"არ მინდა თქვენგან ვისმენდე დაპირებებს, ნუ შემიქმნით ილუზიას", ჴ ამბობს ერთ-ერთი სარეკლამო რგოლის გმირი. ზუსტად ასეთი იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში შეკრებილი საზოგადოების მესიჯი ხელისუფლების მიმართ - თითქმის, 20 წელია, ხალხი მხოლოდ დაპირებებს ისმენს.
გასულ შაბათს, ნიგვზიანს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კოტე კობახიძე და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი გოგუაძე ესტუმრნენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად. ნიგვზიანის სკოლის დარბაზში შეკრებილი ხალხი კარგად მომზადებული, მომთხოვნი და აქტიური აღმოჩნდა. მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უმოკლეს დროში, სოფელში შეიქმნება სერვისცენტრი, რომელიც მოსახლეობას სხვადასხვა სფეროში გაუწევს დახმარებას: _ შპს "მექანიზატორი" სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოა, რომელიც გარკვეული რაოდენობის ტრაქტორებს შემოიყვანს რაიონში. სოფლის მოთხოვნის შესაბამისად, ნიგვზიანს გამოეყოფა ტრაქტორების საჭირო რაოდენობა და გლეხი შეძლებს მიწის დამუშავებას არსებულის ნახევარ ფასად. სერვისცენტრი დაეხმარება მოსახლეობას დაზიანებული ტრაქტორების შეკეთებაში, მოხდება დეტალების გამოჩარხვა, გლეხები რეკომენდაციას მიიღებენ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროში და ა.შ., _ ასეთი იყო ხელისუფლების პირველი დაპირება. ერთ-ერთი გლეხი სასუქის ფასის გაპროტესტებას შეეცადა, მაგრამ სიტყვა შეაწყვეტინეს: _ წელს, მთავრობის მიერ გაცემული ვაუჩერებით იყიდით სასუქს. სპეციალურად გაკეთდა 35-კილოგრამიანი ფუთები, რომ შესყიდვა ვაუჩერით გაცემული თანხის ფარგლებში შესაძლებელი იყოს, _ განმარტა მინისტრის მოადგილემ. გლეხები სასუქის გაიაფებას მოითხოვენ, რაც, გიორგი გოგუაძის თქმით, შეუძლებელია. _ მთელ მსოფლიოში იგრძნობა საწვავის გაძვირების ტენდენცია. არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი. სასუქის ფასი საწვავზეა მიბმული(?!), ამიტომ გაიაფება ვერ მოხდება, _ განუცხადა გლეხებს მაჟორიტარმა. ნიგვზიანის მოსახლეობას ძალიან აწუხებს საყანე ფართობების დაჭაობების საკითხი. წლების განმავლობაში არ ჩატარებულა სამელიორაციო სამუშაოები, არ გაწმენდილა შიდა არხები. ვარგისი ფართობები ყოველწლიურად მცირდება და მიწა, რომელზეც გლეხმა მოსავალი უნდა მოიყვანოს, ჭაობად იქცევა. ამაში გიორგი გოგუაძემ თავად მოსახლეობა დაადანაშაულა. მისი აზრით, სახელმწიფო არ არის ვალდებული შიდა სფერული არხები გაწმინდოს: _ ეს თვითონ ხალხმა უნდა გააკეთოს. სამელიორაციო სამუშაოები ჩატარდა, მაგრამ გაწმენდილი არხები ისევ გაივსო. თქვენ უნდა შეძლოთ მათი მოვლა და თავად უნდა გაწმინდოთ, _ დააკვალიანა მოსახლეობა დეპუტატმა, თუმცა, ხალხმა ეს მოსაზრება გააპროტესტა. მოქალაქეეებმა თქვეს, რომ სამელიორაციო სამუშაოები მხოლოდ ლესამდე ჩატარდა და ნიგვზიანამდე არც კი მისულან. კომპანია "კოლხეთი