ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის საქმე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ მარწუხებში აქცევს სახელმწიფო ბიზნესს. დღეს საქალაქო სასამართლოში „ელიტ-ელექტრონიქსის“ ყოფილი მმართველისა და დამფუძნებლის, ანზორ ქოქოლაძის მორიგი პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა მაისამდე გადაიდო. მანამდე კი ციხეში მყოფი ბიზნესმენი მისმა ადვოკატმა ლილი გელაშვილმა მოინახულა. იმის გამო, რომ ლილი გელაშვილს მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა, ჩვენ ანზორ ქოქოლაძის მეორე ადვოკატს მაია ხუციშვილს დავუკავშირდით. მაია ხუციშვილის თქმით, ანზორ ქოქოლაძე თავს კვლავაც არ ცნობს დამნაშავედ და არჩადენილი დანაშაულის აღიარებას არ აპირებს. ამასთან, ადვოკატი მასზე ზეწოლის ფაქტებს არ ასახელებს და აცხადებს, რომ პირადად მასთან შეხვედრისას ანზორ ქოქოლაძეს ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლის თაობაზე არ უსაუბრია. უკვე ცნობილია, რომ ანზორ ქოქოლაძე ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს, რადგან საქალაქო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს. დღეს კი საქალაქო სასამართლოში ანზორ ქოქოლაძის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით კიდევ ერთი საქმის განხილვა იყო დაგეგმილი. თაღლითობისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით ანზორ ქოქოლაძეს შვიდ წელიწადნახევარზე მეტი აქვს მისჯილი. პრობლემები „ელიტ-ელექტრონიქსში“ 2007 წელს დაიწყო , როცა კომპანიაში შემოწმების მიზნით ფინანსური პოლიცია შევიდა და კომპანია 14 მილიონი ლარით დააჯარიმეს. ანზორ ქოქოლაძის მიერ ჯარიმა გასაჩივრდა და 14 მილიონიდან 7 მილიონი კომპანიას უსაფუძვლობის გამო მოუხსნეს, დავა კი საქალაქო სასამართლოში გადავიდა. საგარანტიო წერილი ბიუჯეტში გადასახდელ 7 მილიონზე „ელიტ ელექტრონიქსს“ სწორედ „თიბისი ბანკმა“ მისცა, რისთვისაც აქციათა 55 %-ის გირავნობა მოითხოვა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ „თიბისი ბანკმა“ სასამართლოს მიმართა და „ელიტ- ელექტრონიქსის“ მართვის უფლება მოითხოვა, რაც მიიღო კიდეც და მმართველობიდან ჩამოაშორა ანზორ ქოქოლაძე. „ელიტ ელექტრონიქსის“ ქონების სამართლებრივი გზით დაბრუნების მცდელობის პარალელურად, ქოქოლაძემ „ელიტ ელექტრონიქსის“ კონკურენტი კომპანია „ტექნო ბუმი“ დააფუძნა, რამაც „თიბისი ბანკის“ უკმაყოფილება გამოიწვია. „თიბისი ბანკში“ აცხადებდნენ, რომ აპირებდნენ იმის გარკვევას, თუ საიდან აქვს ანზორ ქოქოლაძეს ფული „ტექნო ბუმის“ შესაქმნელად და ამ საკითხის გასარკვევად პროკურატურის ჩართვასაც არ გამორიცხავდნენ. უკვე მოგვიანებით, ასევე, ქოქოლაძეების საკუთრებაში არსებულ „ტექნო-ბუმშიც“ პროკურატურა შევიდა. ამას მოჰყვა „ტექნო-ბუმის“ ფინანსური მენეჯერისა და მისი ძმის თენგიზ და მალხაზ ნაგერვაძეების (ანზორ ქოქოლაძის ბიძაშვილები), ასევე, ანზორ ქოქოლაძის სიძის - ლევან დუმბაძის დაკავება. მათაც თაღლითობა, ფულის გათეთრება და დოკუმენტაციის გაყალბება ედებათ ბრალად. უკვე ცნობილია, რომ ბიზნესმენი ჯერ კიდევ დაჭერამდე (2010 წლის 3 აგვისტომდე) გრძნობდა, რომ მას და მის ბიზნესს პრობლემებს შეუქმნიდნენ. ამიტომაც დაპატიმრებამდე სპეციალური მიმართვა ჩაწერა. ოჯახს ეგონა, სიმართლეს მიაღწევდა და ამ მიმართვას კარგა ხანს არ ახმაურებდა. მიმართვაში იგი აცხადებდა, რომ მის მიმართ ხორციელდებოდა მუქარა და, თუკი ის დავას არ შეაჩერებდა, მისი ოჯახის წევრებს დაიჭერდნენ. მართლაც, მის გზას გაუყენეს ანზორ ქოქოლაძის ბიძაშვილები და სიძე. