რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას პანკისის ხეობასთან დაკავშირებით შანტაჟის ფორმა აქვს, რომ შეხვედრაა საჭირო რაღაც საკითხების მოსაგვარებლად, - ამ კონტექსტში აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მზაობას, შეხვდეს თავის ქართველ კოლეგას.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ვოლსკიმ განუცხადა, შეხვედრის რეალური წინაპირობები ჯერ არ არსებობს, ხოლო შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა გაიმართოს.
"მისი განცხადება პანკსის ხეობის თაობაზე ხომ არ არის წინაპირობა იმისა, რომ შეხვედრის აუცილებლობა დაასაბუთოს და ამისკენ ხომ არ მიანიშნებს?! შეხვედრა შეხვედრისათვის არ უნდა ჩატარდეს. თუ რაიმე საფუძველი და წინაპირობა ექნება პოზიტიურ განვითარებას, რა საკვირველია, იმ წითელი ხაზების დაცვით, რომელიც ჩვენ რუსეთთან ურთიერთობებში გაგვაჩნია, ეს სხვა თემაა. ამის რეალური წინაპირობები ჯერჯერობით არ არსებობს. ასე რომ შეხვედრის თემის წამოწევა შანტაჟის ენით, მე ვფიქრობ, ჩრდილს აყენებს იმ პოზიტივს რაზედაც თავად ლავროვიც საუბრობს და რაზეც პოზიტიური დამოკიდებულება საერთაშორისო საზოგადოებამაც გამოხატა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გია ვოლსკიმ.