ემის" დირექტორმა, ზაზა გვაზავამ მოსახლეობას აუხსნა, რომ 100 ათას ლარიანი პროექტი უკვე გამზადებულია და წელს სვიანას არხი, რომელიც პრობლემებს უქმნის ხალხს, აუცილებლად გაიწმინდება. ამ პროექტის ფარგლებში გაიწმინდება შიდა არხებიც. ეს იყო მეორე დაპირება, რომელიც შესრულდება თუ არა, შემოდგომაზე შეიტყობენ ნიგვზიანელები. მოსახლეობა შეეხო პრობლემას, რომელიც დასავლეთ საქართველოს რეგიონებისთვის გადაუჭრელად რჩება _ ეს გახლავთ ამერიკული პეპლის შემოსევა. გასულ წელს შეწამვლითი სამუშაოები არასრულყოფილად, დაგვიანებით ჩატარდა და არაეფექტური იყო, მავნებელმა თითქმის მთლიანად გაანადგურა მწვანე საფარი. წელსაც იგივეს ელიან გლეხები, თუ სახელმწიფო გადამწყვეტ ზომებს არ მიიღებს. კოტე კობახიძის თქმით, "წელს პრეპარატების რაოდენობა შარშანდელზე სამჯერ მეტია. გლეხებს არ მოუხდებათ არც პრეპარატის ყიდვა და არც ტექნიკის დაქირავება. სახელმწიფო დროულად მოახერხებს შეწამვლას, მაგრამ ამაში მოსახლეობაც უნდა დაეხმაროს. ჰაერიდან შეწამვლა გაცილებით იაფი ჯდება, მაგრამ არაეფექტურია. წამალი ნიავის დაქროლებაზეც კი იფანტება და არ მოქმედებს მავნებელზე. ამიტომ შეწამვლა ხელის აპარატებით მოხდება და ყველას კარმიდამოს მოიცავს. დამატებით იმუშავებს აგრეთვე მანქანა, რომელიც კვამლის სახით აფრქვევს პრეპარატს". ნიგვზიანის სკოლის მასწავლებელმა ისაუბრა ფერმერული მეურნეობების შექმნის შესახებ: _ უმუშევრობა ყველაზე დიდი პრობლემაა, რაც სოფელს აწუხებს. ასეთი ტიპის მეურნეობები ხალხის დასაქმებას შეუწყობს ხელს, ოღონდ სახელმწიფომ უნდა მოახერხოს შეღავათიანი კრედიტების გაცემაზე შეთანხმებას მიაღწიოს ბანკებთან. ფერმერული მეურნეობების შექმნის შესაძლებლობა აქამდე არ იყო, რადგან არ არსებობდა კანონი მათ შესახებ. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მთავრობა უკმაყოფილოა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პოლიტიკით: _ ასეთი ორგანიზაციები, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო შეღავათიან სესხებზე უნდა იყვნენ ორიენტირებულნი. 35-პროცენტიანი სესხით სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება. ამიტომ, წელს შევეცდებით, კოოპერაციის თემა წინ წამოვწიოთ. ვაპირებთ ფერმერული გაერთიანებები უპირატეს მდგომარეობაში ჩავაყენოთ. გამოვუყოთ მათ ტექნიკა, იაფი კრედიტი, _ ეს იყო მესამე დაპირება, რომლის შესრულებას საარჩევნოდ დაჰპირდნენ ხალხს. თუ მაღალჩინოსნებს დავუჯერებთ, შემოდგომაზე მთელ საქართველოში ფერმერთა გაერთიანებები ჩამოყალიბდება და სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმდება(?!). ეს შეხვედრა იმით გამოირჩეოდა სხვებისგან, რომ ხალხი ძალიან აქტიურობდა, კარგად იცოდა საკუთარი უფლებები და არც მოვალეობებზე ამბობდა უარს. მაგრამ დასასრული ძალიან ჰგავდა სხვა, მსგავსი შეხვედრების ფინალებს _ მთავრობა ამ პროექტების გასახორციელებლად მათ მხარდაჭერას ითხოვდა მომავალ არჩევნებში. |