მოსკოვის ადამიანის უფლებათა დაცვის ბიუროს ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ეკონომიკა უკიდურესად სავალალო მდგომარეობაშია. ადმინისტრაციული და საცხოვრებელი შენობები კვლავ დანგრეულია. ფასები უკონტროლოდ იზრდება. დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულ ნიშნულს უახლოვდება. სიკვდილიანობა შობადობას აჭარბებს. განუზომლად დიდია უმუშევრობის დონე.
„სამხრთ ოსეთის ეკონომიკას სერიოზული გარღვევა სჭირდება, იგი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. აღდგენითი სამუშაოები რესპუბლიკაში ცუდად მიმდინარეობს. მთელი ცხინვალი გადათხრილია. ადმინისტრაციული და საცხოვრებელი შენობები კვლავ დანგრეულია.
ეკონომიკური მდგომარეობა სავალალოა: სხვა და სხვა მონაცემებით სამომხმარებლო კალათის მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 8 ათას რუსული რუბლია (270 აშშ დოლარი), როდესაც საშუალო სტატისტიკური ხელფასი 5 ათას რუსულ რუბლს (170 აშშ დოლარი) შეადგენს“.
მათივე ინფორმაციით, საბიუჯეტო სფეროს მაღალჩინოსნებისა და რიგითი თანამშრომლების საშუალო წლიურ ხელფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია:
„სამომხმარებლო ბაზარზე ფიქსირდება ფასების უკონტროლო ზრდა. ამასთან ერთად ბავშვებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დახმარება 73 რუსულ რუბლს (2.5 აშშ დოლარი) შეადგენს. ასევე ძალიან დაბალია პენსია. საგანგაშოა სიტუაციაა დემოგრაფიულ საკითხში. სპეციალისტების განცხადებით, იგი კატასტროფულ ნიშნულს უახლოვდება. ე.წ. სამხრეთ ოსეთში ფაქტობრივად არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა მოსახლეობის რაოდენობის შესახებ.
არ არსებობს ასევე სტატისტიკა შობადობისა და გარდაცვალების თობაზე. არ ხდება შესწავლა მოსახლეობის შემადგენლობისა, რაც შეუძლებელს ხდის ყოველგვარ სტრატეგიულ, ეკონომიკურ და სპციალურ დაგეგმარებას. ამასთან ერთად, არსებობს ასევე მონაცემები იმის შესახებ, რომ სიკვდილიანობა რესპუბლიკაში ბევრად აჭარბებს შობადობას. მაღალ სიკვდილიანობას კი ბოლო წლებში არსებული არა მხოლოდ ნერვულ-ფსიქოლოგიური სტრესები განაპირობებს, არამედ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების უზომოდ დიდი რაოდენობით მოხმარება“.
ამას გარდა, მოსკოვის ადამიანის უფლებათა დაცვის ბიუროს ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში განუზომლად დიდია უმუშევრობის დონე. არც მიგრაციის აღრიცხვიანობა მიმდინარეობს, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს:
„რესპუბლიკის აღდგენისათვის ალბათ საჭიროა თანხების გამოყოფა მეგობრულად განწყობილი რუსეთის ფედერაციის მიერ“, – მიიჩნევს ბიურო და იქვე აღნიშნავს, რომ ჰუმანიტარული დახმარების აღრიცხვის გარეშე „რესპუბლიკაში“ გაგზავნილია დახლოებით 43 მილიარდი რუსული რუბლი.
„რესპუბლიკისათვის, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 36 ათას ადამიანს შეადგენს ეს ძალიან დიდი თანხაა, თუმცა გამოყოფილ ფულს გამუდმებით თან სდევდა მოსკოვისა და ცხინვალის ურთიერთბრალდებები კორუფციაში. მაგალითად, 14 მარტს ჩატარებული სამხრეთ ოსეთის უშიშროების სხდომაზე გაკეთდა განცხადება, რომ უკვალოდაა გამქრალი 800 მილიონი რუბლი, რომელიც „რესპუბლიკაში“ რუსეთის ფინანსური დახმარების ხაზით შევიდა.
