რულანდ მონაში: ”უკეთესია, ხანძრის პრევენცია მოახდინო, ვიდრე მისი ჩაქრობა სცადო”

რულანდ მონაში: ”უკეთესია, ხანძრის პრევენცია მოახდინო, ვიდრე მისი ჩაქრობა სცადო”

პრესა.გეს დღევანდელი რესპოდენტის ძირითადი საქმიანობა სოციალურად დაუცველ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უკავშირდება. ჩვენი სტუმარია გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში რულანდ მონაში.

 

რულანდ მონაში სოციალურად დაუცველი ბავშვების შესახებ სხვდასხვა პუბლიკაციის ავტორია. სწავლობდა სოციოლოგიას გრონინგენის უნივერსიტეტში. აქვს მაგისტრის ხარისხი ეკონომიკის განვითარებაში. 

 

-“ერთი წელია საქართველოში ვარ, თუმცა ამ ქვეყნის შესახებ მანამდეც იყო ჩემთვის ცნობილი. ჯერ, შოთა არველაძე თამაშობდა ჩემს საყვარელ გუნდში, ამსტერდამის აიაქსში და საერთოდ, ჰოლანდიაში საქართველოს ძალიან კარგად იცნობენ, რადგან პირველი ლედი ჰოლანდიელია. საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე იდგა, იყო აგვისტოს ომი, ბევრი პრობლემა და ამიტომ, ავირჩიე საქართველო. აქ ეკონომიკა სწრაფად ვითარდება და საქართველო რეგიონში ძალიან გამორჩეულია”.

 

რულანდ მონეში: -”იუნისეფის” ხელმძღვანელი ვიყავი ზიმბამბვეში, მისი განვითარების დონე ძალიან დაბალია, განხსვავებული. ჩვენ, იუნისეფს უფრო ბევრი თანხა გვქონდა, ვიდრე მთავრობას. ჩვენ ვუხდიდით ხელფასებს ექიმებს, მასწავლებლებს. აქ ჩვენ ჰუმანიტარული დახმარების პროგრამებს კი არ ვახორციელებთ, არამედ მთავრობასთან ვთანამშრომლობთ, რადგან საქართველო განვითარების თვალსაზრისით  წინ მიიწევს. საშუალება გვაქვს, პოლიტიკის შემუშავების დონეზე მთავრობასთან ვითანამშრომლოთ, რომ შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც ბავშვებისა და ქალებისათვის ეფექტური იქნება.

 

პირველად, შთაბეჭდილება რამ მოახდინა?

-სატელევიზო ანძამ, რომელსაც დღემდე, ჩემი სახლის ფანჯრებიდან ვუყურებ. ეს იყო კონტრასტების ქვეყანა. არის ცუდად მოვლილი და ნგრევის პირას მისული შენობები. ამავდროულად, ბევრი ხე, პარკი, სიმწვანე, რასაც სხვა ქალაქში ვერ ნახავ. ულტრათანამედროვე შენობები, ძველი ეკლესიები. ღამით, აეროპორტიდან მოვდიოდი, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს შუშის, განათებული შენობა შევნიშნე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

 

ადაპტაციის პერიოდი რთული იყო?

-უხერხულობის მომენტი მქონდა ენასთან დაკავშირებით. თავდაპირველად, ძალიან გამიჭირდა მასთან შეგუება. მაღაზიასთან ვჩერდებოდი და ვერ ვარჩევდი რა ეწერა - ”ღიაა, თუ დაკეტილი”. განსაკუთრებით, მსიამოვნებს ის, რომ ხალხი ძალიან თბილია.

 

ენის შესწავლა არ სცადეთ?

-ენის შესწავლა კერძო პედაგოგთან დავიწყე, მაგრამ იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ თავი დავანებე. თან, დროც არ მქონდა.

 

ქართულ ტრადიციებთან შეგუებაც ისეთივე რთული აღმოჩნდა?

