მედიაგაერთიანება „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის“ წევრებმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინ საპროტესტო აქცია, სახელწოდებით _ „მარეგულირებელო, არეგულირე! ნუ ზღუდავ!“ გამართეს და ეს უწყება მედიაზე ზეწოლაში დაადანაშაულეს. იმავდროულად, შესაბამისი პეტიციაც შეიმუშავეს, რომელიც საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადაუგზავნეს. აქციის მონაწილეებს პლაკატები ეჭირათ, წარწერით: „არეგულირე! ნუ ზღუდავ!“
მედიაგაერთიანებაში გაწევრიანებული მედიასაშუალებების წარმომადგენელთა შეფასებით, საქართველოში სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება კვლავაც შეზღუდულია, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ორმაგი სტანდარტით მოქმედებს და თავისუფალ მედიაზე ზეწოლას ახორციელებს. ამის გამო აღარ დარჩა სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ალტერნატიულ ინფორმაციას გაავრცელებს.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია სიხშირეების დარეგულირების ნაცვლად, თავისუფალ ტელევიზიებზე ზეწოლის მექნიზმად ჩამოყალიბდა, რომლის პერმანენტული ზეწოლის გამო, ადგილობრივი დამოუკიდებელი მაუწყებლები კონკურენციას ვერ უწევენ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ეროვნულ მაუწყებლებს“, - ნათქვამია მედიაგაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებში.
კონკრეტულად, აქციის მონაწილეებმა კომუნიკაციების ეროვნული კომისია ტელეკომპანიებზე „მე-9 არხი“, „თრიალეთი“, ასევე, საკაბელო ტელევიზია Global-TV-ზე ზეწოლაში დაადანაშულეს. მედიაგაერთიანება მარეგულირებელისგან მოითხოვს, ჟურნალისტებისა და ექსპერტების თანდასწრებით შემოწმდეს „თრიალეთის“ მიერ ლიცენზიით მინიჭებულ სიხშირეებზე მაუწყებლობა და შეწყდეს ტელეკომპანია „მე-9“ არხზე განხორციელებული ზეწოლა.
ტელეკომპანია „მე-9 არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, თამარ რუხაძის განცხადებით, მათ საბაჟო სამსახურის მხრიდან ტექნიკური პრობლემები დღემდე ექმნებათ, მათ ტექნიკას ინტენსიურად უქმნიან პრობლემას საბაჟო ტერმინალებში და გამიზნულად აფუჭებენ. გარდა ამისა, მათ, ასევე, სატელიტური ანტენების დაყენების პროცესში უქმნიან წინააღმდეგობას. კერძოდ, რაიონების მოსახლეობა შეშინებულია და ითხოვენ, მოიხსნას ყველა ის ანტენა, რომელიც თავის დროზე Global-TV-მ მათთან დაამონტაჟა.
აქციაში, ასევე, მონაწილეობდა Global-TV-ის მარკეტინგის დირექტორი ზურაბ ბაზლიძე, რომლის თქმითაც, მარეგულირებელი ხელოვნურ პრობლემებს უქმნის მათ კომპანიას. კერძოდ, მარეგულირებელი მათ მიმართ პერიოდულად პასიურ პოზიციას იჭერდა და აცხადებდა, რომ ქართული არხების საკითხი მისი რეგულირების სფეროს სცდებოდა. თუმცა, ზოგჯერ მარეგულირებელი საკუთარ უფლებამისილებას აჭარბებდა და ხელოვნურად ერეოდა მათ საქმიანობაში, თუნდაც, უცხოურ არხებთან მიმართებით.
ზურაბ ბაზლიძეს აინტერესებს, თუკი ქართული არხების საკითხი არ არის მარეგულირებლის რეაგირების საგანი, მაშინ რატომ ვრცელდება მარეგულირებლის უფლებამოსილება უცხოურ არხებთან მიმართებით?!
ტელეკომპანია „მაესტროს“ ხელმძღვანელი მამუკა ღლონტი ტელეკომპანია „თრიალეთისა“ და Global-TV-სთვის შექმნილ პრობლემებს აპროტესტებს. მისი თქმით, მარეგულირებელმა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე 5000 ლარით დააჯარიმა ტელეკომპანია „თრიალეთი“, მაშინ,როცა ამავე რეგიონში უკანონოდ მაუწყებლობს სხვა ტელეკომპანია. გარდა ამისა, მარეგულირებელმა Global-TV-ს ტელეკომპანია TNT-ს საკუთარ ბადეში ჩასმის უფლება არ მისცა. მამუკა ღლონტმა მოუწოდა „მედიის სადამსჯელო ორგანიზაციას“ - მარეგულირებელ კომისიას, თავი შეიკავოს სისხლის სამართლის დანაშაულისგან.
პოლიტიკურმა პარტიამ „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა“ საპროტესტო აქციას სოლიდარობა გამოუცხადა. მისი პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში მედიის მდგომარეობას დემოკრატიასა და თავისუფალ აზრთან საერთო არაფერი აქვს და აზრის გამოხატვის თავისუფლება საქართველოში სულ უფრო ხელმიუწვდომელი ხდება.