ნოტარიუსებს უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა ეზრდებათ

ნოტარიუსებს უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა ეზრდებათ

კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტის შემოღების შემდეგ ხელისუფლებამ კიდევ ერთი სიახლე შემოგვთავაზა. საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის არეალი გაფართოვდა. თუკი აქამდე ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს მხოლოდ გარიგებისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გასცემდა, ამიერიდან, ქირავნობის, სესხის, ვალისა და ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელშეკრულების საფუძველზე გასცემს.

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის, ბაჩანა შენგელიას განცხადებით, აღნიშნული სიახლე დაზარალებულ მხარეს თავიდან ააცილებს სასამართლო დავასა და დამატებით ხარჯს და საშუალებას მისცემს, გარიგების გაფორმებისას უფრო დაცულად იგრძნოს თავი.

„ანუ ნოტარიუსთან ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისას თუკი მხარეები ხელშეკრულებაში თავიდანვე ჩადებენ სააღსრულებო ფურცლის გაცემის პირობას, შემდგომში დავის წარმოშობის შემთხვევაში, დაზარალებულ მხარეს აღარ მოუწევს სასამართლოსთვის მიმართვა, სააღსრულებო ფურცელს გამარტივებული ფორმით, პირდაპირ ნოტარიუსისგან მიიღებს“, - განმარტა შენგელიამ.

რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც პიროვნება თავის კუთვნილ თანხას დროზე მიიღებს და თან ზედმეტი დროის, ენერგიისა და მატერიალური ხარჯების გარეშე. მაგრამ აქ საყურადღებოა ერთი მომენტი. კერძოდ, ქართველი ნოტარიუსები არაერთხელ ყოფილან მხილებულნი სხვადასხვა უკანონო ქმედებების ჩადენაში. ყველამ კარგად ვიცით, რომ თუნდაც იგივე საბინაო თაღლითობებში ძალიან ხშირად ნოტარიუსის დანაშაულებრივი ქმედებები იკვეთება. ამიტომ, როდესაც ნოტარიუსს უფლებები ეზრდება, ეს თავისთავად აჩენს კითხვას, გამოიყენებს ის ამ უფლებებს კეთილსინდისიერად? ამ საკითხთან დაკავშირებით presage.tv ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ ხელმძღანელს ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

ლია მუხაშავრია: „ჩვენს საზოგადოებაში, სადაც სამართლებრივი კულტურა და მართლშეგნების დონე ძალიან დაბალია და ადამიანები ძალიან ხშირად უარყოფენ ხოლმე ხელმოწერილი დოკუმენტებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ასეთი ინსტიტუტის შემოღება, რა თქმა უნდა, შექმნის უფრო მეტ კულტურას სამართლებრივი თვალსაზრისით. პრაქტიკაში ხშირად ხდება, რომ ადამიანს ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება არ უნდა და აცხადებს - მე ისე მოვაწერე ხელი, რომ არ ვიცოდი რაზე ვაწერდი და ა.შ. რაც რა თქმა უნდა, არ არის სიმართლე.

ახლა ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმების შემთხვევაში, ნოტარიუსი განუმარტავს მოქალაქეს, რომ ამ ხელშეკრულებას შეიძლება მოჰყვეს აღსრულებაც ისე, რომ მის მოწინააღმდეგე მხარეს არც დასჭირდეს სასამართლოსთვის მიმართვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შექმნის სწორედ პასუხისმგებლობის იმ განცდას და პასუხისმგებლობის იმ ვალდებულებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე საკონტრაქტო ურთიერთობებში.

ჩვენი საზოგადოება პოსტ-საბჭოთა პერიოდის შემდეგ მიეჩვია იმას, რომ პასუხისმგებლობა არ აიღოს საკუთარ თავზე, რის გარეშეც წარმოუდგენელია თანამედროვე ეპოქაში ცხოვრება. ამ თვალსაზრისით ჩვენ ძალიან განვსხვავდებით დასავლური საზოგადოების ადამიანებისგან. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს ცვლილება შეიძლება მხოლოდ პოზიტიური იყოს.

ნოტარიუსების მხრიდან ხშირად ხდება გარკვეული გადაცდომები. მართალია დაზარალებულისთვის მარტივდება თანხის ამოღება, მაგრამ ხომ არ შეიძლება, რომ ეს ნორმა ნოტარიუსსა და კონკრეტულ მოქალაქეს შორის გარიგების საფუძველი გახდეს?