ამასთან ერთად, რუსული, ჩეჩნური, ჩრდილო ოსური და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ფირმები, რომლებმაც თავის თავზე აიღეს ცხინვალის აღდგენითი სამუშაოების ჩატარება, ისე რომ მუშაობა არც კი დაუწყიათ, საბიუჯეტო თანხებთან ერთად აორთქლდნენ. რესპუბლიკაში გამუდმებით ხდება კონფლიქტი ჩინოვნიკებსა და მეწარმეებს შორის, ისინი ერთმანეთს კორუფციაში ადანაშაულებენ და ეს მხოლოდ პატარა ნაწილია იმ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისა, რომლებიც ფაქტიურად ახჩობენ „რესპუბლიკას“, – იუწყება მოსკოვის ადამიანის უფლებათა დაცვის ბიურო.
ამ ფონზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგორელებს დე ფაქტო ადმინისტრაცია საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ განცხადებებს აწერინებს. ამის შესახებ თავად ახალგორელები საუბრობენ.
„დე ფაქტო ადმინისტრაციაში ახალგორელებს მასობრივად აწერინებენ განცხადებებს იმის შესახებ, რომ ტოვებენ საქართველოს მოქალაქეობას. თუმცა, არ მოითხოვენ ამის დამადასტურებელ დოკუმენტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან. ასევე არ მოითხოვენ, რომ მოქალაქემ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ჩააბაროს.
ამის შემდეგ კი, იწყება ამ მოქალაქისთვის სამხრეთ ოსეთის პასპორტის მიცემის პროცედურა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თუ ოსური პასპორტების მფლობელები დე ფაქტო ადმინისტრაციას არ დაემორჩილებიან, მათ მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ ინფორმაციას ქართულ მხარეს მიაწვდიან“.
მათივე ინფორმაციით, გამკაცრებულია რაიონში შესასვლელ რუსულ პოსტზე გადაადგილების წესები: „რაიონში შესვლა მხოლოდ ფორმა #9-ის საშუალებით არის შესაძლებელი და ამ ცნობას ერთი დღის გასულიც რომ ჰქონდეს ვადა, მოქალაქეს უკან აბრუნებენ“.
თავის მხრივ, ახალგორის მკვიდრის, თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, ახალგორელები საქართველოს მოქალაქეობას საკუთარი სურვილით ტოვებენ და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობას ამჯობინებენ. მეარაყიშვილის თქმით, ახალგორელებს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ახსნა-განმარტებით წერილს ფორმალურად აწერინებენ, რადგან „თუ ეს ადამიანები პრეტენზიებს გამოთქვანენ ამ წერილს აუფრიალებენ“.
„არავის აიძულებენ. ყველა თავიანთი სურვილით აბარებს პასპორტს. ახსნა-განმარტებით ბარათს აწერინებენ, რომ გთხოვთ მომცეთ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობაო. ოსური ადმინისტრაცის დამცველი არ ვარ, მაგრამ წეროვნის დევნილთა დასახლებაში ადამიანებს ოსური ადმინისტრაცია ვერანაირად ვერ მიაკითხავს, თვითონ თავიანთი სურვილით მიდიან და ამ ბარათებს წერენ“.
ახალგორის მკვიდრი, თამარ მეარაყიშვილი, მოსახლეობის ამ განწყობას ოსური თუ რუსული ადმინისტრაციისგან სხვადასხვა სიკეთებს მიაწერს: „ამ პასპორტებს პენსია, ხელფასი და სხვადასხვა პრივილეგიები მოსდევს. უკვე ეს ყველაფერი ფართო მასშტაბებზე ვრცელდება, თუმცა ვინ და როგორ იღებს ოსურ პასპორტებს ეს გასაიდუმლებულია“.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არსებულ რეალურ მდგომარეობაზე კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ვესაუბრებით:
რა პერსპექტივა აქვს რეგიონს, თუ არსებული ვითარება კიდევ დიდხანს გაგრძელდა?
პაატა ზაქარეიშვილი: რეგიონი სამხედრო ბანაკად, ბაზებად დარჩება და იქ მცხოვრებნი მხოლოდ ამ დაწესებულებების მოსამსახურეები იქნებიან. ეს ნამდვილად არ არის სახარბიელო პერსპექტივა.
შეიძლება რუსეთმა იქ ჩრდილოკავკასიელი ხალხები შეასახლოს. თავის ამ სამხრეთ რეგიონში სერიოზული პრობლემები აქვს და ამ დროს ცხინვალის რეგიონში თავისუფალი და ნაყოფიერი მიწები ცდება. ამიტომ, ვითარება ამ მიმართულებითაც შეიძლება საფრთხის შემცვლელი იყოს.
