თბილისში ყვითელი მიკროავტობუსების შემოყვანის პროცესი გრძელდება და პრობლემებიც ამ საკითხთან დაკავშირებით ისევ იჩენს თავს. კერძოდ, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები იმ აუტენელ პირობებს უჩივიან, რაც მათ კომპანია „თბილისის მირკოავტობუსმა“ შეუქმნა. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის მიერ შარშან გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა ოთხმა კომპანიამ - „თბილლაინი“, „ფაბლიკი“, „კაპიტალ გრუპი“ და „თბილ ქარი“, - ყველა ერთად კი მიხეილ სააკაშვილის ხაზინადარებს შარანგიებს ეკუთვნით, ანუ იგივე მიხეილ სააკაშვილს და გიგი უგულავას.
სწორედ ამ ოთხ კომპანიის მენეჯმენტს ახორციელებს კომპანია „თბილისის მირკოავტობუსი“.
აღსანიშნავია, რომ ტენდერის პირობების თანახმად, აღნიშნულ კომპანიებს თბილისში სამარშრუტო ხაზებზე 15 იანვრამდე 3068 ახალი მიკროავტობუსი უნდა შემოეყვანათ, მაგრამ ეს პირობა არ შეუსრულებიათ, რისთვისაც მერიამ ისინი დააჯარიმა და თითოეულს პრაქტიკულად სიმბოლური თანხის, ასი ლარის გადახდა მოუწია. კომპანიებს თბილისში მირკოავტობუსების შემოყვანის ვადა 15 მარტამდე გაურძელდათ, მაგრამ როგორც ვხედავთ ეს პროცესი ჯერაც არ დასრულებულა.
ცნობისთვის, ვადის გასვლის შემდეგ, თუ საკონკურსო პირობებით ნაკისრი ვალდებულება კვლავ შეუსრულებელი დარჩება, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია, ნებართვის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღოს. „თბილისის მიკროავტობუსში“ კი ჯიუტად აცხადებენ, რომ მირკოავტობუსების შემოყვანის პროცესი გაზაფხულზე დასრულდება, თუმცა ზუსტად არ იციან - როდის.
ახლა კი რაც შეეხება იმ პრობლემებს, რაც ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლებსა და მგზავრებს აწუხებთ. მძღოლების პრობლემა პირველ რიგში არის „თბილისის მიკროავტობუსის“ მიერ მათთვის დაწესებული მაღალი გადასახადი. თითოეულ მირკოავტობუსზე დღიური გეგმა მარშრუტის მიხედვით, 48-დან 100 ლარამდე მერყეობს. ამასთანავე, თითოეული მძღოლი ვალდებულია ამ დღიურ გეგმის გარდა მიღებული შემოსავლიდან ყოველდღიურად გადადოს 20 ლარი, რასაც ისინი „მანქანის ცვეთას“ უწოდებენ, ანუ, ეს ის თანხაა, რაც საჭიროების შემთხვევაში მიკროავტობუსს უნდა მოხმარდეს. ამ ხარჯებს რა თქმა უნდა, ემატება საწვავის ფულიც და საბოლოო ჯამში, მძღოლების განცხადებით, დღეში მინიმუმ 160 ლარის დანახარჯი აქვთ. ამიტომაც მძღოლები ამბობენ, რომ ყოველდღიურად ოჯახში 10-15 ლარზე მეტი ვეღარ მიაქვთ, რაც მათ ადრინდელ შემოსავალზე ბევრად ნაკლებია.
ამასთანავე, მირკოავტობუსების მძღოლები ამბობენ, რომ კომპანია „თბილისის მირკოავტობუსი“ აიძულებს მათ, რომ მანქანასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, მხოლოდ „თეგეტა მოტორსის“ მომსახურებით ისარგებლონ, რაც ბევრად ძვირია სხვა ალტერნატიულ საშუალებებთან შედარებით.
მაგალითად, როდესაც ძრავში ზეთის შეცვლა ან მუხრუჭის ხუნდების შეცვლა სჭირდებათ (რაც თვეში ერთხელ მაინც არის საჭირო), მძღოლები ამბობენ, რომ ამის უფლებაც კი არ აქვთ, რომ ეს სერვისი ელიავას ბაზრობაზე მიიღონ.
