ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქალმა პატიმრებმა შესაძლოა შიმშილობა დაიწყონ. მიზეზი ასეთია - ისინი თვლიან, რომ ხელისუფლება დისკრიმინაციულ პოლიტიკას ახორციელებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ დანაშაულის ჩამდენ პირებს შორის. პატიმარი ქალები აცხადებენ, რომ თუკი მალაიზიაში დაჭერილ ქალბატონებს საქართველოს ხელისუფლება მფარველობს და ყველაფერი გააკეთა, რომ მათთვის სასჯელი შეემსუბუქებინა, მაშინ რა დააშავეს ქართულ ციხეებში მყოფმა ქალებმა.
გელა ნიკოლაიშვილი: „მოგხსენებათ, საქართველოს ხელისუფლებამ მალაიზიაში დაკავებული გორდაძე და კოხტაშვილი იხსნა სიკვდილით დასჯისგან. ჩვენმა ხელისუფლებამ დაიბრალა ეს ამბავი და რამდენად მართალია, ღმერთმა იცის. ყოველ შემთვევაში მან დიდი სამუშაოები გასწია და მოახერხა მათი სიკვდილთ დასჯისგან გადარჩენა. ქართულ ციხეში მყოფი პატიმარი ქალების პოზიცია ასეთია - რადგანაც შესაძლებელია, რომ ქალი პატიმრების მიმართ ასეთი ყურადღება გამოიჩინონ და თუ ეს პიარი არ არის, მაშინ აქ არ უნდა იყოს გარჩევა უცხოეთში დაპატიმრებულ და საქართველოში დაპატიმრებულებს შორის. მით უმეტს, ამ ქალბტონებს უფრო მსუბუქი ბრალდებებით 20-30 წლიანი პატიმრობები აქვთ შეფარდებული. აქედან გამომდინარე, ისინი მოითხოვენ, რომ რადგანაც ბოლო 10 წლის განმავლობაში არანაირი შეღავათები არ გავრცელებულა ქალი პატიმრების მიმართ, ხელისუფლებამ გამოიჩინოს მოწყალება და ყველა ქალს გაუნახევრონ სასჯელები, მით უმეტეს რომ თითქმის ყველა მათგანის სასჯელი ხელოვნურად არის გაზრდილი,“ - ამბობს გელა ნიკოლაიშვილი presage.tv -სთან საუბარში.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დეკლარირებული ნულოვანი ტოლერანტობა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ჩადენილ დანაშაულზე ვრცელდება, ხოლო სხვა ქვეყანაში ჩადენილ კრიმინალზე - არა. სხვა ქვეყანაში თუ მოხდა ამგვარი რამ, ჩვენი ხელისუფლება ძალიან ტოლერანტულია განსასჯელების მიმართ. აქედან გამომდინარე, ადვოკატის თქმით, რა თქმა უნდა, ქართულ ციხეში მყოფი პატიმარი ქალები გორდაძისა და კოხტაშვილის დაცვას და მათთვის შეღავათების დაწესებასაც მიესალმებიან, მაგრამ ამავე დროს მოითხოვენ შეღავათებს თავისთვისაც.
აქვე გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ პატიმარ ქალბატონებს სურდათ განცხადება, სადაც მათ ეს მოთხოვნა აქვთ ჩამოყალიბებული, საქართველოს პრეზიდენტის, სახალხო დამცველის, პარლამენტის თავმჯდომარის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაეგზავნათ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. ადვოკატის თქმით, პატიმრებს ამის საშუალება ციხის ადმინისტრაციამ არ მისცა და ამიტომ პატიმრებმა ნიკოლაიშვილს სთხოვეს, რომ გაევრცელებინა მათი ეს მოთხოვნა.
ისინი ითხოვენ, რომ აღდგომამდე მოხერხდეს ამ ღონისძიების გატარება მათ მიმართ. ამასთანავე, ადვოკატის თქმით, პატიმრების ნაწილი ამბობს, რომ ეს არის უბრალოდ თხოვნა და არა მოთხოვნა. მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ თუ ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა, შეიძლება მასობრივ შიმშილობასაც მიმართონ.
გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ მას დაურეკეს პატიმარმა ქალებმა და იგი რამდენიმე მათგანს ესაუბრა. ამასთანავე, ადვოკატი საუბრობს იმაზე, თუ რა ფორმით შეიძლება სამართლებრივად მოხდეს ამ ადამიანებისთვის სასჯელის განახევრება.
„ისინი არქმევენ ამას ერთჯერად აქტს და ერთჯერადი აქტის სახით ყველაფერი შესაძლებელია. შეიძლება, რომ ამას თუნდაც შეწყალების სახე მიეცეს იმ სახით, რომ ყველას გაუნახევრდეს სასჯელი. ის კი არა, თავის დროზე, სააკაშვილი რომ იუსტიციის მინისტრი იყო 2001 წლის დადგომასთან დაკავშირებით ყველა პატიმარს გამოუცხადა მინისტრის ბრძანებით მადლობა პირად საქმეში შეტანით. ეს მადლობა შემდეგ ვადამდე პირობით განთავისუფლებისთვის დახასიათებისთვის ადგებოდათ პატიმრებს. ასე რომ, შეუძლებელი არაფერია, მთავარია იყოს ნება“, - ამბობს ადვოკატი ნიკოლაიშვილი.