„ჩვენთვის დღეს ომია. სანამ ეს ხელისუფლებაა, ჩემთვის მშვიდობა ვერ იქნება. ვიქეიფებ კიდეც, სპექტაკლშიც ვითამაშებ, მაგრამ ჯერ კარგად არ მეღიმება. ჩემი საწუხარი ისაა, ჩვენი საქციელის გამო უფალმა

„ჩვენთვის დღეს ომია. სანამ ეს ხელისუფლებაა, ჩემთვის მშვიდობა ვერ იქნება. ვიქეიფებ კიდეც, სპექტაკლშიც ვითამაშებ, მაგრამ ჯერ კარგად არ მეღიმება. ჩემი საწუხარი ისაა, ჩვენი საქციელის გამო უფალმა

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს საზოგადოებისთვის ჩაგონებას, რომ ქვეყანაში დემოკრატია ყვავის, მედია და სასამართლო თავისუფალია და ა.შ. კვირას გადაცემა „აქცენტებში“ უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის ნაციონალური ტელეარხები სრულიად ხელმისაწვდომია. მისმა ამ განცხადებამ ოპოზიციის სრულიად სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ბოკერიას ეს განცხადება სხვა არაფერია თუ არა მოსახლეობისთვის თვალებში ნაცრის შეყრა. ყველა კარგად ვხედავთ, რით იწყება ამ არხებზე საინფორმაციო გადაცემები.

პირველი 20-25 წუთი ეთმობა მიხეილ სააკაშვილის შეხვედრებსა და მის მიერ ახალ-ახალი ობიექტების გახსნას, შემდეგ კი იწყება „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ლანძღვა და რუსეთის აგენტებად შერაცხვა.

რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ ყველას აქვს შესაძლებლობა უყუროს ნაციონალურ არხებს და წამზომი ხელში რომ არ დაიჭირო, ისედაც ჩანს, თუ ვის რა დრო ეთმობა.

 „ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საკმარისია მხოლოდ ერთი მაგალითი მოვიყვანოთ. ეს არის პრეზიდენტის სუპერაქტიურობის პერიოდში მისი შეხვედრების გაშუქება ნაციონალური არხების მიერ საინფორმაციო პროგრამებში. ეს გამოსვლები არანაირი ინფორმაციის მატარებელი არ არის. როდესაც პრეზიდენტი ვიღაცას ხვდება და ტელეეთერიდან ლანძღვა - გინების კორიანტელი ისმის, თუ ეს ინფორმაციაა, ნუ არ ვიცი, მაშინ, რა უნდა ვთქვა. ოპოზიციის ნებისმიერ აქტიურობას, ან ძალიან მცირე დრო ეთმობა, ან საერთოდ არ აშუქებენ ნაციონალური არხები ოპოზიციის მიერ გამართულ ღონისძიებებს, შეხვედრებს თუ მრგვალ  მაგიდებს. ასე რომ, ამას დიდი მონიტორინგი, მე მგონი, საერთოდ არ სჭირდება.“ - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე presage.tv-სთან საუბარში.

მისი თქმით, ოპოზიციისთვის მხოლოდ „მაესტრო“ და „კავკასია“ არის ხელმისაწვდომი. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ „კავკასია“ ვრცელდება თბილისზე და მის ახლო შემოგარენზე, „მესტროს“ ყურების შესაძლებლობა კი აქვთ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს საკაბელო ტელევიზია და ისეთი პაკეტი, რომელშიც ჩართულია „მაესტრო“. სხვებს, თუ ინდივიდუალური თანამგზავრული თეფშები არ დაიყენეს, „მაესტროს“ ნახვის შესაძლებლობა საერთოდ არ აქვთ.

ვახტანგ ხმალაძემ გიგა ბოკერია ტყუილში დაადანაშაულა, რადგან მისი თქმით, როდესაც ბოკერია წინა არჩევნების მონიტორინგზე საუბრობდა, მან სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

„როდესაც გასული არჩევნების შეფასება ახსენა ბატონმა ბოკერიამ და განაცხადა, რომ თითქოს, საერთშორისო ორგანიზაციების შეფასებით ამ არჩევნების დროს ნაციონალურ ტელეარხებზე თანასწორობის პრინციპი დაცული იყო, ეს იყო ტყუილი. ყველას შეუძლია ნახოს, როგორც ეუთოს, ასევე გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები. ეს შედეგები გამოქვეყნებულია.

