რუსეთში სულხან-საბა ორბელიანისა და ბაგრატიონების საფლავები ნადგურდება

რუსეთში სულხან-საბა ორბელიანისა და ბაგრატიონების საფლავები ნადგურდება

გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე ქართველთა რუს სიძეს, ნინო ჭავჭავაძის მეუღლეს ალექსანდრე გრიბოედოვს ანდერძი დაუტოვებია, მთაწმინდაზე დამასაფლავეთო. ალექსანდრე გრიბოედოვს ანდერძი შეუსრულეს, მაგრამ რუსეთ-საქართველოს პერიოდული დაპირისპირებისა და ე.წ. ცივი ომის დროს ანტირუსული მანტიის მოსარგებად ჩვენი ხელისუფლების წარმომადგელები ხან პუშკინის ძეგლის აღებაზე ალაპარაკდებიან, ხანაც გრიბოედოვის ნეშტის მთაწმინდიდან გადასვენებაზე. თუმცა, საბოლოოდ, ეს ყველაფერი ხელისუფლების რიტორიკად რჩება და საქართველოში ჩამოსული ცნობილი რუსების საფლავებიცა და ქანდაკებებიც ხელშეუხებელია. სამაგიეროდ, ქართულ ძეგლებთან მიმართებით რუსეთში საფრთხე უფრო რეალურია. უკვე ცნობილია, რომ რუსეთში, დაბა ვსესვიატსკოეში ბაგრატიონთა უძველეს საფლავს საფრთხე ემუქრება. დარეჯან დედოფლის მიერ აგებულ ყველაწმინდას სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სულხან-საბა ორბელიანი და სხვა ქართველი მოღვაწენი არიან დაკრძალულნი, მოსკოველმა მაღალჩინოსნებმა უკანონო მშენებლობა წამოიწყეს.

ვსესვიატსკოეში ქართველთა ისტორიულ ნაკვალევზე მისულ, წარმომავლობით ქართველ არქეოლოგს, გიორგი რამაზაშვილს, ერთ-ერთმა ადგილობრივმა პირდაპირობით მიახალა: როგორც იქნა, კარტოფილის შესანახად ადგილი მექნებაო. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველთა ძვლებზე სამეურნეო საწყობის აშენება იგეგმება. უკვე ნახევარ წელზე მეტია, ეს მშენებლობა მიმდინარეობს და ამ ხნის მანძილზე დაზიანდა არა მარტო ბაგრატიონთა საფლავები, არამედ ქართველთა მიერ აშენებული ტაძარი დანგრევის პირასაა, კომპლექსი დაზიანებულია, ბზარები გადიდებულია. რუსეთის საეკლესიო კომპლექსის დაცვისა და შენარჩუნების ორგანიზაცია დახმარებას ითხოვს. ასევე, დახმარებას ითხოვს ბაგრატიონთა საგვარეულო კომპლექსის დაცვის ორგანიზაცია, მაგრამ - ამაოდ.

იმის მიუხედავად, რომ საყოფაცხოვრებო დანიშნულების ერთსართულიან ბეტონის ნაგებობებზე არავითარი სამშენებლო ნებართვა არ არსებობს და ტაძარი რუსეთის ფედერაციის დაცული ძეგლების ნუსხაშია, უკანონო მშენებლობა კვლავაც გრძელდება.

ბაგრატიონთა საფლავებთან დაკავშირებით დღეს საქართველოს საგარეო უწყებამ რუსეთს შვეიცარიის მეშვეობით ოფიციალური ნოტით მიმართა. ამის შესახებ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა. მინისტრის მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე ქართული მხარე შეეცდება, სრული ინფორმაცია მოიპოვოს, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს საფლავზე და იმ შემთხვევაში, თუ ეს დადასტურდება, მშენებლობების შეჩერების მოთხოვნით რუსულ მხარეს თხოვნით მიმართავს. ამის შემდეგ კი, ქართული მხარე რუსეთს სთხოვს, რათა ქართული ნეშტების გადმოსვენების საკითხი დაისვას. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ შვეიცარიის საელჩოში მოქმედი საქართველოს ინტერესების დაცვის განყოფილება რუსეთში, დაბა ვსესვიატსკოეში სულხან-საბა ორბელიანის საფლავის მდგომარეობაზე ინფორმაციას ვერ არკვევს.

