“მამა, გვიშველე და გადაგვარჩინე!”

“მამა, გვიშველე და გადაგვარჩინე!”

მრავალი ცნობილი მსახიობი გვყავს ქართველებს. მათ მიერ განსახიერებული როლები ჩვენი ცხოვრების მუდმივი მეგზურები არიან და თაობათა ცვლის პროცესი არასოდეს ეხებათ. ნებისმიერი ჩვენთაგანისათვის ყოველთვის ახლობლებად რჩებიან და მათზე მთელი თაობები აღიზარდნენ და იზრდებიან.

 

მსახიობები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და სხვადასხვა კურიოზულ მდგომარეობაშიც ხშირად ვარდებიან. დღევანდელ წერილში პოპულარულ ქართველ მსახიობებზე და მათ თავს გადამხდარ, “კადრს მიღმა” დარჩენილ სახალისო სიტუაციებზე ვისაუბრებთ.

 

“მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” ნებისმიერი ქართველისათვის განსაკუთრებით გამორჩეულ სურათთა კატეგორიას მიეკუთვნება. ოლღა ბებიის როლს, ყველასათვის სათაყვანებელი, ქალბატონი სესილია თაყაიშვილი ასრულებდა. ძალიან ცოტამ თუ იცის, როგორი მსხვერპლი გაიღო ამ ფილმის გადაღების წინ ქალბატონმა სესილიამ.

 

ოლღა ბებიას როლს სრულად რომ ჩასწვდომოდა, მეტი დამაჯერებლობა და ბუნებრიობა ჰქონოდა გადასაღებ მოედანზე, სესილიამ საღი კბილები დაიძრო. ეს ნამდვილი ამბავია. ის მაშინ 55 წლის იყო. ოლღა ბებია მტკიცედ შევიდა საუკეთესო თეატრალურ და კინოსახეთა ქართულ საგანძურში.

 

თავად ამ ფილმის გადაღების პროცესი მეტად “ხმაურიანად” მიმდინარეობდა. ზურიკელას როლის შემსრულებელი სერგო ორჯონიკიძე უკვე მოგვიანებით იხსენებდა: “ სკოლიდან მომავალმა ზურიკელამ ღელე გადაირბინა, ბებია კი ვერ გადადიოდა. რეჟისორმა მითხრა: “ შენ უნდა დაბრუნდე უკან, აიყვანო ხელში ბებია და გადმოიყვანოო”.

 

14 წლის ვიყავი, როგორია პატარა ბიჭმა ხელში აიყვანო ამხელა ქალი და გადმოიყვანო? მეც ჩემი თავმოყვარეობა მქონდა. ვფიქრობდი, ახლა რომ ხელში ავიყვანო და გადმოსვლისას წყალში ჩამივარდეს, მერე რა ვქნა—მეთქი. გადავედი, მოვკიდე ხელი სესილიას, მეგონა მძიმე იქნებოდა, სულაც არ აღმოჩნდა მძიმე, მსუბუქი მეჩვენა და გადმოვიყვანე. 13 დუბლი გადაიღეს. არაქათი გამომეცალა. სესილია მიხვდა, რომ აღარ შემეძლო და კისერზე მებღაუჭებოდა, მართლა არ ჩამაგდოსო”.

 

ამ სურათში ოლღა ბებია ამბობს: “ ჩემი შვილიშვილი დოხტური უნდა გამოვიდესო”. მართლაც მოგვიანებით ზურიკელა, იგივე სერგო ორჯონიკიძე ექიმი გამოვიდა და ავადმყოფობის დროს სესილიას გვერდიდან არ მოსცილებია.

  

მსახიობი ლეილა აბაშიძე მრავალ მხატვრულ ფილმშია გადაღებული და როგორ იქნებოდა რომ კურიოზულ სიტუაციებშიც არ აღმოჩენილიყო. ერთ-ერთ მათგანს ამჟამად გავიხსენებ. რეჟისორ სიკო დოლიძის სურათის “შეხვედრა წარსულთან” გადაღება გურიაში, ჩოხატაურის რაიონში მიმდინარეობდა. ლეილია აბაშიძე მასში ღატაკი და უთვისტომო ქალიშვილი ნინოს როლს ასრულებდა.

