თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება პროდუქციის წარმოების გარეშე

თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება პროდუქციის წარმოების გარეშე

საქართველოს ხელისუფლება ადგილობრივ ბიზნესზე თავისებურად ზრუნავს - მაღალ გადასახადებთან ერთად, ბიზნესს ხელისუფლების ტერორიც ემატება, რაც საბოლოო ჯამში, ადგილობრივ წარმოებას კლავს. სამაგიეროდ, იმპორტი წახალისებულია. რაც შეეხება ადგილობრივ საწარმოებს, ცნობილი ფაქტია, რომ ის აუცილებლად ხელისუფლების წარმომადგენლის ოჯახის, ან ნათესავ-მეგობრების საკუთრებაა. სხვა შემთხვევაში საქართველოში დღეს ბიზნესის წარმოება პრაქტიკულად შეუძლებელია.

ოფიციალური სტატისტიკით იმპორტირებული პროდუქცია ბევრად სჭარბობს ადგილზე წარმოებულს. სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, „საქსტატის“ მონაცემებით, 2011 წელს წინა წლებთან შედარებით, ბოსტნეულის იმპორტი 20%-ით არის გაზრდილი. ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველო ისტორიულად აგრარული ქვეყანა იყო. დღეს კი თურქეთიდან, ირანიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ ბოსტნეულს მივირთმევთ, რადგან მასზე ფასი იმდენად დაბალია, რომ ადგილობრივ გლეხს ბოსნტეულის სარეალიზაციოდ მოყვანა აღარ უღირს.

როგორც წესი, ქართველი ბიზნესმენები ამ თემებზე ღიად საუბარს გაურბიან. თუმცა, გამოჩნდა გამონაკლისიც. ეს არის მაკარონის მწარმოებელი კომპანია „ჯეოპასტი“-ს გენერალური დირექტორი მამუკა ბაღდავაძე, რომელიც აცხადებს, რომ იმპორტიორები ისეთ ფასს ადებენ საკუთარ პროდუქციას, რომ ადგილობრივ წარმოებას განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობა პრაქტიკულად აღარ აქვს. ბაღდავაძის თქმით, ვაჭრობაში კიდევ შეიძლება დაბალ მოგებაზე მუშაობა, მაგრამ საწარმოო პროცესი ისეთი რამ არის, რომ მასში მუდმივად იქმნება რაღაც პრობლემები. ამიტომ იმისათვის, რომ წარმოება განვითარდეს და წინსვლის შესაძლებლობა ჰქონდეს, მას უწევს მაღალ მოგებაზე მუშაობა.  

„მაკარონის იმპორტი ძირითადად ისეთი ქვეყნებიდან ხორციელდება (ყაზახეთი და აზერბაიჯანი), სადაც ხორბალიც იაფია და ენერგომატარებლებიც. ხოლო, როდესაც ნედლეული და ენერგომატარებლები იაფია, იქიდან აქამდე პროდუქციის მოტანას არაფერი უნდა. ამას ემატება საბაჟო გადასახადების არ არსებობაც. ამიტომ, იმპორტირებულ პროდუქციას ისეთ ფასს ადებენ, კონკურენციას ვერ ვუწევთ.

წარმოება წინ უნდა წავიდეს. შარშანწინ სიმძლავრე 100 პროცენტით გავზარდეთ, რადგან დავინახეთ, რომ იყო ამის შესაძლებლობა. მაგრამ მოგვიანებით მოხდა ისე, რომ ეს სიმძლავრე ვერ გამოვიყენეთ. 25 კაცი გვყავდა, დავასაქმეთ 50, მაგრამ შემდეგ ისევ 25-ზე ჩამოსვლა მოგვიწია. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, იმპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით უფრო მაღალი ფასი უნდა იყოს, რათა წარმოების განვითარება შევძლოთ“, - ამბობს მამუკა ბაღდავაძე presage.tv-სთან საუბარში.

ეკონომიკური ექსპერტი დავით ნარმანია აცხადებს, რომ იმპორტის ზრდა არ არის მხოლოდ ბოლო წლის ტენდენცია და სათავეს იღებს 2006 წლიდან, როდესაც იმპორტზე გაუქმდა საბაჟო გადასახადი. ეს იყო ქვეყნის ლიბერალური ეკონომიკის კურსი, რომელიც ბენდუქიძის ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილს შეადგენდა. ამასთანავე, იმპორტთან დაკავშირებული პროცედურები გამარტივდა, ანუ არასატარიფო ბერიერები შემცირდა, რამაც ნარმანიას თქმით, მეტი სტიმული მისცა იმპორტირებულ პროდუქციას.

