პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილისთვის პანკისის ხეობასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება გაუგებარია.
როგორც სესიაშვილმა შესაბამის საკითხზე კომენტირებისას "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პანკისის ხეობაში "აბსოლუტური სიმშვიდეა".
"სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია ლავროვის განცხადება. პანკისში აბსოლუტური სიმშვიდეა და ეს თითოეულ თქვენგანს შეუძლია გადაამოწმოს. სიტუაცია სრულიად კონტროლდება და ძალიან ეფექტურად მუშაობს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური, ისევე როგორც სხვა უწყებები. მეტიც, მე ვიტყოდი, რომ ყველა ღონისძიება გატარდა, მათ შორის პრევენციული, რომ პანკისში მცირედი გართულებაც კი არ იყოს. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ ჩვენი რამდენიმე მოქალაქე წასულია სირიაში. ზოგიერთი მათგანი რამდენიმე წლის წინ წავიდა, ზოგიერთი 2012 წლამდეც. ჩვენ შევიმუშავეთ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც, თუკი ისინი დაბრუნდებიან, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში იქნებიან მიცემულნი. სწორედ ამ ვითარებიდან გამომდინარე, ჩემთვის გაუგებარია, რაში სჭირდებოდა ლავროვს ასეთი განცხადების გაკეთება", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ სერგეი ლავროვის არგუმენტები არალოგიკური იყო. "მის მიერ მოყვანილი არგუმენტები არათანხვედრადია. ერთი მხრივ, მან თქვა - სავიზო რეჟიმი იმიტომ გავართულეთ, რომ გარკვეული რისკები იყოო, თუმცა ბოლო პერიოდში რუსეთი საუბრობს სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე. ასე, რომ ეს ყველაფერი არალოგიკური და არათანხვედრია ერთმანეთთან, ამიტომ, მე ვფიქრობ, მისი ეს განცხადება მოკლებული იყო რეალობას", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
კითხვაზე, რა შემდგომ ნაბიჯებს შეიძლება ველოდოთ ამ განცხადების შემდეგ რუსეთის მხრიდან, სესიაშვილმა განაცხადა, რომ "ეს განცხადება განცხადებად დარჩება".
"მე ვერ ვხედავ საფუძველს, რომ რაიმე ტიპის სერიოზულ საფრთხეებს ველოდოთ. ვფიქრობ, ეს განცხადება განცხადებად დარჩება. არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ დადასტურდეს ის სიტუაცია, რაზეც ის საუბრობს. ჩვენი მმართველობის პირობებში ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რათა საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით მივუდგეთ მეზობელ ქვეყნებს", - განმარტა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები პანკისის ხეობას წვრთნებისთვის იყენებენ.
"პანკისის ხეობაში ტერორისტული საფრთხე არ გამქრალა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წევრები ამ ძნელად მისადგომ ტერიტორიას იყენებენ წვრთნებისთვის, დასვენებისთვის და მომარაგებისთვის", - განაცხადა ლავროვმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, სწორედ ხეობაში არსებული ვითარება იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გაამკაცრა.