 

ერთხელაც დილით, დაკონკილ კაბაში ჩაცმული ქალბატონი ლეილა, დაგლეჯილი ჩუსტებიდან ფეხის თითები რომ უჩანდა, ჩოხატაურის სასტუმროს წინ მანქანის მოლოდინში კიბეზე იჯდა და ერთი კვირა დიეტით ნაშიმშილევი, ცარიელ პურს შეექცეოდა. კვირა დღე იდგა და ქუჩაშიც ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. ადგილობრივი ქალები მსახიობს დაჟინებით უყურებდნენ და გაოცებულები ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ.

 

ცოტა ხნის შემდეგ მათ რიგებს ერთი შუახნის ქალი გამოეყო, ლეილასთან მივიდა, ჩანთიდან გურული კეცის მჭადი და ჭყინტი ყველი ამოიღო და სევდიანი სახით მსახიობს მიაწოდა. “—ამფერი კაი ციცა რეიზა დაგჩაგრა ცხოვრებამ? ამ დროებაში მასე რა გაგიჭირვა”—უთხრა და თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა. რამდენი წელია გასული იმ შემთხვევიდან და ლეილა აბაშიძეს ჩოხატაურული მჭადისა და ჭყვინტი ყველის დაუვიწყარი გემო დღემდე ახსოვს.

 

ერთ-ერთ ადრინდელ საბჭოთა კინოსურათში, მსახიობი ბორის წიფურია დიდი სტალინის როლს ასრულებდა და უნებლიედ ყველას ყურადღებასაც იპყრობდა. თუ ლეილა აბაშიძე საკუთარი “კინოიმიჯით” გარშემო მყოფთა სიბრალულს იწვევდა, ბატონ ბორისს  საბჭოთა ქვეყნის ჭაობიდან ამოთრევა და ძველ დროში დაბრუნება მოსთხოვეს. ალბათ მაინც უმჯობესი იქნება თუ სიტყვას თავად მსახიობს გადავცემთ. “ სტალინის როლს ვთამაშობდი. პირველი გადაღება წითელ მოედანზე მქონდა.

 

სპასკის ჭიშკრიდან გამოვედი, მისი ზუსტი “სახით”—სრულ გრიმსა და კოსტიუმში. ამ დროისათვის მოედანზე უკვე მოსულიყვნენ პირველი დამთვალიერებლები. ყველამ “ცოცხალ სტალინს” მიაპყრო მზერა. ბოლოს ცხადია შეამჩნიეს, რომ კინოგადაღება მიმდინარეობდა. ერთ-ერთმა ომის ვეტერანმა მთხოვა, თავის ბავშვთან ერთად გადაეღო ჩემთან სურათი სამახსოვროდ.

 

შემდეგ ვიღაცამ სასოწარკვეთით დაიყვირა: “ მამა! მამა! როდესაც შენ ცოცხალი  იყავი, მე მაძღარი გახლდით და საერთოდ ადამიანი ვიყავი, დღეს კი მშიერი ვარ. მამა, გვიშველე მამა, გადაგვარჩინე!”. ყველა მხიარულ გუნებაზე დადგა და მერწმუნეთ, არც ერთი ბოროტი გამოხედვა არ შემიმჩნევია “სტალინის” მისამართით”.

 

წითელ მოედანთან დაკავშირებით “სასიამოვნო” მოგონება აქვს მსახიობ რამაზ ჩხიკვაძესაც. 1947 წელი იდგა, პერიოდი როდესაც ადამიანი ხმას ისე ვერ ამოიღებდა, ვინმეს რომ არ გაეგონა და არ დაებეზღებინა. ქართველი  მსახიობები რამაზ ჩხიკვაძე და ვალიკო კვაჭაძე ლენინის მავზოლეუმის სიახლოვეს იდგნენ.

 

ჩვენი თანამემამულეების ყურადღება ყვავების დიდმა რაოდენობამ მიიქცია. ეს პატივსაცემი ფრინველები კრემლის გალავნის შიგნით ხან დაუბრკოლებლივ შეფრინდებოდნენ და ხან პირიქით, უკან მოფრინავდნენ. ამაზე ვალიკომ რამაზს ჩუმად ჰკითხა, “—რა არის ბიჭო, რამდენი ყვავი შეფრინდა კრემლში, დაინახეო?” ჩხიკვაძემ პასუხი არ დაახანა: “—ყვავები თუ შეფრინდნენ, თორემ ბულბულებს იქ რა უნდათო”. ამ “პოლიტიკური დიალოგის” შემდეგ ორივე მსახიობს ჯერ სახეზე ფერი ეცვალა, შემდეგ კი დიადი ულიანოვის სამუდამო განსასვენებელს ელვის სისწრაფით მოშორდნენ.