-ძალიან მომწონს ქართული სუფრის ტრადიცია, რადგან  ბევრ დროს ატარებ სუფრასთან. ჰოლანდიაში, მიჩვეული ვართ, უცებ ვჭამთ და ვიშლებით. აქ კი, სუფრასთან სხვა ადამიანებთან საუბრის საშუალება გაქვს, ისმენ სადღეგრძელოებს, რაც ადამიანის დაფასების შესაძლებლობას გაძლევს, ერთ-ორ კარგ სიტყვას ამბობ მათზე. ეს არის სოციალიზაცია, ამიტომ, ვისურვებდი, რომ ჰოლანდიაშიც ასე იყოს.

 

ისე, უნდა ვაღიარო, რომ ძირითადად, ლუდის მოყვარული ვარ, ვიდრე ღვინის. ”ნატახტარს” ვანიჭებ უპირატესობას. რაც შეეხება კერძებს, პირველ რიგში, დედაჩემის მომზადებული საჭმელები მიყვარს. ასევე, იტალიური ”პასტა”. ქართული საჭმელებიდან  ძალიან მიყვარს ხაჭაპური, ბევრს ვჭამ.

 

სადღეგრძელოებიც ისწავლეთ?

-ერთხელ, ჰოლანდიაში, მეგობრები სუფრასთან ვისხედით, უცებ, წამოვხტი და სადღეგრძელოს თქმა დავიწყე, ჩემი მეგობრები გაკვურვებულები მიყურებდნენ, რას აკეთებსო?!(იცინის)

 

სიმღერაც ხომ არ დაიწყეთ?

-(იცინის)მხოლოდ შხაპის ქვეშ ვმღერი.

 

და რას მღერით?

-70-იანი წლების დისკოს.

 

ტრადიციების უცებ ათვისებას, გნებავთ გაშინაურებას, იმანაც ხომ არ შეუწყო ხელი, რომ პირველი ლედი ჰოლანდიელია, საერთოდ, რას ნიშნავს, იყოთ ელჩი იმ ქვეყანაში, რომლის პირველი ლედი თქვენი თანამემამულეა?

-სანდრა რულოვსი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს დაუცველი ბავშვებისა და ქალების ცხოვრებას, რასაც ”იუნისეფის” წარმომადგენლები მხოლოდ მივესალმებით. ძალიან კარგია, რომ საქართველოს ასეთი პირველი ლედი ჰყავს. ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ ის ჰოლანდიელია, ქალბატონი სანდრა მართლაც ზრუნავს სოციალურად დაუცველ ადამიანებზე და სიამოვნებით ვთანამშრომლობთ მასთან.   

 

ბავშვების უფლებებზე მზრუნველი ელჩი ბავშვობაში რაზე ოცნებობდა?

-(იცინის) მეხანძრეობაზე. მერე, ვიფიქრე, უკეთესია, ხანძრის პრევენცია მოახდინო, ვიდრე მისი ჩაქრობა სცადო. ზუსტად, ამას ვაკეთებთ ”იუნისეფში”. ვცდილობთ, პრევენციული ზომები გავატაროთ, რადგან პრობლემების მოგვარება შემდეგ უფრო რთულია.

 

რაც შეეხება გატაცებას, როგორც მატყობთ, ფეხბურთის ძალიან დიდი ფანი ვარ, ამიტომ, დიდ დროს ვატარებ  ტელევიზორთან. სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატზეც ვიყავი. კიდევ, ველოსიპედით სიარული მიყვარს, მაგრამ თბილისში ძნელია მოძრაობა.

 

ალბათ, ჩემპიონთა ლიგასაც განსაკუთრებული ინტერესით ადევნებთ თვალს, წელს, აიაქსი გამოდის ამ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე? მის გარდა არის კიდევ გუნდი, რომელიც თქვენს კეთილგანწყობას იმსახურებს? თუნდაც, ბარსელონა, რომელსაც მაისურზეიუნისეფიაწერია.