„ჩემს ძველ მანქანაზე რომ ვმუშაობდი, ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში მანქანის შეკეთება ბევრად უფრო ნაკლები მიჯდებოდა, ვიდრე დღეს. საქმე ისაა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვთქვათ, ელიავას ბაზრობაზე წავიყვანოთ ეს ახალი მანქანა და იქ შევაკეთოთ, აუცილებლად უნდა მივიყვანოთ „თეგეტა მოტორსში“, სადაც 4-5-ჯერ უფრო ძვირია ყველაფერი. მაგალითად, როდესაც მანქანა ამდენს მოძრაობს, მას თვეში ერთხელ მაინც სჭირდება ძრავში ზეთის შეცვლა და მუხრუჭის ხუნდების შეცვლა. ელიავას ბაზრობაზე ამ მანქანის ხუნდები 50 ლარი თუ ღირს, „თეგეტა მოტორსში“, 280 ლარი გვიჯდებოდა. როდესაც ამის წინააღმდეგ პროტესტი გამოვთქვით, ეს თანხა 180 ლარამდე შეამცირეს, მაგრამ ეს მაინც ბევრად მეტია, ვიდრე ელიავას ბაზრობის ფასი. ჩვენ კი არჩევანის საშუალება არ გვაქვს. თუ ვინმე გაბედავს და ელიავაზე შეცვლის ზეთს, ან საერთოდ ნებისმიერ პრობლემასთან დაკავშირებით წავა ელიავას ბაზრობაზე, მას აუცილებლად სამსახურიდან გაუშვებენ. ის არ ჰყოფნით, რომ გადასახადები გაგვიზარდეს, იმასაც გვაიძულებენ, რომ „თეგეტა მოტორსის“ ასეთი ძვირიანი სერვისით ვისარგებლოთ. სწორედ ამის გამო გვიწევს ყოველდღიურად 20 ლარის გადადება, რისი მითითებაც თვითონ მოგვცეს, რომ შემდეგ ეს თანხა მანქანის შეკეთებისთვის გვეყოს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ჩვენი ოჯახის ბიუჯეტზე აისახება უარყოფითად“, - აცხადებს presage.tv-სთან საუბარში ყვითელი მიკროავტობუსის ერთ - ერთი მძღოლი, რომელმაც ვინაობის გამჯღავნება არ ისურვა.
ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლებს მაღალი გადასახადების პრობლემასთან ერთად, პრობლემები აქვთ ძველი მიკროავტობუსების მძღოლებსაც. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც გარკვეულ ხაზებზე ყვითელი მიკროავტობუსები შემოიყვანეს და ძველი მიკროავტობუსების მძღოლებიც აიძულეს მგზავრობის გადასახადი გაეზარდათ, მათ მგზავრთა რაოდენობა საგრძნობლად შეუმცირდათ. თუმცა, მიუხედავად ასეთი სირთულეებისა, ბევრი მათგანი მაინც არ აპირებს ახალ მიკროავტობუსზე მუშაობის დაწყებას.
„იმდენად დიდი გადასახადები აქვთ ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლებს, რომ პირადად მე ჩვენს ხაზზე ამ ახალი მანქანების შემოყვანის შემდეგ, ალბათ, აღარ გავაგრძელებ მუშაობას. მართალია, მგზავრობის საფასურის გაზრდის შემდეგ ჩემი შემოსავალი ძალიან შემცირდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, იმის საშუალება მაინც მაქვს, მანქანა რომ გამიფუჭდება, სადაც მინდა იქ მივიყვან და ბევრად იაფად შევაკეთებ, ვიდრე ამ ყვითელ მანქანებს სჭირდება. მე ის მაინც შემიძლია ელიავას ბაზრობაზე შევაკეთო ჩემი მანქანა, ხოლო ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლებს კი ამის უფლება არ აქვთ“, - აცხადებს ერთ-ერთი მძღოლი.
