საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, რიკოთის უღელტეხილზე (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი) მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, აღნიშნულ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მათივე ინფორმაციით, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა ბობოყვათი–ბათუმის მონაკვეთზე და ამ მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შეზღუდვა რჩება მხოლოდ ჩოლოქის ხიდი-სარფის მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა თბილისის შემოვლით გზაზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის, განსაკუთრებით რთული ვითარებაა გურიის რეგიონში, სადაც გრძელდება ინტენსიური თოვა. თოვლის საფარმა ზოგიერთ რაიონში 1 მეტრს გადააჭარბა. მთელი ღამისა და დღის განმავლობაში თოვის პირობებში განხორციელებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შენარჩუნებულია გურიის ცენტრალურ გზებზე. რთული მდგომარეობის გამო შეფერხებულია მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი–ლესა და შუხუთი–ძიმითის საავტომობილო გზებზე.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა დამატებითი ტექნიკის მობილიზება. ამ დროისათვის მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები.
რაც შეეხება სხვა საავტომობილო გზებს: ზვავშაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე;
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: ნაქერალას უღელტეხილზე, გომი–საჩხერე–ჭიათურისა და თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის გზებზე;
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობის რეჟიმებია დაწესებული: მლეთა-გუდაურის მონაკვეთსა და გომბორის უღელტეხილზე. ყველა მიმართულებით, გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. "რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მივლინებული არიან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე უწევენ კოორდინაციას და მონიტორინგს მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს"-ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.