გამოწვევა სააკაშვილს

გამოწვევა სააკაშვილს

 
 
თბილისი, საქართველო – კვირას, შუა დღეს ნიკა თავაძემ მარჯანიშვილის თეატრის კულისებში შემიყვანა, პატარა საგრიმიოროში, რომლის კედლებზეც ძველი ფოტოები, პროგრამები და პლაკატები იყო გაკრული. 

ბევრი ქართველი თავაძეს, ქართულ სცენაზე ორი ათწლეულის განმავლობაში შესრულებული მთავარი როლებითა და მისი გასაოცრად კარგი გარეგნობის გამო იცნობს, ”ქართველი ბრედ პიტს” ეძახის, მაგრამ მასთან ამაზე სალაპარაკოდ არ მივსულვარ. მე იმის გაგება მსურდა, თუ როგორ მოხდა, რომ ის საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე ამ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გათამაშებულ მძაფრსიუჟეტიან ამბავში ეპიზოდურ როლში აღმოჩნდა.

ამბის ფაბულა ასეთია – სამხრეთ კავკასიის ამ ღარიბ ქვეყანაში, თავაძე და კიდევ ათასობით სხვა მსახიობი, რეჟისორი, მასწავლებელი ბოლო 15 წლის განმავლობაში თავისი მწირი ხელფასის გარდა, ერთი კარჩაკეტილი ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის სუბსიდიებსაც იღებდა. ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი ქონება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საბანკო და საინვესტიციო ბიზნესების მეშვეობით იშოვა, ამ სუბსიდირებას უხმაუროდ ახორციელებდა. მას ახლა დაახლოებით $6.4 მილიარდი დოლარის ქონება აქვს.

”ის აჩრდილივით იყო”, მიყვებოდა თავაძე. ”ყველანი მის ფულს ვიღებდით, მაგრამ თვითონ არასდროს გვენახა.”

ეს ამბავი ექვსი თვის წინ შეიცვალა, მაშინ, როდესაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში მიდის, ოპოზიციური ლიდერის როლში. სულ რაღაც ერთ ღამეში ის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელიც ხელისუფლებაში მშვიდობიანი ”ვარდების რევოლუციით” მოვიდა, რეალურ საფრთხედ იქცა. დიდი ხნის განმავლობაში სააკაშვილი დასავლეთის ნებიერა იყო, რადგან ის პირობას დებდა, რომ საქართველოს, თავის რთულ სამეზობლოში დემოკრატიის შუქურად აქცევდა.

ოქტომბერში ივანიშვილმა სააკაშვილს ბრალი დასდო იმაში, რომ ცრუობს საკუთარი დემოკრატიული მისწრაფებების შესახებ და ”ძალაუფლების მონოპოლიზებას” ახორციელებს. ივანიშვილმა ჩამოაყალიბა ოპოზიციური კოალიცია ”ქართული ოცნება”, რომ მმართველ პარტიას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ოქტომბერშია დაგეგმილი, კონკურენცია გაუწიოს. მან იმის პირობაც დადო, რომ პირადად დაამარცხებს სააკაშვილს, თუ პრეზიდენტი მომავალ წელს პრემიერ-მინისტრობას დააპირებს.

და აი სწორედ მაშინ დაიწყო ექვსთვიანი ცილისწამების კამპანია, რომლის პროცესშიც ორივე აცხადებდა, რომ სწორედ ის არის ქვეყნის შერყეული დემოკრატიის მსხნელი. დებატები ხშირად იღებდა ისეთ მიმართულებას, სადაც განსჯის თემა ის ხდებოდა, რომ ივანიშვილი, თავისი გულუხვი პატრონაჟით სავარაუდოდ ”ხმებს ყიდულობს” – აი ამის გამო აღმოჩნდა თავაძე სტატისტის როლში ქვეყნის პოლიტიკურ თეატრში.