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ანზორ ქოქოლაძის თქმით, ფინანსურმა პოლიციამ უკვე სპეცოპერაციამდე იცოდა, თუ რა ოდენობის ჯარიმა უნდა გადაეხადა ქოქოლაძეს, რაშიც იგი თავიდანვე გაარკვიეს - „15 მილიონს გადაიხდი და ყველაფერი კარგად იქნებაო“. სხვათა შორის, ცნობილია, რომ დაჭერისთანავე ანზორ ქოქოლაძე გლდანის №8-ე საპყრობილეში პატრიარქმა, სასულიერო პირებთან ერთად, მოინახულა. მაშინ ანზორ ქოქოლაძის და ეთერ ქოქოლაძე აცხადებდა, რომ მის ძმას სასულიერო პირები დადებითად ახასიათებდნენ და სამღვდელოებას არ მიაჩნდა, რომ იგი დამნაშავე და თაღლითია. Presage.tv-სთან საუბარში ადვოკატი მაია ხუციშვილი აცხადებს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევა უკვე დასრულებულია და ახლა მხარეთა კამათზე არიან გადასულნი. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ამ ეტაპზე ადვოკატისთვის უცნობია, მაგრამ ის მასალები და მტკიცებულებები, რაც ბრალდებას აქვს, ანზორ ქოქოლაძისა და მისი ახლობლებისთვის წაყენებული ბრალის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა. ხოლო, თუ სასამართლო დღესაც გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, ადვოკატები მას გაასაჩივრებენ და შეეცდებიან, სტრასბურგამდე ყველა ეტაპი გაიარონ. „ბატონ ანზორს გადაწყვეტილი აქვს, რომ ბოლომდე იდავებს. თავს დამნაშავედ არ ცნობს არც თვითონ და არც - ამ საქმის გამო დაკავებული მისი ბიძაშვილები და სიძე. ანზორ ქოქოლაძის პირველ საქმეზე, რომელიც თაღლითობას ეხებოდა, განაჩენი უკვე დადგა და ადვოკატები მუშაობენ, რათა ეს საქმე სტრასბურგში წაიღონ“. აღსანიშნავია, რომ პირველი საქმის შემდეგ ანზორ ქოქოლაძეს უკვე ხელმეორედ წაუყენეს ბრალი, თითქოს სხვა ეპიზოდში, მაგრამ ფორმულირება ერთი და იგივეა და ერთი საქმიდან გამომდინარეობს. 2011 წელს სწორედ მეორე საქმის გამო დააკავეს მისი ბიძაშვილები და სიძე. „პირველი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მას ბრალად ედებოდა, თითქოს „ელიტ-ელექტრონიქსიდან“ თაღლითურად დაეუფლა სხვის ქონებას. იქ მიწის ფართებზე იყო საუბარი, ანუ თითქოს თანხები არ იყო ფარდობითი. მეორე საქმე კი ისევ „ელიტ-ელექტრონიქსს“ ეხებოდა, როგორც კომპანიას. მოგეხსენებათ, მას გახსნილი ჰქონდა შვილობილი კომპანიები ბათუმში და იყო ასეთი ორგანიზაცია „ბათუმ-ვაჭრობა“. ამ კომანიაში მას ჰქონდა თანხა გადარიცხული, რომ იქ უნდა აშენებულიყო სავაჭრო ცენტრი, კომპლექსი, მაგრამ მოხდა ისე, რომ აგვისტოს თვეში „ელიტ-ელექტრონიქსში“ გაჩნდა ხანძარი და დაახლოებით 9 მილიონის საქონელი დაიწვა. ამას პარალელურად დაემთხვა, რომ 2009 წლისთვის მოლაპარაკებები იმართებოდა მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციებთან ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით, ანუ პარტნირები უნდა გამხდარიყვნენ და მსოფლიო ბაზარზე უნდა გაეტანათ თავიანთი საწარმო, საიდანაც