აღსანიშნავია, რომ მძღოლების განცხადებით, ყვითელი მიკროავტობუსები ძალიან უხარისხოა და ის პირობა, რომელიც მათ დაუდეს, რომ მანქანა შვიდი წლის შემდეგ მათ პირად საკუთრებაში გადავა, პრაქტიკულად შეუსრულებელია. ყველა მძღოლმა, ვისაც კი ამ თემაზე presage.tv ესაუბრა, ზუტსად ერთი და იგივე ფრაზა გვითხრა - „შვიდი წლის შემდეგ ამ მანქანიდან მხოლოდ საჭე დარჩება“.
ამასთანავე, მძღოლების თქმით, მანქანა რომც დარჩეთ, შვიდი წლის შემდეგ მას ვერაფერში გამოიყენებენ, რადგან მათ სამარშრუტო ხაზზე ამ მანქანით მუშაობის უფლება არ ექნებათ.
„პირობა ასეთია, შვიდი წლის შემდეგ მანქანა შენი იქნება, მაგრამ უნდა წაიყვანო სახლში და გყავდეს იქ, ხაზზე მისი გაშვების უფლება არ გვექნება. გვეუბნებიან, რომ მუდმივად ახალი მანქანები უნდა შემოვიყვანოთ და ძველებს ხაზებზე არ ვამუშავებთო.“ - განგვიცხადეს მძღოლებმა.
ყველაფერ ამას ემატება ის პრობლემაც, რომელიც უკვე თბილისის მაცხოვრებლებს აქვთ, ანუ მგზავრებს. საუბარია იმაზე, რომ ყოველ სამარშრუტო ხაზზე ყვითელი მიკროავტობუსების შემოყვანის დროს, ამ კონკრეტულ ხაზზე მანქანების რაოდენობა მცირდება, ან ხდება ორი სამარშრუტო ხაზის გაერთიანება, რაც შესაბამისად, მაინც იწვევს მანქანების შემცირებას. მაგალითად, სამარშრუტო ხაზი N63 (მეტროსადგური მარჯანიშვილი - ნუცუბიძის პლატო) გაერთიანდა N50-თან, რომელიც ავლაბრის მოედნიდან მეტროსადგურ „დელისამდე“ მიდიოდა, ანუ პრაქტიკულად მოხდა N50 სამარშრუტო ხაზის დაგრძელება და ეხლა ეს მარშრუტი ავლაბრის მოედნიდან ნუცუბიძის პლატოზე მიდის. თუმცა მოხდა ამ ხაზზე როგორც N50-ის, ასევე N63-ს მიკროავტობუსების რაოდენობის შემცირება. შესაბამისად, თითოეულ მძღოლს 3-4 დღეში ერთხელ უწევს მუშაობა და გაზრდილი გადასახადების ფონზე შემცირებული შემოსავლის მიღება, ნაცვლად იმისა, რომ როგორც ადრე, ყოველ დღე ემუშავათ.
ეს შემცირებები, რაც მხოლოდ ორი კონკრეტული სამარშრუტო ხაზის მაგალითზე მოვიყვანეთ, თბილისში რამდენიმე ხაზზე განხორციელდა და პროცესი ჯერ არ დასრულებულა, რადგან ყვითელი მიკროავტობუსების შემოყვანა გრძელდება. ყველაფერი კი მგზავრებზეც აისახება. თბილისის ნებისმიერი მაცხოვრებელი, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, დაგვეთანხმება, რომ ამ მხრივ ქალაქში სერიოზული პრობლემაა. ჩვენთან საუბარში მძღოლები მიკროავტობუსების რაოდენობის შემცირებას იმით ხსნიან, რომ „თბილისის მიკროავტობუსს“ მანქანების იგივე რაოდენობა რომ დაეტოვებინა, მათგან დღიურ გეგმას ვერ ამოიღებდნენ. მანქანების რაოდენობის შემცირებით კი გაიზარდა ინტერვალი ერთ ხაზზე მოძრავ მიკროავტობუსებს შორის, შესაბამისად მოიმატა თითოეულ მათგანზე მგზავრების მოთხოვნამ. სწორედ ამიტომ არის, რომ ყველა მიკროავტობუსი, განსაკუთრებით პიკის საათებში, იმდენად გადატვირთულია, რომ მგზავრობა პრაქტიკულად გაუსაძლისი ხდება.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ახალი მიკროავტობუსების ქალაქში შემოყვანით პრობლემები ექმნებათ არა მხოლოდ მძღოლებს, არამედ მგზავრებსაც.
აღსანიშნავია, რომ მირკოავტობუსების მძღოლები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ მოსახლოდნელია მარშრუტკების მგზავრობის საფასურის ერთ ლარამდე გაზრდა.
„ამბობენ, რომ ერთი ლარი უნდა გახდეს მგზავრობა, მაგრამ მე მგონი არჩევნებამდე ამას არ გააკეთებენ. შემდეგ კი თუ ნაციონალებმა ამ არჩევნებში გაიმარჯვეს, მაშინ აუცილებლად დაგვახრჩობენ ყველანაირად, როგორც კი შეეძლებათ“, - აცხადებს presage.tv-სთან საუბარში ყვითელი მიკროავტობუსის ერთ-ერთი მძღოლი.
აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით presage.tv დაუკავშირდა კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ დირექტორს, დავით ნიკოლაშვილს, რომელმაც ჩვენს კითხვებს არ უპასუხა და კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს თეონა ნიორაძესთან გადაგვამისამართა. თეონა ნიორაძესთან დაკავშირება საერთოდ შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან მას მობილური ტელეფონი მუდმივად გამორთული ჰქონდა, კომპანიაში დარეკვის დროს კი მასთან უბრალოდ არ დაგვაკავშირეს.
როგორც ჩანს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ხელფასს იმისთვის უხდიან, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობას თავი აარიდოს.
მოგვიანებით, „თბილისის მიკროავტობუსში“ გვითხრეს, რომ მათთვის გადაგვზეგზავნა ის კითხვები, რაზე პასუხის მიღებაც გვსურდა და მხოლოდ ამის შემდეგ გადმოგვიგზავნეს პასუხები.
კითხვები კი ასეთი იყო - პირველი კითხვა ეხებოდა იმას, თუ რატომ აიძულებენ ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლებს, რომ მანქანების შეკეთება მხოლოდ „თეგეტა მოტორსში“ მოახდინონ?
„თბილისის მიკროავტობუსში“ აცხადებენ, რომ მათ ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული „ჯი თი მოტორსთან“. საგარანტიო მომსახურებაზე ორწლიანი ხელშეკრულების მიხედვით კი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მანქანების შეკეთება მოხდება ტექნიკურად გამართულ ცენტრში. ამასთანავე, „თბილისის მიკროავტობუსის“ ინფორმაციით, საგარანტიო მომსახურება გულისხმობს წუნის შემთხვევაში მიკროავტობუსის ძირითადი აგრეგატის (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდები, სავალი ნაწილი და სხა) უფასოდ შეკეთებას.
შემდეგ კითხვაზე, რომელიც ეხებოდა თითოეულ ხაზზე მიკროავტობუსების რაოდენობის შემცირებას, „თბილისის მიკროავტობუსი“ პასუხობს, რომ ყველა ხაზზე იქნება მიკროავტობუსების ის რაოდენობა, რა დადგენილია სანებართვო პირობების შესაბამისად. ასევე „თბილისის მიკროავტობუსში“ აცხადებენ, რომ „ფორდის“ მარკის მირკოავტობუსების უხარისხობასთან დაკავშირებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
კომპანიაში ასევე არ ადასტურებენ მგზავრობის საფასურის ერთ ლარამდე გაზრდის შესაძლებლობას. თუმცა ყველას კარგად გვახსოვს, როგორ ჯიუტად უარყოფდნენ თბილისის მერიაშიც და „თბილისის მიკროავტობუსშიც“ თავიდანვე მგზავრობის საფასურის 80 თეთრამდე გაზრდის შესაძლებლობას და ამ ინფორმაციას ჭორს უწოდებნენ, მაგრამ შემდეგ ეს „ჭორები“ გამართლდა.
იმედი ვიქონიოთ, რომ ამ შემთხვევაში მაინც ასე არ მოხდება და თბილისის მოსახლეობა კიდევ ერთ დიდ პრობლემას აარიდებს თავს.