ტაძარი ვსესვიატსკოეში მეფე არჩილ მეორის ქალიშვილის, დარეჯან ბატონიშვილის ძალისხმევით 1733-1736 წლებში აშენდა. ის მამასთან ერთად საქართველოდან რუსეთში იყო გადახვეწილი და ერთი წელი ვსესვიატსკოეში ცხოვრობდა. ტაძარში ღვთისმსახურება ქართულად აღევლინებოდა. იქვეა სასაფლაოც, სადაც დაკრძალულნი არიან ბაგრატოვანთა დინასტიის წარმომადგენლები და სხვა ქართველი დიდგვაროვნები. მათ შორის, სულხან-საბა ორბელიანი და გენერალ პეტრე ბაგრატიონის მამა, იოანე ბაგრატიონი.

Presage.tv-ს ესაუბრება ხელოვნებათმცოდნე გიორგი ხოშტარია. მისი თქმით, ვსესვიატსკოეში ქართული ნაკვალევი უდაოდ ღირებული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია.

„აქ არის სულხან-საბას, ვახტანგ მეექვსის ნაკვალევი. როგორც ჩვენ ვუფრთხილდებით კულტურულ მემკვირეობას საქართველოში, ისე უნდა გაუფრთხილდნენ უცხოეთშიც. თუმცა, მაინცდამაინც, ამ გაფრთხილებას ვერ ვხედავ, ახლა,  გარკვეული დათმობის ხარჯზე ეს კეთდება თურქეთთან. ასევე, ვსესვიატსკოესაც უნდა მიხედონ. მართალია, ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხმა არ ამოვიღოთ. კულტურის სფეროს მუშაკები უნდა ჩაერთონ საქმეში,“ - აცხადებს გოგი ხოშტარია.

რაც შეეხება ჩვენი საგარეო უწყების მხრიდან შვეიცარიის მეშვეობით რუსეთში საპროტესტო ნოტის გაგზავნას, გიორგი ხოშტარია მიიჩნევს, რომ ჩვენი ქმედება ცოტა უფრო აქტიური და საქმიანი უნდა იყოს.

„მე არ ვიცი, ნოტის შინაარსი, ეს არ კმარა, კონკრეტულ ქმედებებზე უნდა გადავიდნენ, თორემ, ბოდიშს ვიხდი და, რუსული მხარე „ფეხებზე დაიკიდებს“ ამ ნოტას. უნდა აიწონოს, რა უფრო იმოქმედებს რუსებზე. იქნებ, რომელიმე ქართველმა კულტურის მოღვაწემ მიმართოს იქაურ კულტურის მოღვაწეებს, ეს შვეიცარიის მეშვეობით აჯობებს, თუ ცალკეულ პირთა მეშვეობით, ამაზე ისტორიკოსები და კომპეტენტური ხალხი უნდა შეჯერდეს,“ - მიიჩნევს ხელოვნებათმცოდნე.

ამ ისტორიული პიროვნებების ნეშტების საქართველოში გადმოსვენებას გიორგი ხოშტარია იმ შემთხვევაში მიიჩნევს დასაშვებად, თუკი მათ საძვალეს საფრთხე რეალურად დაემუქრება, ან თუ გარკვეულია, რომ აპირებენ მათი ძვლების გადაგდებას, მოსროლას. ისე კი, გოგი ხოშტარიას აზრით, ისტორიულად ეს ადამიანები იქ არიან დაკრძალულნი და ბოლომდე რუსეთში უნდა იყოს მათი საძვალე.

ამასთან, გოგი ხოშტარია არ გამორიცხავს, რომ რუსეთში ქართული ნაკვალევის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდებოდეს.

„რეალობა არ ვიცით, კონკრეტულად, ვიღაც კერძო პირი სჩადის ამ ვანდალობას, თუ სახელმწიფოს დონეზე წყდება ეს საკითხი. ამდენად, მე აქ პოლიტიკური ანგარიშსწორების კვალს ვხედავ. ის, რაც ვსესვიატსკოეში მოიპოვება, ეს ჩვენი ისტორიაა. განა საკითხავია, მემორიალს რა ღირებულება აქვს? მეხსიერებას რა ღირებულება აქვს? ვახტანგ მეექვსე, მეფობის გარდა, დიდი ქართველი მოღვაწე გახლდათ. ამიტომ, ვახტანგ მეექვსის მარტო მეფობის დამსახურებაზე არ ვლაპარაკობ, მან პირველმა დაბეჭდა „ვეფხისტყაოსანი“, სტამბა გამართა, სამართლის წიგნი შექმნა. ბევრი კი  არის მსოფლიოში სამართლის წიგნთა კრებულის დამწერი მეფე?! სულ რამდენიმეა. ამის გადაფასება ძალიან ძნელია. პირიქით, სულ ყურადღების ქვეშ უნდა იყოს ქართული ნაკვალევი რუსეთში. ისინი არიან ჩვენი „მემორიალები“ ანუ მეხსიერება“, - აცხადებს ხელოვნებათმცოდნე. 

