დღეს 23 წელი შესრულდა 9 აპრილს ტრაგედიიდან. როგორც ყოველ წელს, მემორიალთან პოლიტიკური განცხადებები ახლაც კეთდება და ესეც ჩვეულებრივი ამბავია. Presage.tv შეეცადა ოდნავ განსხვავებულ ჭრილში დაგვენახა 23 წლის წინ განვითარებული მოვლენები. კერძოდ, 9 აპრილი თავისუფლებისთვის ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლოდ იქცა, მაგრამ აუცილებელი იყო ასეთი მსხვერპლი იმისთვის, რომ მიგვეღო ის, რაც დღეს გვაქვს? როგორ შეიძლება შეფასდეს მაშინდელი ვითარება დღევანდელი გადასახედიდან, ამასთან დაკავშირებით presage.tv -ს კულტუროლოგი ლელა იაკობიშვილი ესაუბრება. ლელა იაკობიშვილი: „თავგანწირვა პერსონალური ღირებულება და ძალისხმევაა. იმ პერიოდში კი ერმა, როგორც კონკრეტულმა პერსონამ, როგორც ეთნიკურმა ერთიანმა სხეულმა, ისე მიიღო გადაწყვეტილება. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ შესაძლოა ეს მაშინ არ იყო ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი, მაგრამ ის პრინციპი, რომ „რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გადაეცემის“, ეს ნამდვილად მთელს ისტორიაში მუშაობს და ადამიანური თვითშემეცნების ხაზით ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. ამდენად, ამას, რა თქმა უნდა, ძალიან დრამატული დატვირთვა ჰქონდა. მეორე საკითხია, თუ რამდენად ოპტიმალური იყო ეს გამოსავალი იმ წუთას. მე ვთვლი, რომ რა თქმა უნდა, ეს იყო არა რაციონალური, არამედ ემოციური გადაწყვეტილება. დღეს ირაკლი წერეთელმა განაცხადა, რომ მართალია, იგი არ ნანობს თავის მაშინდელ მოწოდებას, მაგრამ, მისი თქმით, შესაძლებელი იყო სისხლისღვრის თავიდან აცილება... - რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ იცით როგორი უცნაური რაღაცაა... ერთის მხრივ, ამის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი, მაგრამ მეორეს მხრივ, ამ ერთიანმა ეთნიკურმა ძალისხმევამ საბჭოთა იმპერიის დაშლა დააჩქარა. კითხვა უფრო ასე შეიძლება დაისვას - ჩვენ ვიყავით კი ის რესურსული ძალა, რომელსაც მაშინ დარტყმის საკუთარ თავზე აღება შეეძლო? შესაძლოა, ყველაზე ნაკლებად რესურსული ვიყავით სწორედაც. ის რესურსი, რომელიც იმპერიის ნგრევის იმპულსი იყო, ეს ჩვენ გვქონდა, მაგრამ ამან ბევრი რამ ჩვენთვის ძალიან დრამატული კუთხით გადაათამაშა. ჩვენთვის, და არა - ზოგადად ქართული ისტორიისთვის. მაშინ ხომ უკვე ცხადი იყო, რომ საბჭოთა კავშირი იშლებოდა? - არა, ეს მაშინ ჯერ არ იყო ცხადი. როგორ გითხრათ... 9 აპრილი იყო ის ძირითადი იმპულსი, რომელიც გასკდა მსოფლიოში, როგორ ინფორმაცია, და ამან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საბჭოთა კავშირის დაშლის დაჩქარების პროცესში. ჩვენ ისტორიულად ყოველთვის ძალიან სერიოზული დარტყმის ქვეშ მყოფი ერი ვართ და ამჯერად ჩვენ თვითონ ავიღეთ ეს საკუთარ თავზე. 