- ჯერ ერთი, ახლა არც ერთ სანოტარო მოქმედებაზე არანაირი ტერიტორიული შეზღუდვა არ არსებობს. ადამიანს ნამდვილად შეუძლია აირჩიოს ის ნოტარიუსი, რომელსაც ის ენდობა. მეორეც, ეს შექმნის კონკურენციას თვითონ ნოტარიუსებს შორის, რომ მათ რაც შეიძლება კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად გასწიონ თავიანთი მომსახურება, რადგან მათი პასუხისმგებლობა იზრდება. ნოტარიუსებსაც აქვთ პროფესიული დაზღვევის ვალდებულება, ანუ თუ მათი მოქმედების შედეგად ვინმეს ზიანი მიადგება, მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა და ვალდებულება ეს ზიანი აანაზღაურონ. მესმის, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ნოტარიუსები კეთილსინდისიერად არ იქცეოდნენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა ამ მხრივ უკვე არის უკეთესობა.

ნოტარიუსთან დადებული ხელშეკრულება ისედაც უდავო წესით განიხილებოდა სასამართლოში. იქ არ იყო აუცილებელი, რომ მეორე მხარე, რომელიც უარყოფდა ამ ვალდებულებას, სასამართლო სხდომაზე მისულიყო. ახლა ეს პროცესი გამარტივდება, რადგან სასამართლოსთვის მიმართვის ვალდებულება პრაქტიკულად ფორმალური იყო.

თქვენ საუბრობთ მხარეზე, რომელიც არ აღიარებს ვალდებულებას, მაგრამ ხომ არის შემთხვევები, როდესაც მაგალითად სესხის ამღები აღიარებს თანხის დაბრუნების ვალდებულებას, მაგრამ უბრალოდ, იმ კონკრეტულ მომენტში არ აქვს სესხის დაბრუნების შესაძლებლობა. ხომ არ ფიქრობთ, რომ პირდაპირ სასამართლოს გარეშე ნოტარიული წესით სააღსრულებო ფურცლის გამოწერა ასეთი ადამიანების უფლებებს შელახავს?

- ამ შემთხვევაში, ეს არ არის სწორი მსჯელობა, რადგან როდესაც ერთი პირი მეორისგან იღებს სესხს, სესხის ხელშეკრულება გულისხმობს იმ ვადასაც, როდესაც მსესხებელმა თანხა უნდა დააბრუნოს. ამიტომ, თუ მან არ დადო სწორი პირობა დაბრუნების ვადის შესახებ, მას ყოველთვის რჩება შესაძლებლობა, აღიაროს, რომ აქვს ვალდებულება და სთხოვოს მეორე მხარეს, რომ ეს ვადა გაუგრძელოს მას. მეორე მხარის ინტერესებიც არ უნდა დაგვავიწყდეს. მას ჰქონდა მოლოდინი, რომ თავისი თანხა გარკვეულ ვადაში დაუბრუნდებოდა და თუ ახლა ეუბნებიან, რომ ამ ვადაში ფულს ვერ მიიღებს, შესაძლოა, იგი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ამიტომ, ეს არის არა ცალმხრივი, არამედ ორმხრივი გარიგება და ორივე მხარის ინტერესები თანაბრად უნდა იქნეს განხილული და გათვალისწინებული.

და ბოლოს, შეიძლება, რომ ეს ნორმა კომერციულ ბანკებსა და მათგან მსესხებელ პირებსაც შეეხოთ?

- არა, ბანკისა და მისი კლიენტის ურთიერთობაზე ეს არ აისახება. ყოველ შემთხვევაში, მე დაბეჯითებით ვურჩევდი ყველას, რომ საბანკო კრედიტის ამღებმა პირმა ეს არ გააკეთოს, თუმცა საბანკო კრედიტები ახლა გაიცემა მხოლოდ მყარი და რამდენიმე უზრუნველყოფის შემთხვევაში. იქ ხანდახან იპოთეკის გარდა თავდებობაც და სხვა ღონისძიებებიც არის გამოყენებული. ამიტომ, საბანკო ურთიერთობებში ეს პირობა არ იქნება გამოყენებული.