ქართული დემოკრატია ვაშინგტონში დისკუსიის საგანი ხდება

ქართული დემოკრატია ვაშინგტონში დისკუსიის საგანი ხდება

წლების განმავლობაში, ვაშინგტონში საქართველოზე დებატები ფიკუსირებული იყო ამ ქვეყნის რუსეთთან დავებსა და მის ნატოში გაწევრიანებისკენ მისწრაფებაზე. ამ თვეში, მდიდარმა ქართულმა ოპოზიციამ (ვაშინგტონელი ლობისტების დიდი გუნდის დახმარებით) წარმატებას მიაღწია და გახსნა დებატები ისეთ თემებზე, რომელიც ქვეყნის შიგნით ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისადმი საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებას მოიცავს.

გასულ კვირაში, „საქართველოს დემოკრატიის აქტი 2012“-ს წარმოდგენით რესპუბლიკელმა ჯიმ მაკდერმოტმა კონგრესის ცხოველი ინტერესი საქართველოს საშინაო პოლიტიკას მიაპყრო. დოკუმენტში, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ნათქვამია, რომ „დემოკრატია საქართველოში სერიოზული გამოწვევების წინაშეა და პოლიტიკური თავისუფლება და სამართლიანი კონკურენცია პოლიტიკურ პარტიებს შორის ილახება“.

„მაგალითად, მთავრობა ზრდის პოლიტიკური ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრთა დაპატიმრების რიცხვს, ზღუდავს პრესის თავისუფლებას, ლახავს მშრომელთა სამართლიან უფლებებს, და ხელს უშლის ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან დემონსტრაციების ჩატარების მცდელობას – ხშირად ძალადობრივი გზით“, ნათქვამია კანონპროექტში.

დოკუმენტი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობას მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დევნაში ადანაშაულებს, რომელსაც დოკუმენტი აღწერს, როგორც ქართველ ბიზნესმენს, რომელმაც შექმნა ახალი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“, „ოპოზიციური პარტიების გაერთიანების და საქართველოს მთავრობაზე სააკაშვილის მზარდ დიქტატორულ კონტროლთან დაპირისპირების მიზნით“.

კანონპროექტი სააკაშვილს ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევასა და 2012 წლის საპარალამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად მის მხარდამჭერებზე ზეწოლისა და მათი დაკავების კამპანიის ინიცირებაში ადანაშაულებს. კანონპროექტში წარმოდგენილია ინიციატივა, რომლის თანახმად შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს დახმარება, თუკი არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი ან ივანიშვილი და მისი პარტია ვერ მიიღებენ მასში მონაწილეობას სრულფასოვნად.

„ეს კანონპროექტი ხელს შეუწყობს იმ ზეწოლის გამოაშკარავებას, რომელიც სულ უფრო ძლიერდება საქართველოში. მე ვიცი, რომ კონგრესში ორივე მხარის წარმომადგენლები იზიარებენ ჩემს მზარდ შეშფოთებას საქართველოში პოლიტიკურ პარტიების, მშრომელების და არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროვების გამო“.

მაკდერმოტი არ არის ცნობილი კონკრეტულად საქართველოს საკითხებზე ან ზოგადად საგარეო პოლიტიკაზე აქტიურობით კონგრესში. მისი ბოლო მნიშვნელოვანი გაელვება საერთაშორისო დიპლომატიაში 2002 წლის ბოლოს აშშ-ს ინტერვენციამდე სადამ ჰუსეინთან შესახვედრად ერაყში ვიზიტი იყო – მოგზაურობა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა სადამის სპეცსამსახურებმა დააფინანსეს.

მაგრამ ის არ არის ერთადერთი კანონმდებელი, რომელიც ბოლო დროს საქართველოს საშინაო პოლიტიკით დაინტერესდა. აღნიშნული პრობლემა წამოჭრა რამდენიმე სენატორმა 21 მარტს საქართველოში აშშ-ს ელჩის კანდიდატურის, რიჩარდ ნორლანდის მოსმენაზე, რომელიც კონგრესმა გასული კვირის ბოლოს დაამტკიცა.

„მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი სასიცოცხლო დაინტერესება საქართველოს ხანგრძლივი უსაფრთხოებითა და სტაბილურობით, პირდაპირ არის დაკავშირებული მთავრობის შემდგომ დემოკრატიულ რეფორმებთან“, განაცხადა მოსმენის დროს სენატის საგარეო ურთიერთობათა ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატმა ჯინ შაჰინმა.

თავის გამოსვლაში, ნორლანდმა შეაქო სააკაშვილის მთავრობა, განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს შეერთებული შტატების უსაფრთხოების პრიორიტეტებში, მათ შორის მის კონტრიბუციას ავღანეთის ომში.