Presage.tv დაუკავშირდა „კავკასიის ფონდის“ პრეზიდენტს, პროფესორ გივი ღამბაშიძეს, რომელიც ათეულობით წელია, იკვლევს ქართული კულტურის ძეგლებს საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის, მოსკოვის დონის მონასტერსა და ვსესვიატსკოეში.

მისი თქმით, სოფელ ვსესვიატსკოეში მდებარე ტაძარი ქართველებისთვის დიდად მნიშვნელოვანია, რადგან ტაძარსა და მის ეზოში განსასვენებელი ჰპოვეს მე-18-19 საუკუნის ქართველმა მოღვაწეებმა, ბაგრატიონებმა, ქართველ დიდგვაროვანთა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა: ვახტანგ VI-ის ძეთა აღმზრდელმა და მოძღვარმა, ტაძრის პირველმა წინამძღვარმა გიორგი გარსევანიშვილმა, პეტრე ბაგრატიონის მამა ივანემ, პოეტმა დიმიტრი გიორგის ძე ბაგრატიონმა, მისმა მეუღლე მართა ციციშვილმა, მათმა ქალიშვილებმაც ანასტასიამ და ელისაბედმა (ავალიშვილისა), სიძემ - პოეტმა და დრამატურგმა გიორგი ავალიშვილმა, დიმიტრი, მიხეილ და პეტრე ციციშვილებმა, ელისაბედ დავითიძემ და სხვებმა.

გივი ღამბაშიძის თქმით, არსებობს ცნობა, რომლის მიხედვითაც, სულხან-საბა ორბელიანი, რომელიც სიცოცხლის ბოლოს წმიდა სქიმით შეიმოსა, აქვეა დასაფლავებული. სხვათაშორის, საბას საფლავს ეძიებდნენ გიორგი ლეონიძე, პაოლო იაშვილი, ვლადიმერ პაპუაშვილი, ვლადიმერ ტატიშვილი, გიორგი ლომთათიძე, ნოდარ ალანია. ძიებას ისიც ართულებს, რომ ზუსტად არ ვიცით საბა ძველ ეკლესიაში, თუ მის ეზოში იყო დასაფლავებული და დარეჯანის მიერ ახლადაშენებული ტაძარი რამდენად მოიცავდა ძველის საზღვრებს, რომელიც შემდეგაც გააფართოვეს. თუმცა, მეცნიერის აზრით, მცირეოდენი იმედი მაინც არის, რადგან ტაძრისეული გადმოცემით, საბა დასაფლავებულია დღევანდელი ტაძრის სივრცეში, სვიმეონ მიმრქმელის ნავის ქვეშ არსებულ აკლდამაში. ეს ურთულესი საკითხი კი, შეიძლება, მხოლოდ წყაროთმცოდნეობითი, არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური და დნმ-ის მონაცემების ურთიერთშეჯერებით გადაწყდეს.

„სოფელ ვსესვიატსკოეს ტაძრის ქართული სასაფლაო, როგორც მიწისზედა ძეგლები, ისე თვით საფლავები, ნადგურდებოდა როგორც მთელი მეოცე საუკუნის (პ. იაშვილის, გ. ლომთათიძის და სხვათა მონაცემებით) განმავლობაში, ასევე, როგორც მოსკოვიდან მიღებული ბოლო ინფორმაციებით ვიგებთ, 21-ე საუკუნეშიც,“ - აცხადებს გივი ღამბაშიძე.

მისი ინფორმაციით, პეტრე პირველმა ჩრდილოეთის ომში (1700-1721) გამარჯვების, 1722 წლის 30 იანვარს ნიშტადტის ზავის დადებისა და ქართველი ბატონიშვილის ალექსანდრეს ხსოვნის აღსანიშნავად, ვსესვიატსკოედან დაიწყო დიდი ამალითურთ ტრიუმფალური მსვლელობა.