შპს “რუსთავის ნაგავსაყრელმა“ წელს რუსთავის ბიუჯეტიდან 779 181 ლარი, ხოლო გარდაბნის ბიუჯეტიდან 194 795 ლარი მიიღო. აღნიშნული შპს, რომელიც 2011 წელს ევროსტანდარტებით აშენებულ რუსთავის ნაგავსაყრელს განკარგავს, საერთო ჯამში 973 976 ლარს ფლობს. საინტერესო დეტალი კი ისაა, რომ აღნიშნული თანხის განმკარგავი შპს “რუსთავის ნაგავსაყრელი“ თავად რუსთავის მერიამ და გარდაბნის გამგეობამ დააფუძნა.
“თვითმმართველი რუსთავის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ბრძანებების შესაბამისად შეიქმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “რუსთავის ნაგავსაყრელი“, სადაც დამფუძნებლების წილობრივი მონაწილეობა გადანაწილდა შემდეგი პროცენტული ოდენობით: რუსთავი - 80%, ხოლო გარდაბანი - 20%“ - ვკითხულობთ, რუსთავის მერიის შემუშავებულ “რუსთავის ნაგავსაყრელის“ პროგრამაში. ამ შპს-ს იურიდიული მისამართიც კოსტავას №20-ია, სადაც ქალაქის მერიაა განთავსებული. შპს-ს დაარსების შემდეგ რუსთავისა და გარდაბნის ნაგვის მოვლა-პატრონობის უფლებაც მას გადაეცა.
რუსთავისა და გარდაბნის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ადვილი აღმოჩნდა თვითონვე დაეარსებინათ შპს და შემდეგ საკუთარი ბიუჯეტით თავადვე დაეფინანსებინათ იგი.
“ამაში უკანონო არაფერია. დიახ, ჩვენ შევქმენით ეს შპს და ჩვენვე ვაფინანსებთ. 80%-ით აფინანსებს რუსთავის მერია და 20%-ით – გარდაბნის მუნიციპალიტეტი. გარდაბანი აფინანსებს, რადგან ნაგავსაყრელი მასაც ემსახურება“ - გვიხსნის რუსთავსი მერი, ზაქარია დარჩიაშვილი.
შპს “რუსთავსი ნაგავსაყრელმა“ უპრობლემოდ და უკონკურენტოდ მიიღო რუსთავის და გარდაბნის ბიუჯეტიდან 973 976 ლარი. მეორე საინტერესო დეტალია – სჭირდება თუ არა ნაგავსაყრელს ექვსნიშნა ციფრიანი ბიუჯეტი...
“გაყვანილობებისა და დანადგარების შენახვისა და მათი მიმდინარე შეკეთების ხარჯები – 205 047 ლარი; ხელფასები - 270 600 ლარი; ოფისის ხარჯი - 64 000; სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯი - 19 200 ლარი“- ვკითხულობთ შპს “რუსთავის ნაგავსაყრელის“ პროგრამაში.
მიუხედავად იმისა, რომ ნაგავსაყრელი გასული წლის ბოლოს აშენდა და სულ რაღაც რამდენიმე თვეა მუშაობს, მისი დანადგარების შეკეთებისთვის ქალაქის ბიუჯეტი 205 047 ლარს ხარჯავს.
“32 000 მოქალაქე გვყავს აღრიცხვაზე. დასუფთავების გადასახადს მათგან ვიღებთ“ - ამბობს რუსთავის მოსაკრებლების სამსახურის უფროსი, ზაქრო დათუაშვილი.
თუ დავითვლით მათ გადახდილ თანხას - წელიწადში მხოლოდ ფიზიკური პირებიდან დაახლოებით 13 000 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებული დასუფთავების გადასახადი ვერ უზრუნველყოფდა ნარჩენების გატანის თანხას, რუსთავის ხელისუფლება დასუფთავების გადასახადს მარტივად გაზრდიდა. მეორე უცნაურობა კი ის არის, რომ ნაგავსაყრელებისთვის სპეციალური ტექნიკის უზრუნველყოფა რამდენიმე თვის წინ კომპანია “Galoper”-მა უზრუნველყო. აქ კი ვხედავთ, რომ ნაგავსაყრელს ტექნიკის გამართვისთვის სოლიდური თანხა უდევს.
ამ თანხების მართლზომიერ ხარჯვას კი რუსთავის და გარდაბნის მუნიციპალიტეტი უნდა დაუკვირდეს, მაგრამ ინტერსთა კონფლიქტი სახეზეა. ვინ უნდა გააკონტროლოს მათ შპს, რომელიც მათია?!..
ასე რომ, ერთი შეხედვით საათივით აწყობილ რუსთავის და გარდაბნის ნაგავსაყრელში დღეს საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე მეტი ფული შედის.