ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი ახალი განცხადებებით, სასამართლოს ამჯერადაც აოცებს. 77 ადამიანის მკვლელობაში დამნაშავე ტერორისტმა სასამართლოს პირველ სხდომაზე მოსამართლეთა შემადგენლობა გააპროტესტა და ერთწუთიან გამოსვლაში, მოითხოვა, რომ უდანაშაულოა და „დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლდეს.“
დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე, ანდერს ბრეივიკი დანაშაულს ისევ არ აღიარებს და მართლმსაჯულებას უნდობლობას უცხადებს. წინასწარ მომზადებული ტექსტში ის თამამად აღნიშნავს, რომ თავს დამნაშავედ არ სცნობს და მზადაა მსგავსი თავდასხმები კიდევ გაიმეოროს. ამბობს, რომ 77 ადამიანი საკუთარი ქვეყნის და იდენტურობის გადასარჩენად მოკლა, ნორვეგიას ლიბერალური იდეოლოგია ღუპავს და ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე თავდასხმების მოწყობით მან ქვეყანა და ხალხი სწორედ ამ იდეოლოგიისგან დაიცვა.
დამნაშავის მოსმენა ოსლოში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მართლმსაჯულება შეეცდება გაიგოს, თუ რა იყო ტრაგედიის მოტივი და არის თუ არა ბრეივიკი ფსიქიკურად აშლილი.
შეგახსენებთ, 2011 წლის ივლისში ოსლოდან 35 კილომეტრით დაშორებულ კუნძულ უტეიაზე, 32 წლის ანდერს ბერინგ ბრეივიკმა ბანაკში შეაღწია და ახალგაზრდებს 90 წუთის მანძილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდა. თავდასხმამდე 2 საათით ადრე ბრეივიკმა ოსლოში ბომბი აამოქმედა და ტერაქტი განახორციელა. 77 დაღუპულიდან 8 ოსლოში მომხდარ აფეთქებას შეეწირა, 69 კი კუნძულზე ნორვეგიის მმართველი ლეიბორისტული პარტიის მიერ მოწყობილი ახალგაზრდული ბანაკის წევრები იყვნენ.
ბანაკში ორი ქართველი გოგონა იმყოფებოდა. ერთ–ერთი, ნათია ჩხეტიანი ტერაქტს გადაურჩა. თამთა ლიპარტელიანი კი, რამდენიმე დღეში მოკლულთა შორის იპოვეს.
ბრეივიკის განცხადებით, მმართველი პარტიის აქტივისტებზე თავდასხმა გამართლებული იყო, ვინაიდან მისი პოლიტიკა ევროპაში „მუსლიმების შემოჭრის“ მიმართ ტოლერანტულია.
არის შანსი, რომ ბრეივიკი შეურაცხადად სცნონ და ფსიქიატრიული მკურნალობა დაუნიშნონ. სხვა შემთხვევაში მას 21 წლიანი პატიმრობა ელის, რომელიც შესაძლოა სამუდამო პატიმრობამდე გახანგრძლივდეს. ბრეივიკი აღაშფოთებულია, იმით, რომ ფსიქიატრები მას შეურაცხადად მიიჩნევენ, თავად ამას კატეგორიულად გამორიცხავს. ამბობს, რომ ექიმებს უბრალოდ არ უნდათ იმის გააზრება, რომ შესაძლოა ჯანმრთელმა ადამიანმა მსგავსი ქმედებები ჩაიდინოს. ბრეევიკი თავს პოლიტიკურ აქტივისტად მოიაზრებს და თავი სრულიად ქმედუნარიანი ჰგონია. მისი აზრით, პოლიტიკური აქტივისტის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაგზავნა „უფრო სადისტურია, ვიდრე მისი მოკვლა“.
ამ ყველაფრის პარალელურად, ბრეივიკი სასამართლოზე აცხადებს, რომ ის „ტამპლიერების რაინდების“ ორდენის წევრია, თუმცა გამომძიებლებმა ნორვეგიაში მსგავსი ორგანიზაციის არსებობის ვერანაირი მტკიცებულება ვერ იპოვეს. „ჩვენი აზრით ასეთ ქსელს ნორვეგიაში არასოდეს უარსებია“, - განაცხადა სასამართლოს ბრალმდებელმა სვეინ ჰოლდენმა.
დაცვის მხარის შუამდგომლობით, კოლეგიის წევრი ტომას ინდრებო საქმეს სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გაკეთებული კომენტარის გამო ჩამოაშორეს, სადაც ის ამბობდა, რომ ბრეივიკის ერთადერთი სასჯელი სასიკვდილო განაჩენია.