თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომელიც ოშკის და იშხანის გადარჩენის სანაცვლოდ ითვალისწინებს ბათუმში „აზიზიეს მეჩეთის“ აშენებას და ახალციხის რაბათის კომპლექსში „აჰმედიეს მეჩეთის“ რესტავრაციაში თურქული მხარის ჩართვას, presage.tv საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ წარმომადგენელს კობა ხაბაზს შეხვდა და ესაუბრა.
შეგახსენებთ, რომ კობა ხაბაზი მზადაა ოშკის გადარჩენის სანაცვლოდ მეჩეთი მისი სახლის გვერდით აშენდეს. ეს განცხადება მან პარლამენტის ტრიბუნიდან 13 მარტს გააკეთა - „ნეტა, აღგვადგენინონ ბანა, ოთხთა ეკლესია, ოპიზა და თუ უნდათ, კიდევ ოთხი მეჩეთი ააშენონ, თუნდაც ჩემს სახლთან, ქობულეთში“.
განიხილა თუ არა თქვენი შეთავაზება ხელისუფლებამ, „აზიზიეს მეჩეთის“ თქვენს სოფელში აშენების შესახებ?
კობა ხაბაზი: ეს შეთავაზება არ ყოფილა. მე ვთქვი, რომ თუ მოგვცემენ ბანას და ოპიზას აღდგენის საშუალებას, თანახმა ვარ მეჩეთი ჩემს სახლთან აშენდეს-მეთქი.
ოპიზა ხომ ააფეთქეს, მის საკურთხეველზე ახლა გზა გადის და რა უნდა აღდგეს?
- არა, არ აფეთქებულა. იქ არის დარჩენილი ერთი წრიული სეგმენტი - ეს იყო დაახლოებით 10 წლის წინ, როცა მე ვიყავი ჩასული და მოვინახულე. ექვთიმე თაყაიშვილის მოგზაურობის შემდეგ მეორე გუმბათი ჩამოშლილი იყო და დარჩენილი დამხვდა ერთი წრიული მონაკვეთი.
თუ ეს ეკლესიები აღდგება, თანახმა ვარ, თუ გინდ ჩემს სახლთან ააშენონ მეორე „აზიზიას მეჩეთი“. ასე რომ, ეს შეთავაზება კი არ ყოფილა?! მე თანხმობას ვაძლევდი და ახლაც მზად ვარ დიდი სიამოვნებით დავუთმო ადგილი.
თქვენს თანასოფლელებს, აჭყვისთაველებსაც ანალოგიური პოზიცია აქვთ?
- მათი პოზიცია არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ საკითხს ჩემი თანასოფლელები გაგებით მოეკიდებიან. ვინც ერთხელ მაინც არის ნამყოფი და ნანახი აქვს რა ხდება, რა მდგომარეობაშია ოშკი, მე მგონი ამ კითხვას აღარ დასვამს.
მესმის, რომ საკითხი ისმება ასეთნაირად - „თურქეთი ვალდებულია ქართული ძეგლები აღადგინოს“. ასეთი მიდგომა ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. მე ვიცი, რომ ოშკი კატასტროფის პირასაა და თუ გავა ერთი და ორი წელი, ოშკი დაინგრევა, ჩამოიქცევა. შემდეგ იმის გარჩევა თურქეთს უნდა გაეკეთებინა, თუ არ უნდა გაეკეთებინა, ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება. დღეს ვიცი ის, რომ ოშკი უნდა გადარჩეს.
გგონიათ, რომ ხელშეკრულების არსებული ფორმით ხელმოწერის მოწინააღმდეგეები ოშკის გადარჩენაზე არ ფიქრობენ?
- ამ ეტაპზე ისინი ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირებაზე ფიქრობენ, თორემ, ოშკის გადარჩენაზე, რომ ფიქრობდნენ, მაგაზე აღარ იკამათებდნენ.
მოდით მე სხვანაირად დავსვამ შეკითხვას - რას ვიზამდით, უარს ვეტყოდით, ვთქვათ ბათუმში 500, 1000 მუსლიმანი (და არიან კიდეც ასეთები), რომ გამოჩენილიყო და მათ მეჩეთის აშენება მოეთხოვათ?
