ქუჩაში მცხოვრები ბავშვთა საკითხი დღემდე გადაუჭრელი რჩება

ქუჩაში მცხოვრები ბავშვთა საკითხი დღემდე გადაუჭრელი რჩება

ბავშვები საზოგადოების ყველაზე დაუცველ ფენას წარმოადგენენ. ზრუნვა თავის პატარა მოქალაქეებზე, სახელმწიფოს განვითარების ერთ–ერთი მთავარი მახასიათებელია. ამ თვალსაზრისით, საქართველოში არსებული მდგომარეობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ცხადი დასტურია თუნდაც თბილისის მეტროში არსებული ვთარება, როდესაც ვაგონს ვერ ნახავთ ლამის, ბავშვები მარტოდ ან მშობლებთან ერთად მოწყალებას არ თხოულობდნენ.

ამ მტკივნეულ თემაზე საუბრისას, დავიწყოთ ბავშვთა უფლებების დაცვის გარანტიებზე, რომლებიც საერთაშორისო და თანამედროვე საქართველოს კანონმდებლობაში არის ასახული. 1955 წლის 20 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ მოიწონა „ბავშვთა უფლებების დეკლარაცია“,  ხოლო 1989 წლის 20 ნოემბერს – ერთხმად მიიღო „კონვეცია ბავშვთა უფლებების შესახებ“. მის საფუძველზე სამოქალაქო საზოგადოების მზრუნველობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სუბიექტია ბავშვის უფლებების დაცვა, რომელიც „ბავშვთა უფლებების კონვეციაშია“ ჩამოყალიბებული:

“18 წლამდე ასაკის ყველა ადამიანი ითვლება ბავშვად (მუხლი 1); ყველა ბავშვს თანაბარი უფლებები აქვს. არც  ერთი ბავშვი რასის, კანის ფერის,  სქესის, ენის, რწმენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულობების, ეთნიკური ან სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად არ უნდა განიცდიდეს არავითარ დისკრიმინაციას (მუხლი 2); ყველამ, ვისაც აკისრია ბავშვების დაცვა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა, ნებისმიერი ქმედებისას უნდა გაითვალისწინოს ბავშვის უპირატესი ინტერესები; სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვების დაცვასა და მეურვეობაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების შესაბამისობა სტანდარტებთან, განსაკუთრებით ჯამრთელობის და უსაფრთხოების სფეროში (მუხლი 3); მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება კონვეციაში არსებული უფლებების დასაცავად (მუხლი 4). სახელმწიფო მოვალეა პატივი სცეს და დაიცვას ბავშვის უფლება, შეინარჩუნოს მისი ინდივიდუალურობა (მუხლი 8) და რაც მთავარია: ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლის უფლება (მუხლი 6) და ყველა ბავშვი სოციალურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს (მუხლი 26)”

ხოლო საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე შემუშავებული ორგანული კანონი „მოქალაქეობის შესახებ“ აცხადებს, რომ ბავშვი, რომლის ორივე მშობელი, მისი დაბადების მომენტისათვის, საქართველოს მოქალაქეა, ითვლება საქართველოს მოქალაქედ მიუხედავად დაბადების ადგილისა.

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ აცხადებს, რომ შობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღორსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესობის გათვალისწინებით; არასრულწლოვანი შვილების უფლებებისა და ინტერესების დაცვა ეკისრებათ მათ მშობლებს; მშობლები თავიანთი არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებთა გარეშე გამოდიან მათი უფლებების და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის სასამართლოშიც; მშობლების უფლება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შვილების ინტერესების საწინააღმდეგოდ (მუხლი 1198).

ამასთან ერთად, კანონი ითვალისწინებს: მშობლის უფლების ჩამორთმევას, თუ გამოირკვა, ისინი სისტემატურად არიდებენ თავს შვილების აღზრდის მოვალეობის შესრულებას, ან ბოროტად იყენებენ მშობლის უფლებას-სასტიკად ეპყრობიან შვილებს, მავნე ზეგავლენას ახდენე მათზე თავიანთი მორალური ყოფაქცევით,  აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მშობლები ქრონიკული ალკოჰოლები ან ნარკომანები არია, თუ ორივე მშობელს ჩამოერთმევა მშობლის უფლება, ბავშვი გადაეცემა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს; მშობლის უფლების ჩამორთმევა არ ათავისუფლებს მშობლებს შვილების რჩენის მოვალეობისაგან (მუხლი 1205).

