნდა, რომ ათასზე მეტმა ადამიანია ასეთი დღეს“,-გვეუბნება სტიქაროსანი ხვიჩა ჯავახია, რომელიც ყველა მათგანის სახელს და გვარს ფურცლებზე იწერს, მისი განმარტებით ამ ადამიანებს, მთელი წლის განმავლობაში ლოცვებში მოიხსენიებენ. სტიქაროსანი მიხსნის, რომ აქ მოსული ადამიანებიდან, შვილი, ზოგს 10-15-20 წელი არ ყავდა, მაგრამ აკვნის კურთხევის შემდეგ გაჩენიათ.

წაჩხურში  პირველად ამოსულებს, იმედებს ისინი უმყარებენ, ვისაც აკვნის კურთხევის შემდეგ შვილი გაუჩნდა. ბევრი მათგანი, ამ დღეს უფლისთვის მადლიერების გამოსახატად, თავის ჩვილთან ერთად იყო მოსული.

ინგა სულაძე:

-17 წელი არ მყავდა შვილი, მონასტრის და მისი მადლის შესახებ მეგობრის დედამ მიამბო, შარშან ამოვედით, აკვანი ვაკურთხებინეთ და წელს, უკვე შვილთან ერთად ვარ მოსული, რომ უფალს მადლობა ვუთხრა. ამაზე დიდი სასწაული ცხოვრებაში არაფერი გამიგია და არც შემმთხვევია. ტყიბულის რაიონიდან ვართ ჩამოსულები. ყველა ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანმა მინდა გაიგოს ამის შესახებ.

კობა მარშანია:

- მე აფხაზეთიდან გადმოვედი, 12 წელი არ გვყოლია შვილი, შარშანწინ მეუღლესთან ერთად ვილოცეთ ამ მადლიან მონასტერში. ახლა ჩემი შვილი უკვე 12 წლისაა. მეუღლე ბავშვთან ერთად ვერ წამოვიდა, მაგრამ მე რომ არ მოვსულიყავი არ შეიძლებოდა. ცხვარი უნდა შევწირო მადლიერების ნიშნად.

ნინო ქებურია:

- 6 წელია შვილი არ გვყავს. ყველანაირი სამედიცინო მკურნალობა ჩავიტარეთ, მაგრამ არაფერი შეიცვალა. ამ მონასტერზე და მის მადლზე ბევრი ინფორმაცია მოვისმინე და დღეს ამიტომაც მოვედით. მოვილოცეთ და აკვანი დავტოვეთ, იმედია ღმერთი ჩვენს ოჯახსაც გადმოხედავს.

ნინო ქებურიასგან განსხვავებით, კიდევ ერთი მომლოცველი, სოსო გაბისკირია გვეუბნება, რომ უფლის მადლი, მის ოჯახზე 5 წლის წინ გადმოვიდა. წელს იგი, როგორც ყოველ წაჩხურობის დღესასწაულზე, მთელი ოჯახით ამოდის.

წირვა დღის ორ საათამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც აკვნების კურთხევა დაიწყო, რომელსაც მონასტრის ეზოში, სპეციალური ადგილი აქვს მიჩენილი.

ვისაც გაუმართლა, სახლში ნაკურთხი აკვნით დაბრუნდა, ვისაც არა, გული არ დაწყვეტია, რადგან ამის აუცილებლობა, როგორც მამაომ შეკრებილებს აუხსნა, არ არსებობს. მისივე თხოვნით, ათი აკვანი, მონასტერში გადაიტანეს და იმ უშვილო ადამიანებს უნდა აჩუქონ, ვისაც შვილი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ ყავს.

ხვიჩა ჯავახია, სტიქაროსანი:

- სადაც ახლა სამრეკლოა, მექვსე საუკუნით დათარიღებულ საძირკველზე აშენდა, თვითონ მონასტერი კი, მეთექვსმეტე საუკუნეში აშენებულა. მეგრულად წაჩხურას სახელი წყლის და სიცივისგან მოდის, ანუ ცივი წყალი. მაგრამ, არსებობს ლეგენდა ასევე, რომ ამ მიდამოებში გლეხი მუშაობდა, სადილი მეუღლემ ამოუტანა. როცა სუფრა გაიშალა, ვიღაც უცნობი გამვლელი შეამჩნია ამ გლეხმა და შესთავაზა თუ იკადრებდა, მათთან ესადილა. უცნობიც მაშინვე მოტრიალდა და მიუჯდა სუფრას. არც საჭმელს აკლდებოდა და არც ღვინოს, თურმე. რომ შეზარხოშდნენ, ტაშურაც შემოკრეს. ამ უცნობს უთქვამს-ეს ადგილი დაილოცოს და დაერქვას ტაშურა, აქ ამომსვლელმა იხაროს, ძემან და ასულმან. ამის შემდეგ, აქ ამოდიან ადამიანები, რომლებიც უფალს გამრავლებას სთხოვენ.

ცნობილია, რომ წაჩხურაში დამკვიდრებული რელიგიური დღესასწაული „წაჩხურობა“, წარმართული ხანიდან მოდის. წაჩხურა, ღვთაება მოსკეს უძველესი კულტურის კერაა.

საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, წაჩხურას მოსკე, მთავარანგელოზთა სამლოცველოთი შეიცვალა და ახლა აქ წარმართული მოსკეს ნაცვლად, მთავარანგელოზებს თხოვენ შვილის გაჩენას. როგორც ამბობენ, თხოვნის რიტუალი, წარმართობიდან დღემდე, თითქმის არ შეცვლილა.

დღის ბოლოს, ტრადიციულად წაჩხურას მთის ძირში, მოსალოცად ამოსული ადამიანები ტრაპეზობენ და უფალს მადლობას სწირავენ.

მომავალ წელს წაჩხურაში უფრო მეტ ადამიანს ელოდებიან, ამ დროისთვის ეს მიდამო კიდევ ერთხელ გამოცოცხლდება.