პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის კურსთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სამუშაო შეხვედრას არ დაესწრება, "არც მაგით დაიქცევა ქვეყანა".
როგორც "ინტერპრესნიუსს" თამაზ მეჭიაურმა განუცხადა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სამუშაო შეხვედრას დღეს გამართავს.
"გაგზავნილია შესაბამისი შეტყობინებები და მათი გადასაწყვეტია, რა ფორმით რა წარმომადგენლობით მიიღებენ მონაწილეობას. მოთხოვნა, რომ აუცილებლად პირველი პირები უნდა ესწრებოდნენ, არ გვაქვს. მთავარია იყოს უფლებამოსილი და მეორე მხრივ, კომპეტენტური პიროვნება, ვინც იცნობს სიტუაციას", - განაცხადა მეჭიაურმა.
დაესწრება თუ არა შეხვედრას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, თამაზ მეჭიაურის თქმით, ეს მისი გადასაწყვეტია.
"ვერ გეტყვით. არ ვიცი, ეს მისი გადასაწყვეტია. არც მაგითი დაიქცევა ქვეყანა თუ არ მოვა და მოვა სხვა ვინმე. თუ მოვა, რა თქმა უნდა, მივესალმები", - განაცხადა მეჭიაურმა.