სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების შეხვედრაზე შამბეზში სიტყვით გამოვიდა.
როგორც პატრიარქმა სიტყვით გამოსვლისას ბრძანა, კრებაზე მხოლოდ ის თემები უნდა იქნას განხილული, რომელთა შესახებ ყველა ეკლესიამ დადებითი პოზიცია დააფიქსირა. მისი განმარტებით, სამი თემის ("ერთიანი კალენდრის შესახებ,” "ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების” და "მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში,”) წარმოდგენილი სახით წმინდა და დიდ კრებაზე გატანა მიუღებელია.
"თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მსოფლიო პატრიაქო ბართლომე, მართლმადიდებელ ეკლესიათა უწმიდესნო და უნეტარესნო მწყემსმთავარნო, მეუფენო, მამანო და ძმანო, გულითადად მოგესალმებით საქართველოს ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით.
თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კონსტანტინეპოლში შევიკრიბეთ და დავსახეთ ძირითადი მიმართულებები წმინდა და დიდი კრების ჩასატარებლად.
მაშინ გადაწყდა მთავარი პრინციპიც ჩვენი მუშაობისა, რომ როგორც კრების წინარე შეხვედრები, ისე თვით კრება კონსესუსის პრინციპით უნდა წარმართულიყო, რაც გულისხმობს ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობას კრებაზე და ყველას თანხმობას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.
მაშინაც აღვნიშნეთ და კვლავ გავიმეორებთ, რომ წმინდა და დიდი კრება, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი ვემზადებით, განსხვავებულია ადრე ჩატარებული მსოფლიო კრებებისაგან იმით, რომ ჩვენ არ განვიხილავთ დოგმატურ საკითხებს და არ ვემიჯნებით ამა თუ იმ სწავლებას, არამედ გვსურს მსოფლიოს წინაშე მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობის წარმოჩენა და ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხზე საკრებო ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიღება. და რადგან კრების მთავარი მიზანი ჩვენი ერთობის გამოხატვაა, ბუნებრივია, რომ მხოლოდ ის თემები უნდა იქნას განხილული, რომელთა შესახებ ყველა ეკლესიამ დადებითი პოზიცია დააფიქსირა. ეს არის ერთადერთი სწორი მიდგომა.
თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, კარგად გვესმის, რომ კრების მომზადებასთან დაკავშირებული ძირითადი ტვირთი თქვენ გაწევთ, მაგრამ არსებითი საკითხების გადაწყვეტისას ადგილობრივი ეკლესიების პოზიციების გაუთვალისწინებლობა დაუშვებელია.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საპატრიარქოსთვის უმნიშვნელოვანესია დიპტიქის (ეკლესიათა რიგითობა) საბოლოოდ განსაზღვრა, ძმობის და თანამშრომლობის სულისკვეთებით განმსჭვალულები, ჩვენ ამჯერად თავს ვიკავებთ აღნიშნული თემის კრებაზე განხილვის კატეგორიულად დაყენებისგან, რითაც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს კონსტრუქციულობას და გვჯერა, რომ ახლო მომავალში ეს პრობლემა ჩვენთვის დადებითად გადაწყდება. მაგრამ ვერაფრით ვერ დავეთანხმებით იმ აზრს, რომ ბოლო დროის შეხვედრებზე, როგორც ჩვენი, ისე სხვა ეკლესიების მიერ უარყოფილი თემები წმინდა და დიდ კრებაზე 30 წელზე მეტი ხნის წინ მიღებული სახით გავიდეს.
უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ 1998 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომამ მიუღებლად მიიჩნია წმინდა და დიდი კრების იმდროინდელი წინამოსამზადებელი შეხვედრების რიგი დადგენილებები (მათ შორის ქორწინების და კალენდრის საკითხიც). რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მსაგვსი ქმედებები განხორციელდა სხვა ეკლესიებშიც.
წმინდა და დიდი კრების წინამოსამზადებელი კომისიის მუშაობის შედეგებს ჩვენი ეკლესიის წმინდა სინოდი რეგულარულად ეცნობოდა, თუმცა, ვიცავდით დოკუმენტების არ გასაჯაროების შეთანხმებას; რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენც ვეთანხმებოდით ამ პოზიციას. პირიქით, ყოველთვის ვიყავით და ვართ მომხრე იმისა, რომ შეთანხმებული საკითხები უნდა გასაჯაროვდეს, ამით ეკლესიებსაც და კრებასაც დავიცავთ გავრცელებული უსაფუძვლო ეჭვებისა და ბრალდებებისგან.