ქართველ მუსულმანებს ქართული ფულით მეჩეთის აშენებაზე უარს მგონი არავინ ეუბნება.
- და რა იცვლება ჩვენთვის?! აშენდება მეჩეთი და ამით ოშკი გადარჩება.
თქვენ იცით „აზიზიეს მეჩეთის“ აშენებასთან დაკავშირებით საქართველოს მუსულმანთა სამმართველოს ხელმძღვანელის, ჯემალპაქსაძის პოზიცია?
- არა, არ ვიცი.
მან საჯაროდ დააფიქსირა თავისი უარყოფითი პოზიცია.
- ხალხო, მე არ მაინტერესებს. მე მინდა ოშკის გადარჩენა. მე არ მაინტერესებს ამაზე ვის რა პოზიცია აქვს.
იცით როგორია საქართველოს ეკლესიის პოზიცია?
- არა. ამ შემთხვევაში მე ვიცი ცალსახად ერთი რამ - ოშკი უნდა გადარჩეს! „ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური მოგზაურობა თურქეთში“ - მე ეს წიგნი თურქეთში ყოფნისას წაღებული მქონდა, სადაც არის დასურათებული, თუ რა მდგომარეობაში იყო ტაძრები, ექვთიმე თაყაიშვილის დროს.
აქამდე რატომ არ ლაპარაკობდით ოშკის გადარჩენაზე?
- მე არ ვლაპარაკობდი?! ოშკის კედლებს როცა ვეფერებოდი, ზუსტად მაშინ ვთქვი - ნეტავ თუ მოვა ოდესმე ისეთი დრო, რომ ამ ოშკის გადარჩენაზე ვინმემ შეძლოს და იფიქროს-მეთქი. მეტსაც ვიტყვი - იგივე აქციების და იმის დროს მოყოლილი მაქვს რა მდგომარეობაშია იყო ოშკი.
ხოლო რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტულად ამაზე მომხდარიყო მოლაპარაკება, ეს იყო და არის კულტურის სამინისტროს, პრეზიდენტის პრეროგატივა, რომლებმაც ეს მოახერხეს. გუშინ რომ ყოფილიყო ეს მოლაპარაკება, დღეს იგივე შეკითხვა გაჩნდებოდა - რატომ ერთი წლის წინ არაო?! როცა მოხერხდა, მოლაპარაკება დაიწყო, დღეს ოშკის გადარჩენა შეიძლება და უნდა გადავარჩინოთ!
ოშკის გადარჩენის ერთადერთი გზა ხელშეკრულების გაფორმებაა?
- ვინმე უკეთეს გზას თუ მოიფიქრებს, ტაშს დავუკრავ, ვინც არ უნდა იყოს, ოპოზიციიდან იქნება ის თუ პოზიციიდან, მაგრამ თუ კი ოშკი დაინგრევა, ასეთ შემთხვევაში მე ჩვენს ხელისუფლებაზე ვიქნები გულნატკენი.
არავინ იცის რაზე აწერს ხელს საქართველოს ხელისუფლება, რა წერია შეთანხმებაში.
- ძალიან კარგად ვიცით ხელს რაზე ვაწერთ.
რაზე აწერთ?
- ოშკის და ხახულის ეკლესიების აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში აშენდება „აზიზიას მეჩეთი“.
ოშკის და იშხანის აღდგენის სანაცვლოდ.
- უკაცრავად, იშხანის. ჩვენს მიერ მითითებულ ადგილას ბათუმში აშენდება ხის „აზიზიას მეჩეთი“.
ნანახი გაქვთ ხელშეკრულების ტექსტი?
- არა, მაგრამ მე ვარ იმ გუნდის წევრი, რომელი გუნდის წევრებსაც ვენდობი და თუ თქვენ გაქვთ ეს უნდობლობა, მე ეს უნდობლობა არ მაქვს.
ნიკა რურუას ენდობით?
- ვენდობი.
თვალდახუჭული ენდობით?
- ყველა ამ საკითხში ვენდობი, რადგან ერთი გუნდის წევრები ვართ.
