"პირობა, რომ საარჩევნმო კოდექსში ცვლილებები გაკეთდება, ოპოზიისთვის მიცემული არ ყოფილა"

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ინტერპარტიული ჯგუფისათვის საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით პირობა არ მიუცია.

მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინდელი შეხვედრა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან აზრების გაცვლა-გამოცვლას ემსახურებოდა, რადგან საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ყველა ფენის აზრის მოსმენა სურს.

"ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენ უნდა ვაწარმოოთ დიალოგი საზოგადოების ყველა ფენასთან, მათ შორის არასაპარლამენტო ოპოზიციასთან. პირობა, რომ ცვლილებები გაკეთდება, მიცემული არ ყოფილა, ეს არის ჩემი განცხადების ინტერპრეტაცია. მე ვთქვი, რომ ჩვენ ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა, მე მექნება კონსულტაციები გუნდთან. ეს გუნდის მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელზეც იქნება საუბარი. მიზანშეწონილობის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, რომ მათი არგუმენტები განვიხილოთ, ჩვენი არგუმენტები მივაწოდოთ და მერე რაღაც სიმართლეზე შევჯერდეთ. ეს ნორმალური პროცესია და ყველასთვის უნდა იყოს  ნორმალური ასეთი საუბარი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს 25 იანვარს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინტერპარტიული ჯგუფი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვს.