ყოველწლიური ფოტოკონკურსი „ქოლგა“ წელს, მეთერთმეტედ, სახეცვლილი ფორმატით ჩატარდება. წელს კონკურსი უფრო დიდ მაშტაბებს იღებს. ფოტოკონკურსი საქართველოს პარალელურად, ევროპასა და ამერიკაშიც გამოცხადდა. საუკეთესო ნამუშევრები გერმანიაში, ქალაქ კიოლნში PHOTOKINA 2012 ფარგლებში გამოიფინება. PHOTOKINA მსოფლიოში, ფოტო-ფილმის სფეროში, წამყვანი გამოფენა-გაყიდვის პორტალია: www.photokina.de
საერთაშორისო პოზიციების დამკვიდრების მიზნით ფოტოკონკურსის სახელი,- „ქოლგა“ შეიცვალა „ Kolga TBILISI PHOTO“-თი. რებრენდინგის ფარგლებში შეიქმნა კორპორატიული სტილი და ახალი ლოგო. ფოტოკონკურსს დაემატა გამოფენებისა და საგანმანათლებლო მიმართულება.
Kolga TBILISI PHOTO -ს მიზანია ინტერნაციონალური ფოტოგრაფიის, სხვადასხვა ფოტოგრაფიული პოზიციის, კლასიკურისა და თანამედროვეს, საქართველოსთან ქართულ ფოტოგრაფიასთან დაკავშირება. საზოგდოებას საშუალება მიეცემა გაეცნოს როგორც მსოფლიო მნიშვნელობის კლასიკური ფოტოგრაფიის ნიმუშებს, აგრეთვე თანამედროვე ფოტოგრაფების ნამუშევრებსა და ქართველი ფოტოხელოვანების მოღვაწეობას. Kolga TBILISI PHOTO- ს ფარგლებში ჩატარდება საინტერესო გამოფენები, ფოტოკონკურსი ქოლგას მონაწილეებისთვის, სხვადასხვა, ფოტო ვორკშოპი, პოტფოლიო განხილვები და მოხსენებები, რომელსაც ჩაატარებენ ევროპელი და ამერიკელი ფოტოგრაფები, კურატორები და ფოტოექსპერტები. კონკურსის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ მსოფლიო მნიშვნელობის ფოტოგრაფებსა და მათ შემოქმედებას. ასევე, საკუთარი ნამუშევრები გააცნონ უცხოელ ექსპერტებს.
კონკურსში რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზე www.kolga.ge. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2012 წლის 25 აპრილი. შეზღუდული არ არის ფოტოპროექტების თემატიკა. საპრიზო ფონდი 5000 დოლარია. ფოტოკონკურსის მხარდამჭერები და სპონსორები არიან: თბილისის მერიის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. „თიბისი“ ბანკი, ამერიკის საელჩო საქართველოში, მეიდან ჯგუფი, კომპანია „ფოტოსამყარო“ და სხვა.