9 აპრილის შემდეგ უკვე ოცი წელია საქართველოში მოვლენები ისე ვითარდება, რომ თითქოს რაღაც ბედისწერასავით გვექცა პოლიტიკური პროცესების გადაწყვეტა პარლამენტის შენობის წინ მდებარე ტერიტორიიდან... - ამ თემაზე რამდენიმე წერილი მაქვს დაწერილი. საუბარია იმ რიტუალზე, რომლითაც იგება ქართული პოლიტიკა დღემდე. პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორია თითქოს რაღაც საკრალური მნიშვნელობის გახდა და რაღაც წარმართული რიტუალის მსგავსი, რომ „მე მოვალ აქ, დავიძახებ რაღაცას და ეს შესრულდება“. ამ დროს კი სრულიად სხვა ეპოქაში ხარ და სხვა საკომუნიკაციო სივრცეში. ამიტომ ეს არქაული ქცევა, ცოტა არ იყოს გაფერხებს. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერმა ამან არასწორი მიმართულებით წაიყვანა პოლიტიკური პროცესების გადაწყვეტის მეთოდი? - რა თქმა უნდა, ეს არ იყო რაციონალური. როგორც ჩანს, არქაულ კულტურაში უფრო მეტი კომუნიკაცია გვქონდა საკუთარ თავთანაც. ეტყობა, ეს მომენტი ამუშავდა და ჩვენ ამ მოჯადოებული წრიდან ვერ გამოვედით. ანუ ის, რომ მე დავიძახებ რაღაცას პარლამენტის შენობის წინ, და ზუსტად ისე მოხდება, როგორც მე მინდა, ანუ ის, რომ „ღმერთო მომე ტალახი და აღარ მინდა გორახი“, ეს ასეც ხდებოდა, რადგან ეს იყო რიტუალური ქცევა, ახლა კი მსოფლიო სულ სხვა რიტუალშია. ამიტომ ჩვენ სრულიად არაადექვატურები ვართ. დღესაც ძალიან აქტუალურია ოპოზიციური პარტიების მხრიდან მოსახლეობისადმი მოწოდებები ქუჩაში გამოსვლასთან დაკავშირებით... - მე ამის მომხრე არ ვარ, რომ დავდგეთ იქ და რაღაცეები ვიძახოთ. თუ მაქვს რამე სათქმელი, უბრალოდ უნდა გავიარო და ვთქვა ეს ჩემი სათქმელი. ერთხელ ვთქვა, ორჯერ ვთქვა, ანუ ინფორმაციული მესიჯები უფრო უნდა გაავრცელო, ვიდრე იქ რაღაც ტაშ-ფანდურები მართო. სხვათა შორის შარშან 26 მაისის შემდეგ იყო ასეთი რამ, რომ მომიტინგეებმა დააფიქსირეს ის, რომ ეს იყო ძალადობის აქტი და სახლებში დაიშალნენ, ანუ ის, რომ მე ნებელობითი აქცია ჩავატარო, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ რაღაც ტაშ-ფანდურები გავმართო. ანუ, ეს იქნება იქნება ინფორმაცია პრესაში, ეს იქნება მესიჯი ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც, ანუ მათთვის, ვინც მოვალეა ამას ყური უგდოს და ყურად იღოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ოღონდ ეს უნდა იყოს აქცია, ვთქვთ, მსვლელობა ერთჯერადი, და არა რაღაც დაბანაკება, კარვების გაშლა და ა.შ. შეიძლება ეს ძალიან სუბიექტური აზრია, მაგრამ მე ასე მიმაჩნია სწორად. დღეს პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ ისევ გვიწევს ბრძოლა, იმისთვის, რისთვისაც 9 აპრილს ამ ადამიანებმა თავი გასწირეს, ანუ თავისუფლებისთვის. - ზოგადად, თავისუფლება ისეთი რამ არის, რომ მისთვის ბრძოლა ყოველწამიერად გიწევს. როგორც კი შენ გადაწყვეტ, რომ თავისუფალი ხარ, იქ დამთავრებულია შენი საქმე, ანუ თავისუფლებისთვის ბრძოლა არის სასიცოცხლო ბრძოლა, მთელი შენი სასიცოცხლო ფუნქციაა. ამიტომ ის არასოდეს დამთავრდება და სადაც დამთავრდება, იქ შენც დამთავრდები. |