საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზეა, ყველაფერი კარგად არ არის და გარკვეული გამოწვევები არსებობს.
როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ვინაიდან მეტი თანხა იხარჯება სესხების მომსახურებაში, ადამიანების შემოსავალი რეალურად მცირდება.
„ინფლაცია მოგეხსენებათ, ჯამური სამომხმარებლო კალათის მაჩვენებელია. ინფლაცია არის მიზნობრივ მაჩვენებელზე საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის. რა თქმა უნდა, სამომხმარებლო კალათაში რიგ საქონელზე ფასები მნიშვნელოვნად გაზრდილია და ეს განსაკუთრებით მტკივნეულია სოციალურად მოწყვლადი ფენისთვის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ, ვინაიდან მეტი თანხა იხარჯება სესხების მომსახურებაში, ადამიანების შემოსავალი რეალურად მცირდება, ამიტომ ეს არ არის პირდაპირ პროპორციულად კავშირში ინფლაციასთან. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზეა, გამოწვევები ნამდვილად არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.