„როგორც ამ წლის დასაწყისში პრეზიდენტმა ობამამ პრეზიდენტ სააკაშვილის ვაშინგტონში ვიზიტის დროს აღნიშნა, ამ ხნის განმავლობაში საქართველომ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია მყიფე სახელმწიფოდან ისეთ სახელმწიფოდ გარდაქმნის გზაზე, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა წვრილმანი კორუფცია, განაახლა სახელმწიფო ინსტიტუტები და მომსახურება და აშენებს სუვერენულ და დემოკრატიულ ქვეყანას“, განაცხადა ნორლანდმა.

მაგრამ შემდეგ, სენატორ ბენ კარდინის შეკითხვაზე პასუხად, ნორლანდმა საქართველოს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები პირდაპირ დაუკავშირა შეერთებული შტატების დამხარებას საქართველოსთვის და ამ ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას.

„საქართველოს ინტერესების და მისი ნატოში გაწევრიანებისკენ მისწრაფების გათვალისწინებით, ასევე ამ მისწრაფებიდამი ჩვენი მხარდაჭერის გათვალისწინებით, ის თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ლაკმუსის ქაღალდი. ჩვენ

ყურადღებით დავაკვირდებით პროცესს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები ნატოს სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება“, განაცხადა მან.

„მე ხაზი მინდა გავუსვა ოპოზიციური კანდიდატების შეზღუდვის პრობლემას“, განაცხადა კარდინმა – არცთუ კარგად შენიღბული მინიშნება ივანიშვილის პარტიაზე „ქართული ოცნება“. „ამას ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში იყენებენ, როგორც ოპოზიციური შესაძლებლობების დაბლოკვის საშუალებას, და მე ვისურვებდი ჩვენს იქ ყოფნას იმისთვის, რომ ოპოზიციას ჰქონდეს რაც შეიძლება ფართო შესაძლებლობები, რათა თანაბარ დონეზე ეფექტური კონკურენციის გაწევა შეძლოს“.

ნორლანდის კომენტარებმა საქართველოს დამკვირვებლები გააოგნა, რადგან აქამდე ადმინისტრაციის არცერთ ჩინოვნიკს საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ნატოსკენ მისწრაფება ერთმანეთთან არ დაუკავშირებია, და ადმინისტრაციის არცერთ ჩინოვნიკს ამ ორი ფაქტის დასაკავშირებლად არ გამოუყენებია ტერმინი „ლაკმუსის ქაღალდი“.

კონგრესის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული განვითარებისადმი ახალი და ექსპანსიური ინტერესი გამოწვეულია ვაშინგტონში ივანიშვილის და მისი პარტიის „ქართული ოცნების“ ახალი და ექსპანსიური ლობისტური ძალისხმევით. ამ ძალისხმევას სათავეში უდგას მძლავრი ლობისტური კომპანია Patton Boggs, რომელმაც ივანიშვილთან და მის „ქართუ ბანკთან“ დაკავშირებული საქმიანობა დაარეგისტრირა Lobbying Disclosure Act (LDA)-ის ფორმით და არა, როგორც Foreign Agent Registration Act (FARA), რასაც ამერიკელები ჩვეულებრივ იყენებენ ხოლმე უცხოელი პოლიტიკოსების პრეზენტაციისას.

ივანიშვილის ლობისტების გუნდი მოიცავს ასევე კოლუმბიის ოლქის კიდევ რამდენიმე ფირმას, მათ შორის National Strategies, რომელიც ასევე LDA-ს სახით დარეგისტრირდა და თავის ანკეტაში მითითებული აქვს, რომ არ წარმოადგენს „უცხოურ სუბიექტს“. National Strategies-თან დაუნი მაკგარტის ფირმა მუშაობს, რომლის ანკეტაშიც ვკითხულობთ, რომ ის წარმოადგენს „უცხოურ სუბიექტს“ და აცხადებს, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიული არჩევნების“ მიმართულებით მუშაობს. ივანიშვილის ლობისტურ გუნდს წარმოადგენენ ასევე კომპანიები Parry, Romani, Deconcini, Symms, როგორც ეს მათსავე სარეგისტრაციო ანკეტებშია მითითებული.

როგორც ჩანს, ზოგიერთი კომპანია რეგისტრაციის გარეშეც მუშაობს ივანიშვილის სახელით. მაკდერმოტის კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფოსტით რეპორტიორებს კომპანიებმა Kglobal და Peter Mirijanian Public Affairs დაუგზავნეს.