ინვესტიცია უნდა შემოსულიყო. ამის დამადასტურებელი ფაქტი არსებობს. სამწუხაროდ, მერე ბრალდებამ მოხსნა, მაგრამ ერთ-ერთი მოწმე, გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში ადასტურებს, რომ მოლაპარაკება ნამდვილად არსებობდა“, - აცხადებს მაია ხუციშვილი. ადვოკატის თქმით, იმის გამო, რომ კომპანია ხანძრისგან დაზარალდა, ანზორ ქოქოლაძემ იფიქრა, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია მას ხელშეკრულებას აღარ დაუდებდა და გადაწყვიტა, როგორც ფიზიკურ პირს, პირადად აეღო სესხი „ბათუმ-ვაჭრობიდან“. სამოქალაქო კოდექსი და სამოქალაქო ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ამ სესხის გაცემას არ კრძალავს, მით უფრო, რომ ანზორ ქოქოლაძე თავად იყო „ელიტ-ელექტრონიქსის“ ერთპიროვნული დამფუნებელი და შვილობილ კომპანიაშიც თავად იღებდა გადაწყვეტილებას. თუმცა პროკურატურამ არგუმენტად მოიტანა, რომ ანზორ ქოქოლაძემ თავის ბიძაშვილთან, მალხაზ ნაგერვაძესთან წინასწარი შეთანხმებით (რომელიც იმ პერიოდში „ბათუმვაჭრობის“ დირექტორი გახლდათ), ფიქტიური ხელშეკრულება დადო და მასზე თანხა გასცა, ეს თანხა კი ფიზიკურმა პირმა - ანზორ ქოქოლაძემ წაიღო და „ელიტ-ელექტრონიქსში“ შეიტანაო. „ეს ფაქტი გაასაღეს თაღლითობად. ამ შემთხვევაში, არ ვიცი, ეს სხვისი ქონება როგორ იყო? ანზორ ქოქოლაძე თავად იყო დაზარალებულიც და ქმედების ჩამდენიც, რადგან როგორც „ელიტ-ელექტრონიქსის“, ისე „ბათუმ-ვაჭრობის“ მესაკუთრე თავად იყო, 100 %-იანი წილის დამფუძნებელი ის იყო და მანვე აიღო სესხი. ბატონ ანზორს არავისთან გარიგება არ სჭირდებოდა, რადგან თვითონ იყო დამფუძნებელი და თავად იღებდა გადაწყვეტილებას. ამაში პროკურატურის მოტივაცია არ ჩანს“. ადვოკატის განმარტებით, ანზორ ქოქოლაძეს კიდევ ერთ საკითხს ედავებიან, თითქოს მან „ელიტ-ელექტრონიქსიდან“ თანხები წამოიღო და „ტექნო-ბუმში“ ჩადო. „რეალურად, „ტექნო-ბუმს“ აქვს სესხის ხელშეკრულებები გაფორმებული იმავე მალხაზ ნაგერვაძესთან, ლევან დუმბაძესთან, რომლებიც მასთან ერთად არიან დაკავებულნი. ამასთან, ლევან დუმბაძემ სესხის ხელშეკრულება მას შედეგ გააფორმა, რაც ანზორ ქოქოლაძე დაკავებული იყო და პატიმრობაში იმყოფებოდა. ასეთი ხელშეკრულება დაახლოებით 50 კაცთან არის გაფორმებული, ესაა სესხის ხელშეკრულება, ანუ ამ ხალხმა ფული შეიტანა „ტექნო-ბუმში“. პროკურატურის ბრალდებით კი, ეს არის ფიქტიური ხელშეკრულებები, ანუ რეალურად ფული იქ არავის შეუტანია და ეს ანზორ ქოქოლაძის ფული იყოო. თუმცა, ეს რომ ანზორ ქოქოლაძის ფული იყო, არსაიდან ჩანს. პირიქით, არსებობს ოფიციალური ხელშეკრულებები და გამოძიებამ ამასთან დაკავშირებით 40 მოწმე უკვე დაკითხა, რომლებიც რეალურად ადასტურებენ თავიანთ ფულის წარმომავლობას“. რაც შეეხება მომავალ პროცესს, მაია ხუციშვილი აცხადებს, რომ ბოლო პროცესზე პროკურატურამ გააჟღერა, რომ მათ დრო მისცა საპროცესოსთან დაკავშირებით. თუმცა, გააჩნია, ანზორ ქოქოლაძეს რას შესთავაზებენ. „გამორიცხულია აღიარება, ანზორ ქოქოლაძე აცხადებს, მე არ ვაღიარებ, რაც არ ჩამიდენია. მან ისიც კი არ იცის, რომელი კანონი დაარღვია. გირაოს სახით ამ ეტაპზე ვეღარ გამოუშვებენ, რადგან გირაო არის აღმკვეთი ღონისძიების სახე და ახლა უკვე განაჩენისკენ მიდის საქმე“. |