თითქმის მაშინვე, როგორც კი ივანიშვილი ბრძოლაში ჩაერთო, სააკაშვილმა და მისი პარტიის ერთგულმა ადამიანებმა, ბრიყვებივით იწყეს მოქმედება. (გაერთიანებული ერების რაპორტერმა ეს ცოტა უფრო დიპლომატიურად გამოხატა: არსებობს საფრთხე, რომ ”საქართველოს მთავრობის ”მთლიანობაში პოზიტიური მიმართულება” გზას დაუთმობს ”შიშის, ზეწოლის, ფუნდამენტური უფლებების თვითნებური შელახვის საყოველთაოდ გავრცელებულ ატმოსფეროს” წერდა ის თებერვალში). ოქტომბერში ივანიშვილს ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვეს იმ კანონის საფუძველზე, რომელსაც ხშირად არ მიმართავენ (ის ამჟამად ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს), ხოლო მომდევნო თვეებში, გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩისა და ივანიშვილის კოალიციის ცნობილი წევრის, ირაკლი ალასანიას თქმით, მისი ბიზნესპარტნიორები პოლიციის დევნის, თვალთვალის ობიექტად იქცნენ, მათ შეთითხნილი ბრალდებებით აპატიმრებდნენ.

გასულ თვეში საქართველოს საშინაო უადიტორულმა სააგენტომ, რომელსაც პირქუში დასახელება აქვს – ”კონტროლის პალატა”, ივანიშვილის 100-ზე მეტი მხარდამჭერი დააკავა, თითოეულ მათგანს რამდენიმესაათიანი დაკითხვა ჩაუტარა. საერთაშორისო გამჭვირვალობამ ამ ფაქტს ”ამომრჩევლების დაშინების საქმე” უწოდა.

ადვილი მისახვედრია, რომ სააკაშვილი და მისი მეგობრები ივანიშვილში, რომლის ქონება ქვეყნის მშპ-ს თითქმის ნახევარს უდრის, უზარმაზარ საფრთხეს ხედავენ. გასული 15 წლის განმავლობაში ივანიშვილი ასაჩუქრებდა არა მხოლოდ კულტურის ელიტის ისეთ წარმომადგენლებს, როგორც თავაძეა, არამედ ეხმარებოდა ძალიან ხელმოკლე მოქალაქეებს, უხდიდა მკურნალობის საფასურს ღარიბ ბავშვებს, გამოყოფდა სუბსიდიებს მოხუცებისა და უნარშეზღუდული ადამიანების მწირი პენსიების შესავსებად. მის მშობლიურ სოფელში, ჭორვილაში ყველას გადაუხურეს სახლები. მან დაახლოებით $600 მილიონი დახარჯა სხვადასხვა სამთავრობო პროექტისათვის, მითხრა ივანიშვილის ერთმა თანამშრომელმა. ის ყველაფრის მშენებლობაში ეხმარებოდა მთავრობას, სამხედრო ყაზარმებიდან დაწყებული, სკოლებით დამთავრებული.

საქართველოში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო უმუშევრობის მაჩვენებელმა 16 პროცენტს მიაღწია, ასეთი დაფინანსება უმნიშვნელო რამ არ არის და სავსებით გონივრულია, რომ მთავრობამ ჩაატაროს საარჩევნო რეფორმა, შეზღუდოს კორპორაციული შემოწირულობები და დააწესოს მკაცრი კონტროლი საარჩევნო კამპანიების დაფინანსებაზე.

მაგრამ სააკაშვილის მთავრობის ნაბიჯები, კერძოდ კი დეკემბერში მიღებული ორი პრობლემატური ჩასწორება და კონტროლის პალატის დაგეშვა მარტში, იყო ორპირი, არადემოკრატიული და დამთრგუნველი რამ, განსაკუთრებით საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომელმაც საქართველოში 2008 წლის მერე 4 მილიარდ დოლარზე მეტი ამაოდ ჩადო, რადგან იმედოვნებდა, რომ საქართველო, სააკაშვილის დაპირებისამებრ, მართლაც გახდებოდა დემოკრატიის შუქურა.

თუ საქართველოს მომავალს ფართო პერსპექტივიდან გადავხედავთ, იმას, თუ ვინ გაიმარჯვებს საარჩევნო რბოლაში, დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოს მყიფე დემოკრატიას პირველად გადააქვს მშვიდობიანი საარჩევნო კონკურენცია. სააკაშვილისთვის, როდესაც მას სათანადო კონკურენტი არ ჰყავდა, ადვილი იყო დემოკრატიის ფასეულობების მხარდაჭერა. მაგრამ ახლა, როდესაც ტიტანს უპირისპირდება, ის ვალდებულია შეასრულოს მისი დემოკრატიული დანაპირები.

ამიტომ საქართველოს სულ უფრო მძაფრი პოლიტიკური თეატრი მკაცრი ადგილობრივი და საერთაშორისო კონტროლის ობიექტი უნდა გახდეს.
foreignpress.ge