-რა საკვირველია, პირველ რიგში ”აიაქსს” ვგულშემატკივრობ. ბარსელონასაც, თუმცა არა მხოლოდ იმიტომ, რომ მაისურზე ”იუნისეფი” აწერია, არამედ, იქ ბევრი ჰოლანდიელი თამაშობდა, მაგალითად, კრუიფი. კიდევ ერთი საყვარელი გუნდი ლონდონის ”არსენალია”. კვლავ ვერ გამოვსულვარ მდგომარეობიდან, როგორ წავაგეთ მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებთან?!

 

როტერდამში დაიბადეთ და როტერდამის ფეინოორდი რატომ დაჩაგრეთ?

-(იცინის) 6 წლიდან დავიწყე გულშემატკივრობა და ეს ის დრო იყო, როცა ”აიაქსი” სამჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის მფლობელი, მამაჩემიც მას გულშემატკივრობდა და მეც ავტომატურად გავხდი აიაქსის ფანი.

 

ბატონი რულანდი სამსახურში და მის გარეთ როგორია?

-თანამშრომლებს დამოუკიდებლად მუშაობის უფლებას ვაძლევ. მე არ ვარ მიკრო მენეჯერი და ამ ტიპის ადამიანი. ადამიანს თავისი თავის გამოვლენის საშუალებას ვაძლევ და დეტალებში არ ვერევი. თუ რამე შეკითხვა გაუჩნდებათ, საკითხებს ერთად ვწყვეტთ. რაც დავოჯახდი, მეტ დროს მეუღლესთან და შვილთან ერთად ვატარებ. სანამ ბავშვი შეგვეძინებოდა, საღამოობით, რესტორანში დავდიოდით.

 

ცოტა ხნის წინ, ნიუ იორკში სამუშაოდ გადასვლა შემომთავაზეს, მაგრამ საქართველო იმდენად მომწონს, მეც და ჩემმა მეუღლემაც უარი ვთქვით. როცა საქართველოს დატოვება მიმიწევს, პირველი ვიქნები, რომელიც პროპაგანდას გავუწევ მას, როგორც ტურისტებისთვის მიმზიდველ ქვეყანას, რადგან  მშვენიერი ქვეყანაა. ლამაზი, კარგი, მეგობრული და კეთილგანწყობილი ხალხით.

 

ბოლოს ვიყავი პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ კონცერტზე. აქტიურად კონცერტებზე სიარულს ჯერჯერობით ვერ ვახერხებ. ბავშვის გამო. ძალიან მიყვარს ძველი თბილისი, ჩემ სამი წლის გოგონას ძალიან უყვარს ფუნიკულიორი, გასართობი პარკი. შაბათ-კვირას, მთლიანად, მის განკარგულებაში ვარ.

 

ჩემს მეუღლეს უყვარს ”ბრანჩი”(საუზმის და ლანჩის კომბინაცია)წესით, დილით უნდა იწყებოდეს, მაგრამ აქ იგვიანებს. თუმცა, არის რამდენიმე რესტორანი, რომელიც შაბათ-კვირას ადრე იხსნება. მე ”ბატონებს” ვანიჭებ უპირატესობაას. ამ ბოლო დროს, აღმოვაჩინეთ, რომ თბილისში მდებარე ბევრ პარკს უკაბელო ინტერნეტი აქვს. ამიტომ, ჩემი მეუღლე ლაპტოპთან მუშაობს, ჩვენ კი, ვსეირნობთ.

 

სოციალური ქსელებით რამდენად აქტიურად სარგებლობთ?

-მომავალი სოციალური ქსელებისაა. მეც მაქვს ”ტვიტერი” და ”ფეისბუკი”, რომელსაც დიდ დროს ვერ ვუთმობ, სულ მიკვირს ჩემი მეგობრების, რომლებიც მასში აქტიურად არიან ჩართულნი.