„კოჭოიას“ მითი დაინგრა

„კოჭოიას“ მითი დაინგრა

2011 წლის თებერვალში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ზარზეიმით გვამცნო, რომ დააკავეს რუსეთის აგენტები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტებს ახორციელებდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, ესენი იყვნენ გოგიტა არქანია და მერაბ ყოლბაია, მეტსახელად „კოჭოია“. ოფიციალური ინფორმაციით, ორივე მათგანმა სამართალდამცველებს აღიარებითი ჩვენებები მისცეს, რის საფუძველზეც კიდევ რამდენიმე პირი იქნა დაკავებული. თუმცა ამ ამბავს სხვა გაგრძელება მოჰყვა.

დღეს ყოლბაიაც და არქანიაც აცხადებენ, რომ ეს ჩვენებები სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლისა და საშინელი წამების შედეგად მისცეს და კატეგორიულად უარყოფენ ტერაქტების მოწყობას. უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი კი აცხადებს, რომ ამით საქმეს გამოეცალა ერთადერთი მტკიცებულება, ანუ ყოლბაიასა და არქანიას ჩვენებები, რაზეც მთელი სისხლის სამართლის საქმე იყო აგებული.

Presage.tv ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს ესაუბრა. მისი თქმით, საქმეში არის 12 მსჯავრდებული და სამი დაუსწრებლად გასამართლებული პირი, მათ უმეტესობას 25-30 წლიანი სასჯელები აქვთ შეფარდებული, მტკიცებულება კი არის მხოლოდ ყოლბაიასა და არქანიას აღიარებითი ჩვენებები. ამ ჩვენებების მიხედვით, თითქოს ეს ორი ადამიანი აფეთქებებს ახორციელებდა თბილისსა და სამეგრელოში. დანარჩენი მსჯავრდებულები დანაშაულს არ აღიარებენ, მხოლოდ სამმა ქალბატონმა, რომელიც ამავე ბრალდებით იყო დაკავებული, მისცა აღიარებითი ჩვენება და დღეს ისინი საპროცესო გარიგებით არიან განთავისუფლებულნი. თუმცა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ეს აღიარებითი ჩვენებებიც ზეწოლის შედეგად იყო მიღებული.

რაც შეეხება ყოლბაიას, მან განაცხადა, რომ რაც კი აქამდე ჩვენებები ჰქონდა მიცემული, ყველაფერი იყო ტყუილი, რადგან ეს ჩენებები ზეწოლის შედეგად იყო მიღებული. „კოჭოიას“ განცხადებით, როდესაც იგი დაიჭირეს, ფეხებში რვა ტყვია ესროლეს, შემდეგ საწერი კალამი გაუტარეს ამ ნატყვიარებში, ასე აწამებდნენ და არც კი იცის რაზე მოაწერინეს ხელი.

შემდეგ, როდესაც ამ ყველაფერზე ხელი მოაწერინეს და კამერების წინ ალაპარაკეს, მან გადაწყვიტა, რომ საქალაქო სასამართლოში პროცესზე დაკითხვისას იტყოდა სიმართლეს. მაგრამ გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ როდესაც ყოლბაიამ საქალაქო სასამართლოში დაიწყო ჩვენების მიცემა, პროკურორმა სასწრაფოდ მოითხოვა პროცესის გადადება იმ მოტივით, რომ ცუდად იყო და პროცესში მონაწილეობას ვერ გააგრძელდებდა. ადვოკატის თქმით, თუკი ყოლბაიას ჩვენება ოფიციალურად ჩაიწერებოდა, მისი დაკითხვის უფლება მეტად აღარ ექნებოდათ და სწორედ ამიტომ ითხოვდა პროკურორი პროცესის გადადებას.

ნიკოლაიშვილის თქმით, მეორე სხდომაზე ყოლბაია არ მოიყვანეს, რადგან საშინლად ნაცემი იყო და ეს ვიზუალურადაც ეტყობოდა. შემდეგ სხდომაზე მოიყვანეს და რა თქმა უნდა, მან შეცვალა ჩვენება და ისევ ყველაფერი აღიარა, ეს ხდებოდა საქალაქო სასამართლოში.

სააპელაციო სასამართლოში კი მოსამზადებელი სხდომა სექტემბერში ჩატარდა და ადვოკატ ნიკოლაიშვილის თქმით, იქიდან მოყოლებული დღემდე რამდენჯერმე ჩაინიშნა სასამართლო პროცესი, მაგრამ სხდომაზე მივიდოდა ახალი პროკურორი, იტყოდა, რომ საქმეს ჯერ არ იცნობდა და სხდომის გადადებას ითხოვდა. სხდომა გადაიდებოდა, შემდეგ მოვიდოდა ისევ ახალი პროკურორი და ა.შ. ნიკოლაიშვილის თქმით, ამ საქმეზე დაახლოებით ხუთი პროკურორი შეიცვალა.

ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა სააპელაციო სასამართლოში სხდომა 12 აპრილს ჩაინიშნა. ადვოკატი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პროკურატურის მოთხოვნით, ეს პროცესი იყო დახურული. გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ როდესაც ადვოკატები სასამართლო პროცესზე გამოცხადდნენ, 150 კაციანი სასამართლო სხდომის დარბაზი სავსე დახვდათ სრულიად უცხო ადამიანებით. ასევე სხდომის დარბაზში იყო 10-12 ვიდეო კამერა. როდესაც დაცვის მხარე დაინტერესედა, თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, მათ უპასუხეს, რომ ისინი სასამართლომ დაიქირავა.

