ზალცბურგში, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა ავტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტული ავტომობილის, „პორშე 911-ის“ შემქმნელი ფერდინანდ ალექსანდერ პორშე.
„ძალიან ვწუხვართ ჩვენი პარტნიორის გარდაცვალების გამო. მან „პორშე 911-ის“ შექმნასთან ერთად შეიმუშავა ჩვენი კომპანიის საინჟინრო და სადიზაინო კულტურის პროექტი, რომელმაც ჩვენი სპორტული ავტომობილების ხასიათი ჩამოაყალიბა. მისი ფილოსოფია ყოველთვის განსაკუთრებულ დიზაინს ემყარებოდა და ეს ჩვენთვის ანდერძი იქნება. ანდერძი, რომელსაც კომპანია თავისი არსებობის განმავლობაში, ყოველთვის გაითვალისწინებს“, - ნათქვამია „პორშეს“ მთავარი აღმასრულებლის, მათიას მიულერის განცხადებაში.
ფერდინანდ ალექსანდერ პორშე დიდი ფერდინანდ პორშეს შვილიშვილია. მან „პორშეში“ მუშაობა 1958 წელს დაიწყო და თავისი პირველი მოდელი, 356-ის შემცვლელი პლასტილინისგან გამოძერწა. ოთხ წელიწადში ის კომპანიის დიზაინის სტუდიას ჩაუდგა სათავეში. ერთ წელიწადში კი, „პორშე 911“-ის მოდელი შეიმუშავა. მას შემდეგ ყველაფერი, რაც ამ მოდელს და მის შთამომავლობას უკავშირდება, საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი. სერიული ავტომობილების გარდა, ფერდინანდ ალექსანდერ პორშე სარბოლ ავტომობილებსაც ქმნიდა. სწორედ მისი შემუშავებულია ფორმულა ერთის ბოლიდი „ტაიპ 804“ და „პორშე 904 კარერა GTS“.
1972 წელს მან კომპანია „პორშე დიზაინ სტუდიო“ ჩამოაყალიბა. სტუდიამ სახელი საათების, სათვალეების, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შექმნით გაითქვა.