„რა ხდებოდა ამ ყველაფრის პარალელურად საქართველოში? სახელმწიფო ამკაცრებდა ქვეყანაში გადასახადების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ანუ ბიზნესის საგადასახადო ტვირთი იზრდებოდა. ამასთანავე, საქართველო პატარა ქვეყანაა და იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც პოლიტიკა განსხვავებულია და სახელმწიფო ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, განსაკუთრებით წარმოებას, ასეთ ქვეყნებთან მიმართებაში საქართველო არაკონკურენტუნარიანია. რეფორმები, რაც საქართველოში ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით ტარდება, ძირითადად უფრო ზედაპირულ ხასიათს ატარებს და სისტემური არ არის“, - აცხადებს დავით ნარმანია presage.tv-სთან საუბარში.

ამასთანავე, იგი საუბრობს კიდევ სხვა ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყანაში იმპორტის წილის მატებას ადგილობრივ პროდუქციასთან შედარებით. კერძოდ, ბიზნესი წარმოებაში ხშირად იყენებს კრედიტებს. ეს ასეა ნორმალურ ქვეყნებშიც და ასე უნდა იყოს ჩვენთანაც. თუმცა, ნარმანიას თქმით, საქართველო კრედიტებზე ხელმისაწვდომობა მსოფლიოს 142 ქვეყანას შორის არის ერთ-ერთ ბოლო ადგილზე. ეს შეფასება ეყრდნობა გლობალური კონკურენტუნარიანობის 2012 წლის ინდექსს, რომელსაც გლობალური კონკურენტუნარიანობის ფორუმი აქვეყნებს. ჩვენთან კრედიტებზე მაღალი განაკვეთებია. როდესაც ბიზნესს მაღალი საპროცენტო განაკვეთებით აღებული კრედიტების ქვეშ მუშაობა უწევს, რა თქმა უნდა, მისი წარმოებული პროდუქცია უფრო ძვირია იმასთან შედარებით, ვიდრე იქნებოდა დაბალი საპროცენტო განაკვეთების არსებობის შემთხვევაში. ესეც დამატებითი ტვირთია ბიზნესისთვის.

„არის კიდევ სხვა ფაქტორები და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ქმნის ისეთ გარემოს, რომ ზოგადად, ჩვენთან ბიზნესის კეთება უფრო მეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ვგულისხმობ იმ ქვეყნებს, სადაც კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები ნაკლებია და ბიზნესის კეთებასთან დაკავშირებული რისკები უფრო დაბალია. მართალია, ჩვენთან ბიზნესის რეგისტრაციის და სხვა ადმინისტრაციული პროცედურები გაამარტივეს, მაგრამ ეს არის ბიზნესის კეთების გამარტივებასთან დაკავშირებული მხოლოდ ერთი ნაწილი. ამ დროს კი არის სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები, სადაც ჩვენ პრობლემები გვაქვს“, - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი.

აღსანიშნავია, რომ ყველაფერ ამის ფონზე საქართველოს ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ჩვენი ქვეყანა გააფორმებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ამერიკისა და ევროკავშირთან და ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა საინტერესოა, როგორ უნდა გაფორმდეს აღნიშნული ხელშეკრულება იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა პრაქტიკულად არაფერს აწარმოებს.

დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია, მაგრამ სხვა საკითხია, რა სარგებელს მოუტანს იგი საქართველოს. ნარმანიას მიაჩნია, რომ ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება  პროგრესია, რადგან ასეთ შემთხვევაში ვეროკავშირიც და შეერთებული შტატებიც საქართველოს მოსთხოვენ, გააუმჯობესოს ბინზესგარემო, უფრო მეტად იფიქროს ბიზნესის კეთებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების დარეგულირებაზე. ევროკავშირი განსაკუთრებით ითხოვს სურსათის უსაფრთხოების საკითხების დაცვას, სოციალური და შრომითი კანონმდებლობის მოწესრიგებას, ინტელექტუალური საკუთრების დაცვას და ა.შ. ეს კი დავით ნარმანიას თქმით, აიძულებს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას უფრო მეტი იფიქროს რეფორმებზე და ქმედითი რეფორმები გაატაროს.

„რაც შეეხება იმას, თუ რა სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას ამ ხელშეკრულების გაფორმება, რა თქმა უნდა, სარგებელი იქნება ის, რომ რაღაც ტიპის პროცედურები გამარტივდება. იგივე ვთქვათ, ევროპის ბაზარზე ფინანსური დაშვების ბარიერები შემცირდება, მაგრამ მეწარმეებმა თუ არ იფიქრეს იმაზე, რომ წარმოებული პროდუქციის ხარისხი გაუმჯობესდეს, სხვანაირად ევროპული და ამერიკული ბაზრები, რომლებსაც მაღალი მოთხოვნა გააჩნიათ, ამ პროდუქციას არ მიიღებენ. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ფონზე. სახელმწიფომ კარგად უნდა გაითავისოს თავისი როლი ამ საკითხთან მიმართებაში და მოაგვაროს ეს პრობლემები. ხოლო რაც ბიზნესზეა დამოკიდებული, მიუშვას ბიზნესი და ევროპისა და ამერიკის ბაზარი აჩვენებს მას, რას უნდა მიაქციოს ყურადღება და როგორი პროდუქცია აწარმოოს“, - აცხადებს დავით ნარმანია.