ამასთანავე, ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლემ პროცესის მონაწილე მხარეებს განუცხადა, რომ სასამართლო პროცესი თავიდან უნდა დაეწყოთ. ამაზე დაცვის მხარე  აღშფოთდა და პროტესტი გამოაცხადა.

 „ჩვენ ვკითხეთ მოსამართლეს, რას ნიშნავს ეს ამდენი უცხო ადამიანი, ასევე ვიდეოკამერები და საერთოდ, ფილმი იყო ეს, თუ სპექტაკლი, მეორე დუბლს იღებდნენ თუ რა ხდებოდა“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.

სწორედ ამ პროცესზე მოყვა ყოლბაიამ მისი წამების შესახებ. მას უთქვამს: ამ განცხადების შემდეგ ვიცი ამაღამ რასაც გამიკეთებენ, ამის გამოცდილება მაქვსო. აქვე დაუმატებია, რომ თუ ამის შემდეგ გაირდაიცვლებოდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა თვითმკვლელობა. და ბოლოს, ყოლბაიას დაცვის მხარისთვის უთხოვია, თუ როდისმე ისეთ დღეში ჩამადგეს, რომ ჩვენება ისევ შევცვალე, იცოდეთ, ის ჩვენება არ გაიზიაროთ, სიმართლე ის არის, რასაც ახლა ვამბობო.

ადვოკატი ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლოს დარბაზში ვიდეოკამერებიანი ადამიანები იმიტომ ჰყავდათ მობილიზებული, რომ ყოლბაიას აღიარებითი ჩვენება უნდა ჩაეწერათ, მაგრამ „კოჭოიამ“ მათ სიურპრიზი მოუწყო და წამებაზე დაიწყო საუბარი. რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ ალაპარაკდა ყოლბაია, გელა ნიკოლაიშვილი ფიქრობს, რომ  როდესაც მას აღიარებითი ჩვენება მიაცემინეს, ეტყობა რაღაცას დაჰპირდნენ, მაგრამ შემდეგ არ შეუსრულეს, 30 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს და ფაქტიურად, ამ ადამიანმა თავი გადადო. იფიქრა, რომ ეს 30 წელი მაინც ნელი სივკდილია და დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს ყოლბაიას ჩვენების შესახებ უთქვამს, რომ ეს არის არა ჩვენება, არამედ შესავალი სიტყვა, ანუ მან დაცვის მხარეს მიანიშნა, რომ ამ განცხადებას არ გაითვალისწინებდა.

„თუმცა ფაქტია, რომ მთელი ეს საქმე ემყარებოდა ამ ადამიანის და გოგიტა არქანიას ჩვენებებს. აღსანიშნავია, რომ „კოჭოიას“ შემდეგ არქანიამაც მისცა ჩვენება. მან არ უარყო, რომ თბილისში მომხდარი აფეთქებები იყო მისი მოწყობილი, მაგრამ სხვა მსჯავრდებულებზე თქვა, რომ ისინი არანაირ შეხებაში არ იყვნენ ამ აფეთქებებთან, უბრალოდ, ეს მას ათქმევინეს, რათა შექმნილიყო ილუზია, რომ დაიჭირეს ტერორისტთა დიდი დაჯგუფება. რაც შეეხება სამეგრელოში აფეთქებებს, არქანიამ ამ აფეთქებებთან მისი კავშირი კატეგორიულად უარყო. თბილისის აფეთქებები კი გაამართლა იმით, რომ იგი თავდაცვის სამინიტროს სპეც-დანიშნულების რაზმში მუშაობდა, სხვადასხვა ოპერაციებში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, მათ შორის ერაყში სამშვიდობო ჯარის შემადგენლობაშიც იმსახურა და შემდეგ გალის რაიონში იღებდა რუსების საიდუმლო ობიექტებს, რა დროსაც იგი რუსებმა დაიჭირეს და აიძულეს, რომ თბილისში ეს აფეთქებები მოეწყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, გალში მცხოვრები მისი მშობლების დახოცვით ემუქრებოდნენ“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი presage.tv -სთან საუბარში.

რაც შეეხება დანარჩენებს, ყოლბაიამაც და არქანიამაც კატეგორიულად უარყვეს სხვა მსჯავრდებულების რაიმე სახის მონაწილეობა ამ საქმეში. აქვე ნიკოლაიშვილი ხაზს უსვამს ერთ საინტერესო გარემოებას, კერძოდ, ყველა მსჯავრდებულს, თუ ქალებს არ ჩავთვლით, დამატებით ბრალდებად წაყენებული აქვთ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

„საქმის მასალების მიხედვით, პოლიციის წარმომადგენლები მიდიან ამ ადამიანებთან, ეუბნებიან, რომ ისინი მოწმის სახით არიან დაბარებულები და ამ დროს ეს ადამიანები, სულ სხვადასხვა დროსა და ადგილას, ყველა ერთად გაგიჟდა და უწყების მიმტანზე იწყებენ გაწევას, ლანძღვა - გინებას, ტანსაცმლის ჩამოხევას და ა.შ. მტკიცებულების სახით ყველას წინააღმდეგ საქმეში დევს ან პოლიციელის სამხრე, ან აწყვეტილი ღილი და ა.შ. თითქოს, ამ უწყების მიღების დროს პოლიციელებს გაუწიეს წინააღმდეგობა, როგორც ჩანს, ეს სათადარიგო ბრალდებად ჰქონდათ, ანუ, თუ არ გამოუვიდოდათ „კოჭოიასა“ და არქანიასთვის აღიარებითი ჩვენების გამოძალვა, სათადარიგო ბრალდებად ექნებოდათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რაც ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ეს სასჯელი თითოეულ მსჯავრდებულს აქვს დამატებული“, - ამბობს ნიკოლაიშვილი.