ქვემო ქართლის რეგიონში არჩევნებისთვის დიდი სამზადისი დაიწყო. ნაციონალური მოძრაობის ძველი სახეები, რეგიონში მათ ერთ-ერთ მთავრ დასაყრდენს, საჯარო სკოლების პედაგოგებსა, საბავშო ბაღების და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს შეხვდნენ.
გუშინ რუსთავს ვანო მერაბიშვილი, ჯანდაცვის და განათლების მინისტრის პირველი მოადგილეები და გიგი წერეთელი სტუმრობდნენ. მათი მთავარი მასპინძელი რეგიონის გუბერნატორი დავით კირკიტაძე იყო. პედაგოგებთან შეხვედრა ორ დაწესებულებაში – “რუსთავის თეატრსა” და რუსთავის “კინო რუსთაველში“ შედგა.
ორივე შეხვედრა დახურული იყო. ჟურნალისტებს ადგილობრივი თვითმმართველობის პრესსამსახური და დაცვის წევრები შენობაში შესვლის საშუალებას არ გვაძლევდნენ. დაბურულმინებიან მანქანებში მჯდომი პირები კი ფოტოებს გვიღებდნენ, ჩვენ გადაღება დაცვის თანამშრომლები გვიშლიდნენ.. “გადაიღოს, რა პრობლემაა. ხელი არ შეუშალოთ” - შეხვედრიდან გამოსული მერაბიშვილი პატარა ბავშვებივით არიგებდა ჭკუას დაცვის წევრებს.
იმაზე, თუ რა თემებზე ესაუბრა მერაბიშვილი რუსთაველ პედაგოგებს, თავად შეხვედრიდან გამოსული საზოგადოება საუბრობდა. “ბატონმა ვანომ თავის ჩვეული იუმორით ისაუბრა იმაზე, თუ რა რთული პერიოდი გამოიარა ქვეყანამ და ახლა რამდენად შემცირდა ჩვენთან დანაშაული. მართლაც, ვეთანხმები მას. დღეს თავს ბევრად უსაფრთხოდ ვგერძნობთ “ - საუბრობდა, რუსთავის მე-15 სკოლის პედაგოგი, ვილოეტა მუსხელიშვილი. შეხვედრიდან დადებითი განწყობით გამოვიდა 27-ე ბაღის მთავრი ექიმი, ნანული ქორიძე. “ჩვენ აქ ნაციონალური მოძრაობის და ჩვენი ხელისუფლების მხარდასაჭერად ვართ მოსული. ერთიან საქმეს ვაკეთებთ და ახლაც ერთად უნდა დავდგეთ“ - საუბრობდა მერაბიშვილთან და კირკიტაძესთან ერთ მუშტად შეკრული ქორიძე.
მას შემდეგ, რაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლის მოხსენებები მოისმინა, რუსთაველმა პედაგოგმა, მარინა კახაძემ აღნიშნა, რომ “ახლა დაინახა თვალნათლივ“, თუ რამდენი რამაა უკეთესობისკენ შეცვლილი. “დღეს კიდევ ერთხელ თვალნათელი გახდა ჩემთვის ქვეყნის წარმატებები და წინ წასვლა. მიხარია, რომ ამ ეპოქაში ვცხოვრობ. ღვთის წყალობით, ალბათ, კიდევ უკეთესობა გვექნება. სტუმრებმა სხვადასხვა თემებზე ისაუბრეს. ბ-ნ დავით კირკიტაძემ ისაუბრა ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. მერაბიშვლმა კი დარბაზში იკითხა ვინ არის ქალაქის პოლიციის უფროსი-ო. პასუხი დარბაზში არავინ იცოდა. აღნიშნა, რომ ამითაც ჩანს ქალაქში პოლიციის კარგი მუშაობა“ - ყვებოდა აფრთოვანებული კახაძე.
Presage.tv შეხვედრის ფოტოების გადაღებას “კინო რუსთაველის“ დაბურული მინიდან ცდილობდა. ჩვენი დანახვისას დაცვის თანამშრომლები და ადგილობრივი ნაც-აქტივი მინის მეორე მხრიდან წინ გვიდგებოდა. შეხვედრის ჩასაწერად რუსთაველის შენობაში მდებარე “ინტერნეტ კაფეში“ შევედით.
“ჯანდაცვის კუთხით ქვეყანაში ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. შემუშავებულია ახალი ჯანდაცვის პროგრამები, გექნებათ სოციალური დაცვის ბევრად უკეთესი პაკეტი“ - უხსნიდა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი რუსთაველებს. ამ საუბარს, ინტერნეტ კაფისა და „კინო რუსთაველის“ გამყოფი ხის კარიდან ვიწერდით. რამდენიმე წუთში ჩვენ გვერდით, რუსთავის თვითმმართველობის პრესსამსახურის თანამშრომელი ნონე ჯიჩოშვილი გამოჩნდა.
“ხომ გითხრეს, რომ ეს დახურული შეხვედრაა, რას აკეთებ?!“ - ნაციონალურ აღშფოთებას ვერ მალავდა ჯიჩოშვილი. “ინტერნეტ კაფის“ დატოვების შემდეგ კირკიტაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჟურნალისტებისთვის შეხვედრაზე დასწრება აკრძალული არ არის.
“ანგარიში ჩავაბარეთ ხალხს. ეს მთავრობისთვის პრიორიტეტია. ასეთ შეხვედრებს კვლავ გავმართავთ. ჩვენთან ერთად ივლიან სხვა სამინისტროს წარმომადგენლებიც. რაც შეეხება თქვენს კითხვას წინასაარჩევნო ელფერთან დაკავშირებით, თქვენ სრული უფლება გაქვთ, როგორი კონტექსტიდანაც გნებავთ, ისე შეხედოთ ამ საკითხს. ჟურნალისტებისთვის დასწრება არ არის აკრძალული. დამირეკეთ მე, ან პრესსამსახურს და შეგიშვებთ. ახლა შეხვედრა თითქმის დასრულდა და შესვლას აზრი არ აქვს.
მოგახსენებთ, რომ ჩვენი დამსწრე საზოგადოება იყვნენ პედაგოგები, სკოლის დირექტორები და, ასევე, სხვათა შორის, იყო სასაფლაოს დირექტორიც“ - გვიხსნიდა კირკიტაძე. “რა სასაფლაოს დირექტორი, რეებს იტყუები შენ?“ - საუბარში შორიდან გვერთვებოდა კარგ გუნებაზე მყოფი მერაბიშვილი.
Presage.tv -ის ინფორმაციით, მსგავსი წინასაარჩევნო შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის სახეებს რუსთავის საწარმოებშიც აქვთ დანიშნული. შეხვედრისთვის სამზადისი უკვე დაიწყო. უკვე, შედგენილია კონკრეტულ მოქალაქეთა სიები, რომლებიც ამ შეხვედრაზე სასურველი სტუმრები იქნებიან.