ახლა გადავიდეთ იმ სამწუხარო რეალობაზე, რომელიც კანონის და ლამაზი სიტყვების მიღმა არსებობს და დროულ, სათანადო რეაგირებას საჭიროებს. კერძოდ, სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის თანახმად, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვთა საკითხი დღემდე პრობლემად რჩება. ომბუდსმენის განცხადებით, მიუხედავად სახალხო დამცველის 2009 წლის მე–2 ნახევრის ანგარიშში ასახული დეტალური რეკომენდაციისა, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სისტემური ცვლილებები ჯერაც არ განხორციელებულა. ასეთი კატეგორია ვერ სარგებლობს სახელმწიფო დაცვის იმ მექანიზმებით, რომლებიც ხელმისაწვდომია ოჯახში მცხოვრები ბავშვებისათვის.

ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი მრავალი საქმე ცხადყოფს, რომ ვერც სოციალური მომსახურების სააგენტო და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ ახორციელებს ქუჩაში მცხოვრებ/მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით ძალადობისგან და უგულებელყოფისგან ბავშვთა დაცვის ფუნქციას, რომელიც უზრუნველყოფილია ჯანდაცვის, შს და განათლების მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.

2011 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატში შევიდა არაერთი განცხადება, რომლებიც ეხებოდა ქუჩაში მცხოვრებ/მომუშავე ბავშვთა უფლებების დაცვას. 25 მაისს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე მ. ბ.–მ. მან განაცხადა, რომ თბილისში პეკინის ქუჩაზე შეამჩნია 2 წლის ბავშვი, რომელიც დედასთან ერთად მათხოვრობდა. განმცხადებლის განმარტებით, ბავშვი იყო მუდმივად მშიერი და უგონო მდგომარეობაში. დედა მას ასმევდა გაურკვეველ სითხეებს და ძალადობდა ფიზიკურად.

აღნიშნული საქმე შესასწავლად გადაეგზავნა სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე–საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრს, საიდანაც სახალხო დამცველს ეცნობა, რომ სოციალური მუშაკი მივიდა მითითებულ მისამართზე, სადაც ნახა 2 წლის მძინარე ბავშვი მარტო; მიუხედავად მცდელობისა, ბავშვის გაღვიძება ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც სოციალურმა მუშაკმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რათა ბავშვი გადაეყვანათ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ფილიალში – თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში.

ბავშვის მანქანაში ჩასმის დროს სოციალური მუშაკის ინფორმაციით მას და ბავშვს თავს დაესხა 4–5 უცხო ქალი და პატრულის მცდელობის მიუხედავად, მათ შეძლეს ბავშვის გატაცება და გაქცევა. ამის შემდეგ სოციალური მუშაკი ერთი თვის განმავლობაში ატარებდა მონიტორინგს აღნიშნულ ადგილას, მაგრამ ბავშვი იქ აღარ უნახავს. სააგენტოს არ გაუტარებია ბავშვის მოძიებისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიებები.

2011 წლის 6 ოქტომბერს, მოქალაქე თ. დ.–მ სახალხო დამცველს მიმართა განცხადებით, რომელშიც აღნიშნავდა, რომ გლდანი–ნაძალადევის რაიონში, კონკრეტულ მისამართზე, უცნობ ქალბატონს ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათხოვრობაში) ჰყავდა ჩაბმული არასრულწლოვანი. ბავშვი მუდმივად იყო საძილე საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. სახალხო დამცველის აპარატის ბავშვისა და ქალის უფლებათა ცენტრმა აღნიშნული საქმე შესასწავლად გადაუგზავნა სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი–ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრს, საიდანაც ეცნობათ, რომ სოციალური მუშაკი მივიდა ადგილზე და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმა მხოლოდ მისთვის სახელის დაძახებითა და ზედაპირული დათვალიერებით.

ვინაიდან ბავშვი რეაგირებდა საკუთარ სახელზე, სოციალურმა მუშაკმა დაასკვნა (სამედიცინო შემოწმების გარეშე), რომ ბავშვი არ იმყოფებოდა ტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ და არასრულწლოვნის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩამბმელ პირს შესთავაზა ნებაყოფლობითი სამედიცინო დახმარება. ამ უკანასკნელზე უარის თქმის შემდეგ სოციალურმა მუშაკმა დატოვა ტერიტორია, რადგან ჩათვალა, რომ არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, უსაფრთხო გარემოში იმყოფებოდა.

2010 წლის 3 ივნისს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე შ. გ.–მ, რომელმაც განაცხადა, რომ მრავალჯერ გახდა თვითმხილველი, თუ როგორ სცემენ 2 წლის ბავშვს და როგორ აიძულებენ მას მათხოვრობას თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე. საქმე შესასწავლად გადაეგზავნა სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრს. სახალხო დამცველს ეცნობა, რომ მიუხედავად სოციალური მუშაკის მრავალჯერადი ვიზიტისა, ბავშვის პოვნა ვერ მოხერხდა, თუმცა იქვე ახლომდებარე მაღაზიების თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ ბავშვს პერიოდულად სძინავს მაღაზიის წინ.

