ბათუმის ცენტრში თურქმა მამაკაცმა ქართველ ქალს სცემა

ბათუმის ცენტრში თურქმა მამაკაცმა ქართველ ქალს სცემა

ძველ ბათუმს ვათვალიერებდი, როცა ქუთაისისა და ხულოს ქუჩების კვეთასთან ახლოს გადავაწყდი ინცინდენტს, რომლის დროსაც ადგილობრივები ცდილობდნენ პოლიციაში წაეყვანათ თურქეთის მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მათივე განმარტებით, ქართველი ქალს იქვე მყოფების თვალწინ სცემა - „ქალი ქართველია, მაგრამ არ ვიცით ვინ არის. აგერ ჩხუბობდნენ და კლავდა, ძლივს ავართვით ხელებში. თურქი კლავდა ცემაში - აგინებდა, სცემდა“.

ეს ფაქტი 1 აპრილს, ოთხის წუთებზე მოხდა. ინცინდენტი, რომელსაც თან ხმაური ახლდა, დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში იქ სამართლადამცავები არ გამოჩენილან. მე ხელში მეჭირა დიქტოფონი და ამ აურზაურს ვიწერდი.

ქუთაისის ქუჩის ერთ-ერთი მობინადრე თავად ცდილობდა იმ მამაკაცის პოლიციაში მიყვანას, რომელმაც ქალბატონი სცემა, მაგრამ ეს ვერ შეძლო, რადგან ხელიდან დაუსხლტდა და მიიმალა, მაგრამ მანამდე მისთვის ფოტოს გადაღება შევძელი.

ასევე გადავიღე შემთხვევის ადგილი - ქუთაისის ქუჩაზე მდებარე თურქული კაფე, რომლის წინ მსხდომებმა ფოტოგადაღება გააპროტესტეს. გადავიღე ის ადამიანიც (მოხუცი ქართველი კაცი), რომელმაც წამიყვანა და მაჩვენა კაფე ხულოს ქუჩაზე და ფართი ქუთაისის ქუჩაზე, რომელთა მეპატრონე ის თურქი მამაკაცია, ქალბატონი, რომ სცემა. ამ მოხუცი ქართველი კაცის ფოტო მაქვს, მაგრამ მისი გამოქვეყნებისგან გარკვეული მიზეზების გამო თავს ვიკავებ.