ძნელია შეეგუო იმ აზრს, რომ ჩვენს შორის აღარ არის ბატონი თენგიზ სანაძე – გამოჩენილი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და დიდებული პიროვნება. ცხოვრებიდან მისი უცაბედი წასვლა თითოეული ჩვენთაგანისათვის – მისი კოლეგებისა და თანამოაზრეებისათვის – მოულოდნელი და ძალიან სამწუხარო იყო. რაც დრო გადის, ამ დანაკლისს სულ უფრო და უფრო ვგრძნობთ და განვიცდით.
ჩვენთვის, „ქართული აკადემიის“ წევრებისათვის, ბატონი თენგიზი სამაგალითო პიროვნებად დარჩა თავისი პრინციპულობით, ვაჟკაცობითა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის ბრძოლაში შეუპოვრობით. „ქართული აკადემიის“ სხდომებზე მას არაერთხელ გაუმეორებია ცნობილი ფრაზა: „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“. და ამ ფრაზით იგი იმედსა და ოპტიმიზმს უნერგავდა მის გარშემო მყოფთ. მას ღრმად სწამდა და სჯეროდა, რომ ადრე თუ გვიან სიმართლე მაინც გაიმარჯვებს და ჩვენი ქვეყანა ჭეშმარიტი განვითარების გზას დაადგება. ძალიან საწყენია, რომ სწორედ ახლა, როცა საზოგადოებაში სასიკეთო ცვლილებების მოლოდინი წარმოიშვა და სიტუაციის რადიკალური გაუმჯობესების შანსი გაჩნდა, იგი ჩვენთან აღარ არის.
ბატონ თენგიზს უაღრესად დიდი ავტორიტეტი ჰქონდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, ამ აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების წევრებს შორის და, საერთოდ, ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალურ წრეებში. იგი იყო თავმჯდომარე მრავალი კომისიისა, რომლებშიც ქვეყნის საჭირბოროტო, აქტუალური საკითხები თუ პრობლემები განიხილებოდა და მათ გადასაწყვეტად სათანადო რეკომენდაციები მუშავდებოდა. ბატონი თენგიზის ყოველი საჯარო გამოსვლა იყო მკაცრ ლოგიკაზე აგებული, ღრმა ანალიზის შემცველი და, ამავე დროს, შინაგანად ემოციურიც. იგი არ ეგუებოდა უსამართლობის არანაირ გამოვლინებას და სააშკარაოზე გამოჰქონდა ყოველივე მანკიერი და ჩვენი ქვეყნისათვის საზიანო. ამიტომაც სრულიად ბუნებრივი იყო ის ფაქტი, რომ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განადგურების წინააღმდეგ გაშლილ საზოგადოებრივ მოძრაობაში მან ერთ-ერთი წამყვანი როლი იკისრა და კიდევაც ერთხმად იქნა არჩეული უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ. სწორედ ბატონი თენგიზის მსგავსი პიროვნებები უნდა ხელმძღვანელობდნენ საქართველოში მთავარ უნივერსიტეტს და არა ისინი, რომლებსაც არა აქვთ არც სათანადო მონაცემები, არც მოქალაქეობრივი მრწამსი და მოწოდება.
თავის სპეციალობაში ბატონი თენგიზი უბადლო პროფესიონალი გახლდათ და ბევრ შემთხვევაში უმარტივესად შეეძლო საქმეში ჩაუხედავი ადამიანისათვისაც კი აეხსნა ამა თუ იმ რთული ფიზიკური მოვლენის ძირითადი არსი.
ფუნდამენტურ მეცნიერებაში ბატონმა თენგიზმა გრძელი და სახელოვანი გზა განვლო უბრალო მეცნიერ-თანამშრომლიდან დაწყებული, აკადემიკოსობით დამთავრებული. მან მთელი რიგი პრესტიჟული პრემიები და ჯილდოები დაიმსახურა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და საპასუხისმგებლო, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე მან სტუდენტთა მრავალი თაობა აღზარდა.
სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ბატონ თენგიზთან ჩემი ურთიერთობა დროის ძალიან მოკლე მონაკვეთს მოიცავდა. აქ არ შემიძლია არ გავიხსენო ერთი დეტალი, რომელიც, ჩემი აზრით, ბატონი თენგიზის კოლორიტულ პორტრეტს საგულისხმო შტრიხს ჰმატებს. 2010 წლის 30 ოქტომბერს „ქართულმა აკადემიამ“ ჩაატარა კონფერენცია სახელწოდებით „მეცნიერება და განათლება საქართველოში – რეფორმის მიზნები და შედეგები“. კონფერენციის მსვლელობას, ბუნებრივია, ბატონი თენგიზი უძღვებოდა. გახსნისთანავე მან თავის შესავალ სიტყვაში დიდი აღშფოთებით აღნიშნა ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღით ადრე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაუგონარი დანაშაული ჩაიდინა – ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომლები შანტაჟითა და უხეში ზეწოლით გააძევა ინსტიტუტის კუთვნილი შენობიდან. შემდეგ ბატონმა თენგიზმა ილაპარაკა ამ ინსტიტუტის შექმნის ისტორიაზე, მისი თანამშრომლების მეცნიერულ წარმატებებზე, მის როლზე საქართველოში მყარი სამეცნიერო ტრადიციების ჩამოყალიბებაში, იმპაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშორისო მათემატიკურ ჟურნალზე, რომელიც ინსტიტუტის ბაზაზე გამოიცემა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ „ქართულმა აკადემიამ“ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვევა გაუგზავნა იმავე სამინისტროს მესვეურებს (კერძოდ, მინისტრ დ. შაშკინსაც), მაგრამ არც ერთი მათგანი კონფერენციაზე არ გამოჩნდა – დამნაშავეები დაიმალნენ და ამით გადაურჩნენ ბატონი თენგიზის რისხვას. თუმცა, ადრე თუ გვიან მათ მაინც მოუწევთ მრავალრიცხოვან დანაშაულზე მორალური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ვფიქრობთ, მოყვანილი პატარა ეპიზოდიდანაც კარგად ჩანს, რომ ბატონ თენგიზს გულთან ახლოს მიჰქონდა ყოველგვარი უსამართლო ქმედებით გამოწვეული ნეგატიური შედეგი და მწვავედ რეაგირებდა ამ ტიპის ქმედებებზე. უდავოდ, იგი იყო თვალსაჩინო ფიგურა იმ საზოგადოებრივ მოძრაობაში, რომელიც საქართველოში განათლებისა და მეცნიერების გადარჩენისათვის შეიქმნა და, შესაბამისად, იგი უკომპრომისოდ იბრძოდა ჩვენს ქვეყანაში ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს დასაცავად და გადასარჩენად.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ განადგურება არ უწერია იმ ქვეყანას, რომელშიც ბატონი თენგიზ სანაძის მსგავსი პიროვნებები იბადებიან და მოღვაწეობენ.
„ქართული აკადემიის“ სახელით ალექსანდრე ხარაზიშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, „ქართული აკადემიის“ წევრი