ერთადერთი, რაც ითქვა, მეტ-ნაკლებ თანასწორობაზე და მეტ-ნაკლებ, ბალანსზე, ეს იყო ნათქვამი არჩევნების დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ. იქვე აღნიშნული იყო, რომ „რუსთავი2“-ის, „იმედი“-ს, „მზე“-ს, „რეალ ტი-ვი“-ს გადაცემებში დარღვეული იყო ბალანსი, განსაკუთრებით ეს ეხებოდა საინფორმაციო გადაცემებს, სადაც ახალი ამბების სახით მოსახლეობას მიეწოდებოდა ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების გამოსვლები, რაზეც პირდაპირ წერია - „რაც ხელს უწყობდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ არჩევნებში“. ეს არის ის, რასაც ჰქვია ფარული რეკლამა.“ - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

აქვე იგი აღნიშნავს, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს საზოგადოებრივ მაუწყებელზეც უღმერთოდ იყო დარღვეული ბალანსი, მაგრამ საპარლამენტო არჩევნების დროს ეს მიდგომა მეტ-ნაკლებად გამოსწორდა, რაც არ ეხება სხვა ეროვნულ მაუწყებლებს.

საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ერთობა - სამართლიანობისთის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ ნაციონალური არხების დაუბალანსებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელიც დემოკრატიულობის პროცენტს განსაზღვრავს ქვეყანაში. მისი თქმით, დემოკრატია დგას სამ მნიშვნელოვან წერტილზე. „ეს არის რეალური თვითმმართველობა, გამჭვირვალე არჩევნები, სასამარლო ხელისუფლება და დამოუკიდებელი, თავისუფალი მედია. დამოუკიდებელი მედია გულისხმობს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ობიექტურ ასახვას და არა მხოლოდ ხელისუფლების პიარისთვის მუშაობას“, - რაც დეპუტატის აზრით მიმართულია იქითკენ, რომ „მოხდეს საზოგადოების ზომბირება და უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს აჩვენონ, ვითომდა ქვეყანაში მიმდინარეობს დემოკრატიული პროცესები.

დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ სინამდვილეში ეს არის წინასაარჩევნო ძალიან სერიოზული და ძალიან ძვირადღირებული კამპანია, რომელსაც ხელისუფლება ეწევა და ამ ფონზე, დემოკრატიული პროცესის განვითარებაზე ილუზია არავის უნდა გვქონდეს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი შესულია ჩიხში და მხოლოდ მედიას შეუძლია ამ ჩიხიდან ქვეყნის გამოყვანა.  ასეთი პოლიტიკური ნება კი ჩვენს ხელისუფლებას დღემდე არ გააჩნია.

„მარტო ქრონომეტრაჟის მონიტორინგის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნაციონალური ტელეარხები, როგორიცაა მაგალითად, ჩვენი ჯიბით დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი, ასევე „იმედი“ და „რუსთავი 2“, ფაქტიურად ჩვენთვის არის ხელმიუწვდომელი. თუ ნებისმიერ საინფორმაციო გამოშვებას დააკვირდებით, დარწმუნდებით, რომ პირველი 23-25 წუთი ეთმობა, როგორც მინიმუმ „ნაციონალურ მოძრაობას“, და როგორც წესი, პრეზიდენტის პერსონალურ პიარს. ოპოზიციისთვის მხოლოდ გარკვეული სკანდალური გარემოების ამსახველი რამდენიმე წამი შეიძლება იყოს გამოყოფილი ამ ქრონომეტრაჟის საერთო მოცულობაში, რაც ცალსახად, დისკრიმინირებულ მდგომარეობაში ამყოფებს ქვეყანაში განვითარებულ რეალურ პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებს. ამ პროცესების ობიექტური ასახვის არც პოლიტიკური ნება არსებობს, რომელიც უნდა გამოიხატებოდეს ნაციონალური ტელეარხების სიუჟეტებში, არც თავად ტელეარხის ხელმძღვანელობა არის განწყობილი იმისთვის, რომ რაღაც თუნდაც მცირედი შანსი დატოვოს იმისა, რომ ოპოზიცია გაშუქდეს. ეს არის ის დოქტრინა, რომელსაც ისინი ახორციელებენ თავიანთი სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში.“ - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე presage.tv-სთან საუბარში.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიქტორ დოლიძე კი ოპოზიციისთვის ნაციონალური არხების ხელმისაწვდომობის შესახებ გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ცინიკურს უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ საზოგადოებისთის თვალში ნაცრის შეყრის მცდელობა უშედეგოა, რადგან მათი განცხადებების აღარავის სჯერა.