ერთადერთი კომპანია, რომელიც FARA-ს ფორმით არის დარეგისტრირებული და ივანიშვილს წარმოადგენს არის BGR Group (მის ანკეტებში ვკითხულობთ, რომ ის ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს). BGR მოქმედებს ასევე წამყვანი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ირაკლი ალასანიას და მისი პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით, როგორც ეს მათსავე ანკეტებშია მითითებული. აღნიშნული დოკუმენტების თანახმად, ალასანიას პოლიტიკურ ძალისხმევას მხარს უჭერს და აფინანსებს ივანიშვილი.

ლობისტური კომპანიები ხშირად FARA -ზე მეტად LDA-ის ფორმით დარეგისტრირებას ამჯობინებენ, რადგან ასეთ შემთხვევაში ინფორმაციის გასაჯაროებაზე მოთხოვნა, უფრო რბილია. FARA-ს იურისტების თქმით, ასეთი რეგისტრაციის კანონიერება დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა კლიენტი აქტიურად ჩართული საგარეო პოლიტიკაში და არიან თუ არა ამერიკელი ლობისტები აქტიურად ჩართული იმ ამერიკელი ჩინოვნიკების ლობირებაში, რომელთა საქმიანობა აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებულ სპეციფიკურ მიმართულებებს ეხება.

ივანიშვილის ოპონენტები მას რუსეთის მიერ დაფინანსებულ ოლიგარქად წარმოაჩენენ, ოლიგარქად, რომლის პროგრამაც ანტი-დასავლური და შესაბამისად ანტი-ამერიკულია. ისინი მიუთითებენ იმაზე, რომ მისი პოზიცია რუსეთის მიმართ რბილია, მაგალითად ისეთი, როგორიც მან ერთხელ რუსეთის ყოფილი და მომავალი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით გამოხატა, რომ „რუს ხალხს ეს კაცი მოსწონს“ და „რომ რუსეთი“ „არადემოკრატიულ ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მაგალითი არ არის“. მან ასევე დაადანაშაულა სააკაშვილი რუსეთთან 2008 წლის ომის გაჩაღებაში.

ივანიშვილის ეკონომიკურ კავშირებს რუსეთთან ღრმა ფესვები აქვს. მან საკუთარი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა და დღემდე სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი „გაზპრომის“ აქციების 1%-ის მფლობელია. (რუსეთის ფედერაციას და „გაზპრომს“ ვაშინგტონში კომპანია Ketchum წარმოადგენს).

გასულ კვირაში, Der Spiegel-თან ინტერვიუში ივანიშვილმა განმარტა მისი ახალი და ძვირადღირებული ლობისტური ძალისხმევის მიზნები, რაც კერძოდ იმაში მდგომარეობს, რომ დაარწმუნოს შეერთებული შტატების მთავრობა შეწყვიტოს სააკაშვილის მხარდაჭერა.

„ამერიკამ საქართველო უმცროსი პარტნიორის რანგშია აირჩია. შეერთებული შტატები ფიქრობს, რომ სააკაშვილი დემოკრატიულ საქართველოს აშენებს, მაგრამ ეს მხოლოდ ფასადია. მე მინდა ამერიკელებს მისი ნამდვილი სახე დავანახო. სააკაშვილი მათ თვალში ნაცარს აყრის“.

ჯერ-ჯერობით, ამერიკის მთავრობა ამ საკითხს ფრთხილად ეპყრობა. რესპუბლიკელი სენატორის რიჩარდ ლუგარის შეკითხვებზე თავის წერილობით პასუხებში ნორლანდი ივანიშვილის და მაკდერმოტის ზოგიერთ განცხადებაზე დაობს, მაგრამ მათ შეშფოთებას პირდაპირ არ უარყოფს.

„ჩვენ არ ვიცით დაპატიმრებულია თუ არა ოპოზიციის რომელიმე მხარდამჭერი, თუმცა მათი დევნის შესახებ ზოგიერთი ცნობა სარწმუნოა. გარდა ამისა, არსებობს ნიშნები იმისა, რომ კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული საქართველოს ახალი კანონი ისე მოქმედებს, რომ პოლიტიკური გამოხატვის უფლებას ზღუდავს“, ამბობს იგი. „ჩვენ ფოკუსირებული ვართ პროცესზე და იმაზე, რომ დავრწმუნდეთ, რომ ყველა კვალიფიციურმა კანდიდატმა და პოლიტიკურმა პარტიამ კონკურენცია თანაბარ პირობებში შეძლოს; ადმინისტრაცია მხარს არ უჭერს კონკრეტულად რომელიმე პარტიას ან კანდიდატს“.
foreignpress.ge