ჩრდილოკავკასიელების გადმოსაყვანად დაწყებულია თუ არა რაიმე ტიპის მუშაობა?
– მუშაობა დაწყებულია იმაზე, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან ახალგაზრდები რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში გაიყვანონ. ხელი შეუწყონ შეღავათიანი კრედიტებით და სხვა საშუალებებით. მიზანი, კავკასიური მოსახლეობის ახალგაზრდა ნაწილის დანარჩენი რუსეთისკენ დაძვრაა. სიტყვაზე, ციმბირისკენ, უფრო შორეული რაიონებისკენ. ამ დროს, ყურის ძირში ექნებათ კავასიის ტიპის გარკვეული ტერიტორია, სადაც მშობლებთან და ახლობლებთან სიახლოვეში იქნებიან. ანუ, ადამიანი აქეთ უფრო წამოვა ვიდრე ციმბირისკენ. ეს საფრთხეც სერიოზულად გამოიყურება.
რაც შეეხება ახალგორის რაიონს, ვრცელდება ინფორმაცია რომ იქაურებს საქართველოს მოქალაქეობას ატოვებინებენ...
– ჯერჯერობით ამ პროცესიდან რაიმე სერიოზულ შედეგებს არ ველი. ისინი მოქალაქეობის დათმობას საქართველოს იუსტიციის სამინისტროში არ ითხოვენ. ეს განცხადება კი მათ მიერ შემუშავებული ერთი რიგითი უაზრობაა, გინდ დაგიწერია, გინდ არა. სანამ კომპეტენტურ ორგანოში არ დაწერ განცხადებას და მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურას არ გაივლი, სხვაგან დაწერილი უსტარი სისულელეა და არანაირ ტრაგედიას არ წარმოადგენს.
პრობლემა მაშინ იქნება, როდესაც საქართველოს მოქალაქეობიდან გამოსვლის საბუთს მოითხოვენ. მანამდე ფორმალურობას აქვს ადგილი; რათა ოსებმა გაამართლონ, რომ საქართველოს მოქალაქეები არ არიან ის ადამიანები, ვისაც ოსურ პასპორტებს აძლევენ. ჯერჯერობით ასეა და მერე რა იქნება, ვერ გეტვით.
ზოგადად, ცხინვალის ანკლავისთვის არსებული იზოლაციისთვის თავის დასაღწევად გამოსავალი სად შეიძლება იყოს?
– თბილისმა რეგიონს ყრუ იზოლაცია გაუკეთა და იქ ჩიტი ვერ შეფრინდება. თუ გალის რაიონში ნებისმიერი მოქალაქე გადავა, ქართული მხარე ახალგორში არავის ატარებს. ცინიკურად ამბობენ, ეს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხდებაო. მაგრამ გალის რაიონში ტერაქტებია, ხალხს არბევენ, თხილზე გაწევ–გამოწევაა და მთელი დავიდარაბაა. ახალგორში კი ამ ტიპის არაფერი ხდება. ამიტომ, ქართული მხარე აშკარად უცნაური და მცდარი მიმართულებით მიდის, რათა ხელი შეუწყოს ეთნიკურ წმენდას თვით ახალგორის რაიონში.
დიახ, უტიფარი და ამაზრზენი ეთნიკური წმენდა განხორციელდა მთელი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, გარდა ახალგორის რაიონისა. ჩვენები კი ამასაც ხელს უწყობენ, რაც ყოვლად დაუშვებელი, მიუღებელი და უგუნური ნაბიჯია. პირიქით, მოსახლეობის იქ დაბრუნებას ხელს უნდა ვუწყობდეთ. სახლებს წეროვანში კი არ უნდა ვუშენებდეთ, ფულს უნდა ვაძლევდეთ, რომ იქ იცხოვრონ. პენსიები დავუნიშნოთ იმ ხალხს, ვინც ახალგორში იცხოვრებს, მათ განსაკუთრებული უპირატესობები მივანიჭოთ. ამ დროს დავხურეთ სკოლები, მასწავლებლებს, ექიმებს ხელფასს არ ვაძლევთ. ხელისუფლება გაუგებარ და სრულიად საპირისპირო პოლიტიკას ატარებს.
ისიც ვთქვათ, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს?
– როგორც ჩანს, 8 აპრილის არჩევნებზე თიბილოვი გაიმარჯვებს. არ ველოდები ჩვეულ გაუგებრობებს და დაძაბულობას. ამჯერად ყველაფერი მშვიდად დამთავრდება.