„ზემოაღნიშნულ საქმეებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ სოციალური სამსახურის მიერ ქუჩაში მცხოვრები/მომუშავე ბავშვების მიმართ ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირებისას ხშირ შემთხვევაში არ ტარდება საკმარისი ღონისძიებები ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის დასადგენად და დასაცავად. აშკარაა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო ყოველთვის არ ან ვერ ასრულებს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით განსაზღვრულ მოვალეობას: სრულფასოვნად ვერ აფასებს ბავშვის უგულებელყოფისა და ბავშვზე ძალადობის საფუძვლიან ეჭვს; არ რთავს სამედიცინო პერსონალს, რათა მან სრულფასოვნად შეაფასოს შემთხვევა და შეამოწმოს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უგულებელყოფის დასადგენად; არ რთავს კვალიფიციურ ფსიქოლოგს შემთხვევის მართვის ადრეულ ეტაპზე, რათა ამ უკანასკნელმა დაადგინოს ფსიქოლოგიური/ემოციური ძალადობის ფაქტი“, - ნათქვამია ანგარიშში.

ომბუდსმენის განცხადებით, არსებული პრაქტიკის ანალიზმა გამოააშკარავა ხარვეზები საკანონმდებლო რეგულირების სფეროშიც, კერძოდ, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში. ომბუდსმენს ეს მიმართულებაც დეტალურად აქვს განხილული.

ამავე ანგარიშით, 2011 წლის განმავლობაში სახალხო დამცველი კვლავაც იღებდა საჩივრებს უფლებადარღვევის შესახებ სოციალურად დაუცველი ბავშვების ოჯახებიდან, რომლებმაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახთა ერთიან ბაზაში ვერმოხვედრის მიზეზით ვერ მიიღეს ადეკვატური სამედიცინო დახმარება.

2011 წელს ასევე აქტუალური იყო საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უფლებების დაცვის საკითხიც, კერძოდ, იყო შემთხვევები დისციპლინური ღონისძიებების კანონის მოთხოვნების დაუცველად გამოყენებისა, რაზეც სახალხო დამცველმა სპეციალური რეკომენდაციით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

თავის მხრივ, საქართველოში ბავშვთა მდგომარეობის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის  (UNICEF) ბოლო ანგარიშში ვკითხულობთ:

„10 წლის წინ საქართველოში დაბადებული ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებას ნაკლები შანსი ჰქონდა, თუმცა საქართველოს ბავშვების1/4-ზე მეტი კვლავ სიღარიბეში ცხოვრობს. მიუხედავად ოჯახის ფინანსური მდგომარეობისა, თითქმის ყველა ბავშვი დადის დაწყებით სკოლაში. მაგრამ სიტუაცია ასეთივე წარმატებული არ გახლავთ სკოლანდელი განათლების სფეროში, სოფლად მცხოვრები ღარიბი ოჯახის ბავშვები სკოლანდელ დაწესებულებებში, ბაღში, ვერ დადიან, მაშინ როცა სკოლანდელ განათლებას აქვს ბავშვის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა“.

ბავშვობა – ადამიანის ცხოვრების ის პერიოდია, როდესაც იგი ჩვილი აღარ არის, ზრდასრული კი ჯერ არ გამხდარა. ადამიანის ბავშვობის ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ საზოგადოებაში ცხოვრობს იგი. როგორც აღვნიშნეთ, გარეოს ადამიანთა უფლებების დაცვის კომისია 18 წლამდე ასაკის ადამიანს ბავშვად თვლის.

ბავშვობა სწრაფი ზრდისა და ცვლილებების ხანაა. ადამიანს სწავლის პროცესში უნვითარდება უნარები და აზროვნება, როცა სხეული და ტვინი იზრდება და ცვლილებას განიცდის. ბავშვი თანდათან ახერხებს უფრო და უფრო ზუსტად მართოს ყოველი მოძრაობა. მეტყველებაც სწრაფად უნვითარდება – პირველ სიტყვებს ბავშვი დაახლოებით 1 წლისა ამბობს, ხოლო 6 წლისამ უკვე 2600-მდე სიტყვა იცის. ბავშვი სამყაროს, ძირითადად, თამაშით შეიმეცნებს. ცხოვრებისეული სიტუაცებისათვის იგი თამაშით ემზადება.

გარდატეხის ასაკში ბავშვი დამოუკიდებელი ხდება. იგი უკვე საკმაოდ თავდაჯერებული და გამოცდილია საიმისოდ, რათა გარკვეული პასუხისმგებლობა იკისროს.