„ნაციონალური არხები ჩვენთვის არ არის ხელმისაწვდომი, ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით „იმედს“, „რუსთავი 2“-ს, „რეალ-ტივი“-ს და სამწუხაროდ, საზოგადოებრივ მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებებსაც. ეს გადაცემები არათუ ობიექტური და თავისუფალია, არამედ სპეციალურად მიზანიმართულია ბიძინა ივანიშვილის და კოალიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ეს არხები „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციით პროპაგანდისტულ იარაღს წარმოადგენს ხელისუფლების ხელში. რა კომენტარი უნდა გავაკეთო ბოკერიას განცხადებაზე, გარდა იმისა, რომ ეს არის ცინიკური განცხადება. თუმცა გიგა ბოკერიას გუშინდელი ეთერი თავიდანვე ამდაგვარი იყო. ამ საკითხისადმი ძალიან აგდებული, ცინიკური, არასერიოზული დამოკიდებულება აქვს უშიშროების საბჭოს მდივანს, ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მთავარ მრჩეველს. კიდევ ერთხელ ჩანს, ეს არასერიოზული ხალხი როგორ უდგება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორც არის თუნდაც ქვეყნის თავისუფლება, და იგივე მედიის თავისუფლება“,- აცხადებს ვიქტორ დოლიძე.

ამასთანავე, იგი საუბრობს ინტერესთა კონფლიქტზე, რასაც ადგილი აქვს ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის შეფთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ირაკლი ჩიქოვანი არის ამ კომისიის ხელმძღვანელი და ამავდროულად ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ერთ - ერთი მფლობელი. ვიქტორ დოლიძე მიიჩნევს, რომ აქ პრობლემა არა მხოლოდ სარედაქციო პოლიტიკაა, საქმე ეხება მედიამფლობელობის საკითხის გამჭვირვალობასაც. მისი თქმით, ეს პრობლემა ცნობილია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და არაერთ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას გამოუქვეყნებია ამაზე საკუთარი მოხსენება. ამიტომ დოლიძე ხაზს უსვამს, რომ ეს მხოლოდ ოპოზიციის მიერ მოგონილი რაღაც ჭორი კი არ არის, არამედ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული ფაქტია და იგი ხელისუფლებას ურჩევს ამ მასალებს გაეცნონ.

Presage.tv შეეცადა გაერკვია რას უპასუხებენ ოპოზიციის ამ ბრალდებებს ნაციონალური სატელევიზიო არხების ხელმძღვანელები. პირველ რიგში დავუკავშირდით საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს ხათუნა ბერძენიშვილს. თავიდან მან კატეგორიულად გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ ოპოზიციას საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით შეიძლება რაიმე პრეტენზია ჰქონდეს. მან მოგვთხოვა კონკრეტულად აგვეხსნა მისთვის, რას ამბობენ ოპოზიციის წარმომადგენლები საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ. როდესაც ავუხსენით, კონკრეტულად რა პრეტენზია არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ, ხათუნა ბერძენიშვილმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

„იცით რა, არსებობს წამზომი და შეგიძლიათ დათვალოთ, თქვენც და ოპოზიციამაც, მაგრამ მე არ მგონია, რომ ოპოზიციას ეს ეთქვა იმიტომ, რომ მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკისადმი ძირითადად პრეტენზია არ აქვთ. თქვენ თქვენი სტატისტიკა გაქვთ და რაღაც გარკვეული წყარო და მე - ჩემი. შენ შენსას მეუბნები, მე ჩემსას გაუბნები.“

შემდეგ ხათუნა ბერძენიშვილმა გვითხრა - მომასმენინე, რომელიმე ოპოზიციონერის ინტერვიუ, სადაც ის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ პრეტენზიას გამოთქვამს და კომენტარს მერე გავაკეთებო და ყურმილი დაგვიკიდა.

რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროს მათე კირვალიძეს და „რუსთავი 2“-ს საინფორმაციო სამსახურის უფროს ნინო შუბლაძეს, მათთან დაკავშირება presage.tv-მ ვერ შეძლო. კირვალიძის მობილური მუდმივად გამორთული იყო, ნინო შუბლაძემ კი ჩვენს ზარებს არ უპასუხა.