რაც შეეხება ეკლესიებისთვის კრების შედეგების სავალდებულოებას, მიგვაჩნია, რომ დიდმა და წმინდა კრებამ, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, თუ იგი ეკლესიის სისავსემაც არ აღიარა, ეს დადგენილებები არათუ სავალდებულო და მისაღები გახდება ეკლესიებისათვის, არამედ იქცევა დაბრკოლების მიზეზად და შეიძლება განხეთქილებამდე მიგვიყვანოს. მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია ამის არაერთ მაგალითს იცნობს.
ჩვენ ვცხოვრობთ 2000 წლოვანი განუყოფელი ეკლესიის ტრადიციით. ამ წიაღმა მსოფლიოს მისცა ათასობით წმინდანი. მათ მიერ განჩინებული და აღიარებული წესების შეცვალა ძალიან საშიშია.
გავიმეორებ იმ აზრსაც, რომ ვინაიდან, დიდი და წმინდა კრების გადაწყვეტილებები არ ეხება სწავლებით-სამოძღვრო (დოგმატურ) საკითხებს, მისი დადგენილებები ადგილობრივი ეკლესიებისთვის სავალდებულო შეიძლება გახდეს მხოლოდ კონსესუსის წესით, ყველას მიერ მათი მიღების შემთხვევაში.
უწმინდესნო და უნეტარესნო მწყემსმთავარნო, ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო და მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელნო, საქართველოს ეკლესიის მხრიდან ორი წერილი დაგეგზავნათ ჩემი და მიტროპოლიტ გერასიმეს სახელით, სადაც დაფიქსირებული იყო ის აზრები, რომელიც აგრეთვე წარმოადგენს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის პოზიციას.
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის (როგორც ადრე ჩატარებულის, ისე ბოლოდროინდელთა) გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, კვლავ ვაცხადებთ, რომ სამი თემის ("ერთიანი კალენდრის შესახებ,” "ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების” და "მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში,”) წარმოდგენილი სახით წმინდა და დიდ კრებაზე გატანა მიუღებლად მიგვაჩნია. მაგრამ, თუ იქნება მოთხოვნა იმისა, რომ აღნიშნული საკითხები კრების დღის წესრიგში აუცილებლად უნდა შევიდეს, მაშინ წმინდა და დიდი კრება უნდა გადაიდოს, ვიდრე მათთან დაკავშირებით საერთო შეთანხმება არ მიიღწევა.
შევნიშნავთ იმასაც, რომ წმინდა და დიდ კრებაზე არ შეიძლება, უკვე შეჯერებული თემების გარდა, რომელიმე სხვა საკითხის შემოთავაზება განსახილველად. ეს პრინციპულად მიუღებელია.
წმინდა და დიდ კრებას უნდა ესწრებოდნენ მართლმადიდებელი სამღვდელოების, ბერ-მონოზვნების, ღვთისმეტყველების წარმომადგენლები, რაც იყო მსოფლიო კრებების ტრადიცია.
ბოლოს აღვნიშნავთ იმასაც, რომ შამბეზის ამჟამინდელი გადაწყვეტილებებიც გატანილი იქნება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე.
განვლილია დიდი გზა, გაწეულია დიდი შრომა, მაგრამ, როგორც კრებისწინა შეხვედრებმა აჩვენა ერთსულოვნების მისაღწევად კვლავაც მოგვიწევს მუშაობა.
ჩვენ ყველანი აქ შევიკრიბეთ, რათა ვმოწმოთ ჭეშმარიტი. დაე, იყოს ეს შეხვედრაც და წმინდა დიდი კრებაც გაცხადება ყოვლადწმინდა სამების ნებისა და ჩვენზეც აღსრულდეს მოციქულის სიტყვები: "გიხაროდეთ ძმანო, განმტკიცდით, ნუგეშცემულნი იყავით და ერთსულოვანნი, მშვიდობა გქონდეთ; და ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყოს თქვენთან” (II კორინ.13.11), ამინ!", - ბრძანა პატრიარქმა.