დღეს ინტერნეტპორტალ presage.tv (for.ge) პრეს-კლუბში მედიაგაერთიანების შეხვედრა შედგა, სადაც ტელეკომპანია „თრიალეთის“ საკითხზე იმსჯელეს. მედიაგაერთიანება, რომელიც დაახლოებით ორი თვის წინ შეიქმნა 33 მედიასაშუალებისგან შედგება და დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, თუ რა მექანიზმები უნდა შემუშავდეს „თრიალეთზე“ ხელისუფლების ზეწოლისგან დასაცავად. დღეს იყო მოსამზადებელი სხდომა, უახლოეს დღეებში დაგეგმილია კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც უკვე კონკრეტულად დაიგეგმება ის ნაბიჯები, რასაც მედიაგაერთიანება გადადგამს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ ტელეკომპანია „თრიალეთი“ 5000 ლარით დააჯარიმა. ტელეკომპანიის დამფუძნებლის ბადრი ნანიტაშვილის განცხადებით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც იგი ხაშურის ტელეკომპანია „დიას“ მიერ გორში გახსნილი ოფისიდან ხაშურის მიმართულებით მიწოდებული სიგნალის კანონიერებით დაინტერესდა. ამას კი ნანიტაშვილი იმით ხსნის, რომ „დია“ ხელისუფლების წარმომადგენლების საკუთრებაა და მისი საქმიანობა ტელეკომპანია „თრიალეთის“ დაძირვისკენ არის მიმართული.
„როდესაც კომუნიკაციების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ უკანონოდ, უსაფუძვლოდ და მოგონილი ბრალდებით დაგვაჯარიმა 5000 ლარით, ჩვენ მხარდაჭერისთვის მედიაგაერთიანებას მივმართეთ. ეს დაჯარიმება იყო ზეწოლა იმის გამო, რომ ჩვენ დავაყენეთ საკითხი სახელისუფლო ტელეკომპანია „დიას“ მიერ სიხშირეებზე უკანონო მაუწყებლობის შემოწმების შესახებ. მარეგულირებელმა კომისიამ, ჩემი აზრით მიიღო ჩვენი დასჯის დავალება და ღამის 9 საათზე შექმნეს დოკუმენტი, თითქოს, ჩვენ ვმაუწყებლობთ არა ჩვენს კუთვნილ სიხშირეზე. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გამოყოფილი გვაქვს სიხშირე, ვმაუწყებლობთ ამ სიხშირეზე და ნებისმიერ მომენტში მზად ვართ შეგვამოწმოს ნებისმიერმა კომისიამ, საჯაროდ, ღიად და არა ჩუმად და საიდუმლოდ.
ეს არის მედიაგაერთიანება, რომელიც სულ ახლახანს შეიქმნა. ჩვენც ვართ ამ მედიაგაერთიანების წევრი და მას მივმართეთ დახმარებისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ბადრი ნანიტაშვილმა presage.tv-სთან საუბარში.
შეხვედრაში მონაწილეობდა ასევე კომპანია „გლობალ თი-ვი“-ს განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორი ზურაბ ბაზლიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მედიაგაერთიანებას ამ ეტაპზე ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება და თუ იგი შეძლებს იმ ფუნქციების შესრულებას, რაც თავის თავზე აიღო, მაშინ უზარმაზარ როლს შეასრულებს ამ ბაზარზე. მედიაგაერთიანების მთავარი ამოცანა კი არის ნებისმიერი მედიასაშუალების ინტერესების დაცვა.
ზურაბ ბაზლიძემ ასევე ისაუბრა იმ საკითხზე, რომელიც ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით, გახდა ტელეკომპანია „თრიალეთის“ დაჯარიმების საფუძველი. კერძოდ, კომისიის ინფორმაციით, როდესაც მარეგულირებელმა ჩაატარა სიხშირეების შემოწმება, აღმოჩნდა, რომ ტელეკომპანია „თრიალეთი“ მაუწყებლობდა არა იმ სიხშირეზე, რომელზეც მას ლიცენზია აქვს მიღებული. ზურაბ ბაზლიძის თქმით, ძალიან რთულია მაუწყებელმა კონკრეტული სიხშირიდან პარამეტრები შეცვალოს და გადავიდეს სხვა სიხშირეზე. ასეთ შემთხვევაში საჭირო ხდება ყველა მომხმარებლის მიმღები მოწყობილობის გადაწყობა და ეს ერთ და ორ დღეში ვერ მოხერხდება ვერანაირად. ამდენად, ეს თავისთავად პრობლემატურია ფინანსურადაც და ორგანიზაციული თვალსაზრისითაც, რასაც არც ერთი მაუწყებელი არ გააკეთებს.
მედიაგაერთიანების წევრები აცხადებენ, რომ მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში არის ის, რომ ეროვნული მარეგულირებელი კომისია ხელისუფლების ხელში მედიასუბიექტებზე ზეწოლის მექანიზმს წარმოადგენს.
„აუცილებლად წერილობით მივმართავთ მარეგულირებელ კომისიას, რომ მათ გაგვცენ დასაბუთებული პასუხი, ასევე მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტს. ზოგადად მე ვფიქრობ, რომ აქ ყველაზე მთავარი პრობლემა არის ის, რომ მარეგულირებელი კომისია, რომელიც მედიაბაზარზე მოთამაშე სუბიექტებს გარკვეულწილად დახმარებას უნდა სთავაზობდეს თავისი რეგულაციებით, ამის ნაცვლად იგი არის მედიაორგანიზაციებზე ზეწოლის მექანიზმი და ხელისუფლების ნების გამტარებელი. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიმუშავოთ ამ მიმართულებითაც, თორემ გამოდის, რომ დღეს მედიაორგანიზაციები აფინანსებენ მარეგულირებელ კომისიას, რაც იმას ჰგავს (უხეში შედარება რომ მოვახდინოთ) რომ საკუთარი თავის დასაკლავი დანა ადამიანმა თვითონ გალესოს. ვნახოთ, პარასკევს კიდევ ერთხელ შევიკრიბებით, უფრო ფართოდ ვიმსჯელებთ ამ ყველაფერზე და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ,“ - მიჩნევენ მედიაგაერთიანების წევრები.