არ მოგითხოვიათ, რომ ჩაგეხედათ ხელშეკრულების პროექტში, გაგეგოთ კონკრეტულად რაზე მიდის მოლაპარაკება?
- არ მაინტერესებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ხალხნო, თქვენ გაინტერესებთ ხელისუფლების კრიტიკა და მე მაინტერესებს ოშკის გადარჩენა! ეს განსხვავება არის ჩვენს შორის და რა ვქნათ?!
ამას ჩემი მისამართით ამბობთ?
- არა. მე ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც კითხვებს ამ ფორმით სვამენ. საერთოდ, ჟურნალისტი იმეორებს ადამიანების რაღაც ფენის შეკითხვებს და ის სვამს ამ შეკითხვებს.
უნდა იყოს თუ არა საზოგადოების აზრი გათვალისწინებული, ხელშეკრულების გაფორმებისას?
- საზოგადოების აზრი გათვალისწინებული არ უნდა იყოს. ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ეს ნაბიჯი უნდა გადადგას. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ხალხისთვის რაღაც შეიძლება მიუღებელი იყოს, თუ ჩავთვლით, რომ ეს ქვეყნისთვის აუცილებელია, ჩვენ უნდა გავაკეთოთ და შემდეგ დაე თაობებმა განგვსაჯონ.
ეკლესიის პოზიცია რამდენად უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ?
- ეკლესიის პოზიცია იქნება გათვალისწინებული, თუ ოდესმე საუბარი შეეხება ეკლესიებში წირვა-ლოცვას და ასე შემდეგ.
სხვა შემთხვევაში არა?
- მათი პოზიცია გათვალისწინებული იქნება აღდგენის პროცესში და ასე შემდეგ.
არც ქართველი მუსულმანების პოზიციას გაითვალისწინებთ?
- არა. ოშკის გადარჩენაზე არავის პოზიციას არ გავითვალისწინებთ, გარდა იმისა, რომ ოშკი გადარჩეს, ხოლო თუ ვინმე უკეთეს გზას მოიფიქრებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - სიამოვნებით დავუკრავ ტაშს, მაგრამ ჯერჯერობით, ასეთი გზა არავის არ შემოუთავაზებია.
რატომ არ სცადეთ იუნესკოსთვის მიგემართათ, თურქეთთან მოლაპარაკებები ხომ 2005 წლიდან მიმდინარეობს?!
- ვინ თქვა რომ არ ვცადეთ?! იუნესკოსადმი დაახლოებით ორმოცამდე წერილია მიწერილი, ორმოცამდე მოლაპარაკებაა გამართული.
ვინ მიწერა იუნესკოს, ორმოცჯერ?
- ეს პროცესი ჯერ კიდევ წინა კულტურის მინისტრის დროს დაიწყო.
ამის შესახებ პირველად მესმის.
- თქვენ თუ პირველად გესმით, არ ნიშნავს, რომ ასე არ ყოფილა.
შეგიძლიათ მაჩვენოთ ამ წერილების ასლები?
- მე არ შემიძლია. კულტურის მინისტრთან როცა იყო შეხვედრა, მაშინ იყო საუბარი იუნესკოსთან რამდენი ხანი იყო მოლაპარაკება ამ საკითხებზე.
თქვენი ნათქვამის საფუძველზე კულტურის სამინისტროს ოფიციალურად მივმართავ.
- მიმართეთ. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
და იუნესკოსგან უარი მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ?
- არა. ეს არის მოლაპარაკების პროცესი და ასე შემდეგ, მაგრამ მოლაპარაკებები, რომ კიდევ სამი წელი გაგრძელდეს, ძეგლი აღარ დარჩება. ეს ვიცი მე.
P.S. კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, თამარ ჩიხლაძეს ტელეფონით დავუკავშირდით და ვკითხეთ - კულტურის სამინისტრო იუნესკოსთან აწარმოებდა თუ არა მოლაპარაკებას, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების გადასარჩენად. მან მოგვიგო, რომ ამ კითხვაზე პასუხს 11 აპრილს, დღის მეორე ნახევარში გაგვცემს.