 

ქართველი მსახიობი ლევან უჩანეიშვილი ალბათ ერთადერთია მსოფლიოში, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტი მრავალი თანამემამულის წინაშე სასტიკად გაასილაქა და ეს “დანაშაული” ხახვივით შერჩა. რასაკვირველია რეალურ ცხოვრებაში ლევანს ამ ქვეყნის “ნამდვილ” პირველ პირთან საჩხუბრად  არავინ მიუშვებდა, მაგრამ კინოს სამყაროში ხომ ყველაფერი შესაძლებელია.

 

გახმაურებულ მხატვრულ ფილმში “პრეზიდენტის თვითმფრინავი” უჩანეიშვილი ერთ-ერთი საერთაშორისო ტერორისტის როლს ასრულებდა. პრეზიდენტს კი პოპულარული ოკეანისგაღმელი მსახიობი, ჰარისონ ფორდი ასახიერებდა. ამ სურათში ერთი დამამახსოვრებელი ეპიზოდია. “ტერორისტი” ლევანი თმაში სწვდება “პრეზიდენტ” ჰარისონს და თავს რამდენჯერმე მიარტყმევინებს კედელზე. რასაკვირველია, ახალგაზრდა ქართველ მსახიობს თავდაპირველად ძალიან ეუხერხულა მასზე უფროსი ადამიანის, თან მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კოლეგის თმებით თრევა.

 

ეს მალე ფორდმაც შეამჩნია და “ რისი გერიდება, მიდი, ცოტა თამამად იმოქმედეო”—დამოძღვრა უჩანეიშვილი. ამ უკანასკნელშიც ქართულმა მებრძოლმა სულმა იფეთქა. შედეგი ამერიკელისათვის სავალალო გამოდგა. “პრეზიდენტი” რამდენიმე დღის განმავლობაში კარგა მოზრდილი “სინიაკით” დადიოდა.

 

ეს დღეს არის, რომ შეგიძლია ოცნება აისრულო და ჰოლივუდში გადაღებულ სურათებში მონაწილეობა მიიღო. იდგა დრო, როდესაც თუნდაც ცნობილი ხელოვანებისათვის საზღვარგარეთ გასვლა მეტად რთული საქმე იყო.

 

აი რას იხსენებს, ბატონი თენგიზ არჩვაძე: “მე და რეზო ლაღიძე ერთხელ საფრანგეთში უნდა წავსულიყავით. დაგვიბარეს “კაგებეში” და ანკეტები შეგვავსებინეს. ჩავსხედით თვითმფრინავში. ჯიბეში 200-200 დოლარი გვიდევს, საცაა გავფრინდებით. რეზო შეფიქრიანებული მეკითხება: “--კაცო, ეს 200 დოლარი რაში გვეყოფა?” მე ვამშვიდებ “—შენი 200, ჩემიც 200, უკვე ოთხასია. პარიზში იქაური ქართველები გვნახავენ და გვიპატრონებენ”.

 

ამ ლაპარაკში ვართ და ასაფრენად დაქოქილ თვითმფრინავს ტრაპი ისევ მოაყენეს და მე და რეზო ლაღიძე ჩამოგვსვეს. რასაკვირველია ის 200-200 დოლარიც ჩამოგვართვეს. რეზო ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ამ ამბის მოყოლის უფლება არ მისცემია. მეც გაჩუმებული ვიყავი აქამდე”.

 

დროებამ შემოგვინახა ფაქტები, როდესაც ქართველი მსახიობები იმ პერიოდში უდიდეს პატრიოტულ-ზნეობრივ მაგალითებს გვიჩვენებდნენ და სიმართლეს დაუფარავად ამბობდნენ. ემანუილ აფხაიძე მსახიობური ნიჭის გარდა გულადობითაც გამოირჩეოდა. 1956 წლის 9 მარტის ტრაგედიიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, ოპერის თეატრში გამართულ ერთ-ერთ სახელისუფლო კონცერტზე გამოდიოდა.

 

ბატონმა ემანუილმა საჯაროდ თითი გაიშვირა ლოჟაში მჯდომ მაშინდელ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნისკენ და ომახიანად წარმოსთქვა ის სიტყვები, რომლებსაც  აქტუალურობა ალბათ არც დღეს დაუკარგავს:

   “თანამდებობა, დღეს რომ გაქვს,

    ხვალ სხვაგან გადაბარგდება,

    კაცობა თუ გაქვს დარჩება,

    არასდროს დაგეკარგება!”